იშვიათი მინერალები და მათი მნიშვნელობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იშვიათი მინერალები და მათი მნიშვნელობა

1. სიმყარეს მატებს ჩონჩხს;

2. აერთებს ორგანულ სტრუქტურებს (ცილებსა და ლიპიდებს);

3. ააქტიურებს ფერმენტულ სისტემებს;

4. აკონტროლებს წყლის ბალანსს (ოსმოსი და გამოყოფა);

5. არეგულირებს მჟავატუტოვან ბალანსს;

6. აძლიერებს ნერვკუნთოვან გადაცემას;

7. ურთიერთქმედებს ჰორმონებთან, ვიტამინებსა და მეტაბოლიზმის სხვა რეგულატორებთან.

მინერალები ორგანიზმში განსაზღვრული თანაფარდობითაა, ამდენად, ერთის დეფიციტს ხშირად მეორის უკმარისობაც მოსდევს. მინერალები მიწიდან მცენარეების გავლით ხვდება ადამიანის ორგანიზმში. არადა, თანამედროვე ფერმერული მეურნეობები მხოლოდ ორ მინერალს - ფოსფორსა და კალიუმს უთმობენ ყურადღებას, ეს კი თანდათანობით მიწის მინერალებით გაღარიბებას იწვევს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ნიადაგი დღეს მთელ მსოფლიოში საკმაოდ გამოფიტულია. ფერმერულ პროდუქტებში 20%-ით ნაკლები მინერალებია, ვიდრე ასი წლის წინ იყო. ამის შედეგად მცენარეებში მინერალების რაოდენობამაც იკლო. თეთრი ფქვილი კარგავს 60% კალციუმს, 67,9% სპილენძს, 75,6% რკინას, 48% მოლიბდენს, 15,9% სელენს, 85,8% მაგნიუმს და სხვა. აშშ-ის მეცნიერები დიდი ხანია გამოთქვამენ შეშფოთებას ამ პროცესების გამო, ხოლო სოფლის მეურნეობის სამმართველო აცხადებს: “ნიადაგის ეროზიისა და დეგრადაციის შეჩერება ძალიან ძვირი ეღირება”. საკვებში მინერალების რაოდენობის შემცირებას სურსათის რაფინირებაც უწყობს ხელს, არადა, მინერალების გარეშე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. ქვემოთ გაგაცნობთ იმ მინერალებს, რომლებიც, მართალია, მცირე რაოდენობითაა ორგანიზმში, მაგრამ უდიდეს პროცესებზეა პასუხისმგებელი.

მაგნიუმი

ზრდასრული ჯანმრთელი ადამიანისთვის სადღეღამისო ნორმა 400 მილიგრამია. მაგნიუმი მონაწილეობს ფოსფორის ცვლაში და სისხლის წნევის დაწევას უწყობს ხელს. მენოპაუზის დროს ის მინიმუმამდე ამცირებს კლიმაქსის უარყოფითი სიმპტომების გამოვლენას. მაგნიუმი ორგანიზმში უნდა იყოს კალციუმთან ერთად 1:0,7 (კალციუმი:მაგნიუმი) თანაფარდობით. მაგნიუმის უკმარისობის ნიშნებია: ნერვული და კუნთოვანი იმპულსების გადაცემის გაუარესება - იწვევს გაღიზიანებას და ნევროზულ მდგომარეობებს, დროსა და სივრცეში დეზორიენტაციას, უძილობას, საკვების მონელების დარღვევას, გულისცემის გახშირებას, მრისხანების შეტევებს. ის შესაძლოა გულის სასიკვდილო არითმიის, ჰიპერტენზიის, გულის უეცარი გაჩერების, ასთმის, დეპრესიის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის, უძილობის, მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომისა და ფილტვის დაავადებების მთავარი მიზეზიც იყოს. მაგნიუმის მიღება რეკომენდებულია: ჰიპერტონიული დაავადების, სიმპტომური ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების, დეპრესიის, თავბრუხვევის, კუნთების სისუსტისა და კრუნჩხვითი შეკუმშვების დროს.

თუთია

სადღეღამისო ნორმაა 15 მგ. სადღეისოდ დადგენილია, რომ თუთია მონაწილეობს იმუნიტეტის ფორმირებასა და მამაკაცის სასქესო ჯირკვლების ფუნქციის შენარჩუნებაში. შედის იმ ფერმენტების შემადგენლობაშიც, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას უზრუნველყოფს. მის ხანგრძლივ დეფიციტს შესაძლოა მოჰყვეს: უშვილობა, სქესობრივი აქტიურობის დაკარგვა (სექსუალური ინფანტილიზმი), იმუნიტეტის დაქვეითება, კანის დაავადებები, ანემიის განვითარება. თუთიის დეფიციტი ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას, არღვევს თმისა და ფრჩხილების ზრდის პროცესს. ფრჩხილებზე თეთრი ლაქების გაჩენა ხშირად სწორედ თუთიის დეფიციტზე მიგვანიშნებს. თუთიის უკმარისობის ნიშნებია: გემოსა და სუნის აღქმის დაკარგვა, ფრჩხილების სიმყიფე და აქერცვლა, გამონაყარი სახეზე, სქესობრივი მომწიფების შეკავება, დაღლილობა, ზრდის შენელება, თმის ცვენა, ქოლესტერინის დონის მომატება, ღამის მხედველობის დაქვეითება, უშვილობა, იმპოტენცია, წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, მეხსიერების დასუსტება, ჭრილობების შეხორცების გაჭიანურება და სხვა.

სპილენძი

სადღეღამისო ნორმაა 30 მკგ/კგ მოზრდილთათვის, 80 მკგ/კგ - ადრეული ასაკის ბავშვებისთვის და 40 მკგ/კგ - უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. სპილენძი მონაწილეობს სისხლის წარმოქმნასა და ნივთიერებათა ცვლის მრავალ რეაქციაში, რადგან არაერთი ფერმენტის შემადგენლობაში შედის. მასზე მოთხოვნა იზრდება ანთებითი და სახსრების დაავადებების დროს. სპილენძს, თუთიასა და რკინას ერთმანეთის მიმართ სინერგიული მოქმედება აქვს. ამის გათვალისწინება აუცილებელია - რომელიმე მათგანის დეფიციტის შემთხვევაში რაციონში უნდა შევიტანოთ დანარჩენი ორის წყაროც. სპილენძის უკმარისობის ერთ-ერთი ადრეული ნიშანია ოსტეოპოროზი. სპილენძი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოლაგენის - ერთ-ერთი იმ ძირითადი ცილის წარმოქმნაში, რომელიც აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის, კანისა და შემაერთებელი ქსოვილის ზრდისთვის. ამ მინერალის უკმარისობის ნიშნებია აგრეთვე ანემია, თმის ცვენა, დიარეა, საერთო სისუსტე, სუნთქვითი ფუნქციის დაქვეითება, კანის წყლულები, გულის კუნთის ატროფია, დაბალი ჰემოგლობინი და ერითროციტების ნაკლებობა.

მანგანუმი

ზრდასრული ჯანმრთელი ადამიანის სადღეღამისო ნორმა 2-3 მგ-ია. საკვებთან ერთად ორგანიზმში 5-10 მგ უნდა ხვდებოდეს. ისევე როგორც სხვა მიკროელემენტები, მანგანუმიც მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში. მას განსაკუთრებული როლი აკისრია სასქესო ჯირკვლების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და ნერვული სისტემის ფუნქციათა რეალიზაციაში. მიჩნეულია, რომ მანგანუმი პროფილაქტიკურად მოქმედებს და თავიდან გვაცილებს დიაბეტს, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლის დარღვევას. ასაკთან ერთად მანგანუმის ათვისება ქვეითდება, ამიტომ 50 წლის შემდეგ შესაძლოა მისმა დეფიციტმა იჩინოს თავი. მანგანუმის უკმარისობის ნიშნებია: ქოლესტერინის მომატება, ათეროსკლეროზის განვითარება, ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და პანკრეასის ფუნქციის მოშლა, სივრცეში ორიენტაციის გაუარესება, გაღიზიანება, მეხსიერების დაქვეითება, ტრემორი, ოფლის ინტენსიური გამოყოფა, კბილის მინანქრის გათხელება, სარძევე ჯირკვლის დაავადებები.

მოლიბდენი

სადღეღამისო ნორმა დაახლოებით 150 მკგ-ია. შედის ზოგიერთი იმ ფერმენტის შემადგენლობაში, რომლებიც ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცესში მონაწილეობს. ხელს უწყობს ორგანიზმში ფთორის შეკავებას, რითაც თავიდან გვაცილებს კარიესს და ღვიძლში რკინის მეტაბოლიზმს. მოლიბდენის მნიშვნელოვან ფუნქციად მიიჩნევა პურინების დაშლის დაჩქარება და ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფა, რაც პოდაგრის განვითარების პროფილაქტიკაა. თუმცა ორგანიზმში მოლიბდენის სიჭარბეს შესაძლოა “მოლიბდენური პოდაგრის” განვითარება მოჰყვეს და ეს უნდა გავითვალისწინოთ ისეთი პრეპარატების მიღების დროს, რომლებიც ამ მინერალს შეიცავს. მისი დღიური ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს რეკომენდებულ დოზას. მოლიბდენის დეფიციტი მეტად იშვიათია, მაგრამ მისი განვითარების შემთხვევაში შესაძლოა მეტად უსიამოვნო შედეგები მივიღოთ. მოლიბდენის უკმარისობის დროს შეინიშნება სივრცეში დეზორიენტაცია, გონებრივი ჩამორჩენილობა, თავის ტვინის მანკები, ქათმის სიბრმავე, მგრძნობელობის ნაწილობრივი დაკარგვა და თვალის ბროლის პათოლოგიები. თირკმელებში ჩნდება ქვები, ბინძურდება უჯრედები, უარესდება სისხლის შემადგენლობა, იკლებს წონა, კანი და კუნთები დუნდება და ჩამოეკიდება, ჩნდება სისხლჩაქცევები და ქვეითდება იმუნიტეტი.

კობალტი

დღიური ნორმა დაახლოებით 8 მკგ-ია. შედის B12 ვიტამინის შემადგენლობაში და მონაწილეობს ცხიმმჟავებისა და ნახშირწყლების ცვლაში, ფოლიუმის მჟავას ფუნქციათა რეალიზებაში. მისი ძირითადი ბიოლოგიური მოქმედება ჰემოგლობინის სინთეზში დახმარებაა. კობალტის უკმარისობის ნიშნები: მადის დაქვეითება, ანემია, უძილობა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თუ ორგანიზმში არ არის კობალტი, არც B12 ვიტამინია. კობალტის უკმარისობა ვითარდება გასტრიტის, ენტეროკოლიტის და ზოგიერთი ჰელმინთოზის დროს. ვეგეტარიანული დიეტის მიმდევარ ქალებთან კობალტის ნაკლებობისას ხშირად შეინიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ზურგის ტვინში ვითარდება დეგენარაციული ცვლილებები, ხდება კანის პიგმენტაცია.

ქრომი

მოზრდილი ადამიანისთვის ქრომის საორიენტაციო ნორმა 100-200 მკგ-ია. ადამიანის ორგანიზმში ბიოლოგიურ აქტიურობას ავლენს მხოლოდ სამვალენტიანი ქრომი. მასზეა დამოკიდებული სისხლში შაქრის დონის შენარჩუნება, ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა. ის აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აფრიკელებს ორგანიზმში ევროპელებზე ორჯერ მეტი ქრომი აქვთ, ახლო აღმოსავლეთის მცხოვრებლებს - დაახლოებით 4,5-ჯერ მეტი, ხოლო აზიელებს - ხუთჯერ მეტი. ამ გარემოებას მიიჩნევენ ერთ-ერთ მიზეზად, რომ ზემოთ ჩამოთვლილ რეგიონებში დეგენერაციული დაავადებები უფრო იშვიათია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში. ქრომის უკმარისობის ნიშნებია: შფოთვის შეგრძნება, დაღლილობა, გლუკოზის აუტანლობა, ამინმჟავების არასრულფასოვანი მეტაბოლიზმი, ათეროსკლეროზის განვითარების მომატებული რისკი.

ბორი

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 20 მგ ბორია. მისი სადღეღამისო ნორმა დაახლოებით 1 მგ-ს უდრის. ბორის საერთო რაოდენობის დაახლოებით ნახევარი ძვლებშია თავმოყრილი, თუმცა ის გამოვლენილია ღვიძლში, თირკმელებში, ფილტვებში, ელენთაში, კუნთებში, ნერვულ ქსოვილსა და თავის ტვინში, სისხლსა და ცხიმოვან უჯრედისშიც. ბორი აუმჯობესებს ძვლოვანი ჩონჩხის სტრუქტურას, კალციუმის, ფოსფორის, ფტორის, თუთიისა და მაგნიუმის ცვლას და გავლენას ახდენს ორგანიზმში D ვიტამინის წარმოქმნის პროცესზე. ბორის უკმარისობის ნიშნებია: გონებრივი აქტიურობის დაქვეითება, ოსტეოპოროზი, ანემია, ბავშვებში - ზრდის შენელება. ხანდაზმულ ასაკში ბორის უკმარისობისას კალციუმის აბსორბციის სერიოზული დარღვევა შეინიშნება. კლიმაქსის მომდევნო პერიოდში ბორის უკმარისობა მინერალური ცვლისა და ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს.