რა ხდება ორგანიზმში შიმშილობისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ხდება ორგანიზმში შიმშილობისას

სადღეისოდ ორგანიზმში ნორმალურ პირობებში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესთა უზრუნველსაყოფად საჭირო სამი ძირითადი სუბსტრატია ცნობილი. ესენია: შაქარი, გლუკოზის სახით, ცხიმები, ცხიმოვანი მჟავების სახით, და ე.წ. კეტონური სხეულები. ზოგიერთი ორგანო თავისი ცხოველმყოფელობისთვის ამ სამივე სუბსტრატს (საწვავის სამივე სახეობას) იყენებს, თუმცა, მაგალითად, ნერვულ უჯრედებს მხოლოდ “გლუკოზაზე მუშაობა” შეუძლიათ. გლუკოზის ნაკლებობისას ნეირონები, ჩვეულებრივ, იღუპება. ამიტომაც სისხლში შაქრის გარკვეული დონე ყველა შესაძლო მექანიზმით, ყოველთვის შენარჩუნებულია. ჩვენი ორგანიზმი, უპირველესად, ზრუნავს იმაზე, რომ სისხლში გლუკოზის შემცველობა არ დაქვეითდეს იმ დონემდე, რომელსაც ექიმები ჰიპოგლიკემიურ მდგომარეობას უწოდებენ (ჰიპოგლიკემია, სიტყვასიტყვით, სწორედ სისხლში გლუკოზის დაბალ შემცველობას ნიშნავს), რადგან ეს მდგომარეობა შესაძლოა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდეს.

ნებისმიერი სახის საკვების არარსებობისას სისხლში შაქრის დონე მკვეთრად ეცემა. შაქრის შემცველობა მკვეთრად შეიძლება დავაქვეითოთ, მაგალითად, კუნთში ინსულინის ინექციით. თუ ინსულინს გადაჭარბებული დოზით შევიყვანთ, გლუკოზის შემცველობა სისხლში შესაძლოა იმ დონემდე დაეცეს, რომ ადამიანი ჰიპოგლიკემიურ კომაში (სიკვდილისწინა მდგომარეობა) ჩავარდეს. ამ დროს ძირითად საკვებს (გლუკოზას) მოკლებული ნეირონები იღუპებიან. ჩვენი ორგანიზმი იმგვარადაა მოწყობილი, რომ სისხლში შაქრის დონის ასამაღლებელი მექანიზმები ყოველთვის მობილიზებულია. ყველაზე პირველი და მარტივი მეთოდი სისხლში შაქრის დონის ასაწევად გამძაფრებული მადის დაკმაყოფილებაა. რეალურად მადის აღძვრა მაშინ ხდება, როდესაც სისხლში შაქრის დონე ქვეითდება. თუ ადამიანი რაიმე მიზეზით საკვებს ვერ იღებს, სისხლში გლუკოზის სათანადო კონცენტრაციის შესანარჩუნებლად გლიკოგენი იშლება (გლიკოგენოლიზი). ეს პროცესი გძელდება მანამ, ვიდრე ღვიძლსა და კუნთებში გლიკოგენის მარაგი ამოიწურება. ეს დაახლოებით ერთი დღე-ღამის შემდეგ იწყება. საყურადღებოა, რომ ე.წ. იძულებითი თუ მოხალისეთა შიმშილობა, გამიზნული ჯანმრთელობის განსამტკიცებლად, ორგანიზმის ცალკეულ პროცესთა საწრთობად, საკვების აკრძალვას სწორედ დღე-ღამეზე მეტხანს გულისხმობს. ასეთ სიტუაციაში ორგანიზმი იწყებს გლუკოზის წარმოებას არანახშირწყლოვანი კომპონენტებისაგან. ირთვება პროცესი, რომელსაც გლუკონეოგენეზი (გლუკოზის ახლად წარმოქმნა) ეწოდება. ეს, ფაქტობრივად, სისხლში გლუკოზის დონის აწევა-შენარჩუნებისთვის გამიზნული მესამე და საბოლოო მეთოდია. აღნიშნული პროცესი ირთვება და კონტროლდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ჰორმონების - გლუკოკორტიკოიდების მიერ. თანამედროვე მეცნიერული კვლევების თანახმად, ადამიანის ორგანიზმში გლუკონეოგენეზისათვის გამოიყენება, სულ მცირე, სამი სახის ნედლეული:

  • საკუთრივ გლუკოზის არასრული წვის პროდუქტები (მაგალითად, ლაქტატი, სპორტსმენთა რძის მჟავად ცნობილი), რომელთაგან კვლავ შეიძლება გლუკოზის მიღება. თუმცა ხანგრძლივი შიმშილობისას ამ ნედლეულზე დაყრდნობა შეუძლებელია.
  • გლიცერინი, რომელიც შედის ცხიმების შემადგენლობაში. თუმცა ცხიმების დაშლისას გლიცერინი მცირე რაოდენობით გამოიყოფა, ძირითადი პროდუქტი, რომელიც ამ დროს მიიღება - ცხიმოვანი მჟავებია. მათგან კი გლუკოზის წარმოქმნა არ ხდება.
  • დაბოლოს, გლუკოზის წარმოებისათვის ნედლეულს წარმოადგენს ცილები. უფრო კონკრეტულად კი, ე.წ. ათი გლიკოგენური ამინმჟავასაგან შედგენილი ნაკრები (ეს ის ამინმჟავებია, რომელთაგანაც შეიძლება გლუკოზის მიღება). რეალურად სწორედ ამინმჟავებისაგან მიმდინარე გლუკონეოგენეზი უზრუნველყოფს გლუკოზის დონის შენარჩუნებას შიმშილობის დროს. საყურადღებოა, რომ ამ პროცესს საკმაოდ ბევრი არასასურველი შედეგი ახლავს თან, თუმცა ე.წ. “შიმშილობის პროპაგანდისტები”, რომლებიც შიმშილობის მხოლოდ სასარგებლო საკითხების პროპაგანდას ეწევიან და მას საოცრებად მიიჩნევენ, ამაზე რატომღაც დუმან.

უნდა აღინიშნოს ერთი საკითხიც. ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ შიმშილობა ხელს უწყობს ორგანიზმიდან დაგროვილი ტოქსინებისა და წიდების გამოყოფას. ეს არასწორი შეფასებაა. ჯერ ერთი, ორგანიზმი არასოდეს აგროვებს უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის მავნე პროდუქტს, ე.წ. წიდებს. ისინი წარმოქმნისთანავე გადადის სისხლში და ღვიძლისა და თირკმელების საშუალებით გამოიდევნება. ამით ხდება სწორედ ორგანიზმის შინაგანი გარემოს გასაოცარი მუდმივობის შენარჩუნება. ამ პროცესზე პასუხისმგებელი სისტემები კი მუდამ მობილიზებულნი არიან და რაც მთავარია, მათ სარეზერვო და გამძლეობის საოცარი მექანიზმები გააჩნიათ. მეორეც, ტოქსინები და წიდები, როგორც მანკიერი პროდუქტები, ინტენსიურად სწორედ შიმშილობის პროცესში წარმოიქმნება, რადგანაც ამ დროს ორგანიზმი გლუკოზის წარმოსაქმნელად მისთვის უჩვეულო მექანიზმებს რთავს და სხვა დამატებით პროცესებს იყენებს ქსოვილებიდან ყველა საჭირო მარაგის მობილიზებისათვის.

გახსოვდეთ, ორგანიზმი ნატიფი და ამავე დროს ურთულესი სისტემაა, თავისი სარეზერვო, კომპენსაციური თუ სხვა მექანიზმებით. ის ყოველთვის უმაღლეს დონეზე აკონტროლებს თავისი შინაგანი გარემოს მუდმივობას. ამის წყალობით კვებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დროსაც კი (როცა საჭირო საკვებ ნივთიერებათა მიღება არ ხდება) უჯრედთა ქიმიურ შემადგენლობაში არსებითი ცვლილებები არ შეინიშნება. ამგვარად, შიმშილობა ორგანიზმის ტოქსინებისაგან გაწმენდის საშუალება არ გახლავთ. თანამედროვე შეხედულებებით, ის ორგანიზმის ზოგადგამაჯანსაღებელი მეთოდი უფროა, რადგანაც მიმართულია ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმების მობილიზაციისაკენ ზოგადი სტრესის ფონზე (საჭირო საკვებ ნივთიერებათა მიწოდების შეწყვეტა ხომ უდიდესი სტრესია მთელი ორგანიზმისათვის). ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა ორგანიზმს არ შეუძლია ასეთი სტრესის გაძლება. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ შიმშილობა ვნებაზე მეტად სარგებლობას მოგიტანთ, მაინც ნუ აჩქარდებით. გაიარეთ კონსულტაცია პირად ექიმთან, რომელიც მკურნალობს თქვენს ქრონიკულ პათოლოგიებს და რომელმაც იცის თქვენი ორგანიზმის თავისებურებები. ხოლო, თუ თქვენ სრულიად ჯანმრთელი ხართ, მიაკითხეთ რჩევისათვის პროფესიონალ დიეტოლოგს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ, შიმშილობის გარდა, სხვა უამრავი გამაჯანსაღებელი მეთოდიც არსებობს.