როგორ მივიღოთ ვიტამინები
გახსოვდეთ, ახალი სურსათის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე მათი ხელოვნური ანალოგები. ამასთან, სურსთის სასარგებლო კომპონენტებს ორგანიზმი ხელოვნურ დანამატებზე გაცილებით იოლად ითვისებს.
A ვიტამინი (რეტინოლი) ცხიმში ხსნადი ვიტამინია. მისი ძირითადი წყაროა ცხოველური წარმოშობის პროდუქტები. წითელ პროდუქტებში A ვიტამინი გაცილებით მეტია, ვიდრე ყვითელ პროდუქტებსა და მწვანილში.
B ჯგუფის ვიტამინები უზრუნველყოფენ ნერვული სისტემის ოპტიმალურ ფუნქციობას, ერთობლივად აგებენ პასუხს ენერგეტიკულ ცვლაზე, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციობაზე, ზრდის პროცესებსა და უჯრედთა გამრავლებაზე. აუცილებელია B ჯგუფის ვიტამინების მარაგის მუდმივი შევსება. B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა ბევრს აქვს, რადგან ეს ნივთიერებები იშლება კოფეინის, ალკოჰოლის, ნიკოტინის, რაფინირებული შაქრის გავლენით. B ვიტამინის დეფიციტი ემუქრება მას, ვინც ცხოვრების არაჯანსაღ წესს მისდევს, აქვს მავნე ჩვევები და არასწორად იკვებება. B ჯგუფის ვიტამინები ყველაზე მეტია საფუარში, ხაჭოში, ყველში, რძეში, გაღივებულ მარცვლებში, პარკოსნებში, ღვიძლში. მისი წყაროა აგრეთვე მწვანე ბოსტნეული, სტაფილო, ნესვი, გოგრა, მიწის თხილი (არაქისი), თევზი, კვერცხი.
C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) - წყალში ხსნადი ვიტამინია. ორგანიზმი მას ვერ გამოიმუშავებს და ვერც მის მარაგს აგროვებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურ საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი პროდუქტების ჩართვა.C ვიტამინი მნიშვნელოვანი რაოდენობით არის მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში, ციტრუსებში, ბოსტნეულში, განსაკუთრებით - ფოთლოვანში. მას შეიცავს ნესვი, თეთრი და ყვავილოვანი კომბოსტო, შავი მოცხარი, ბულგარული წიწაკა, მარწყვი, პომიდორი, ვაშლი, გარგარი, ატამი, ქაცვი, ასკილი, ცირცელი, ქერქიანად მოხარშული კარტოფილი. ასკორბინის მჟავა საკმაო რაოდენობით არის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებშიც, მაგალითად, ღვიძლსა და თირკმელებში.
D ვიტამინი - ამ ჯგუფის ყველა ვიტამინი არეგულირებს ორგანიზმში ფოსფორისა და კალციუმის დონეს.D ვიტამინი ორგანიზმში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება. მზეზე პერიოდულად ყოფნისას ადამიანი საკმაო რაოდენობის D ვიტამინს იღებს. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან D ვიტამინი გვხვდება თევზის ქონში, კვერცხის გულში, ხიზილალაში, რძის ნაწარმში, ყველსა და კარაქში, D ვიტამინით მდიდარი მცენარეული წარმოშობის პროდუქტებიდან კი აღსანიშნავია სოკო, ჭინჭარი, ოხრახუში, იონჯა, შვიტა. ორგანიზმს უნარი შესწევს, D ჯგუფის ვიტამინები დააგროვოს, მათი ჭარბი რაოდენობა ორგანიზმიდან არ გამოიდევნება, ამიტომ ამ ნივთიერებებით მოწამვლა შესაძლებელია. ექიმის დანიშნულების გარეშე D ვიტამინის პრეპარატების მიღება რეკომენდებული არ არის. უმჯობესია რაციონის კორექტირება და D ვიტამინის ყოველდღიური ნორმის ამ გზით მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჰიპერვიტამინოზს შევეჯახოთ.
E ვიტამინი (ტოკოფეროლი) ცხიმში ხსნადი ვიტამინია. მისი ძირითადი წყაროა გაღივებული ხორბალი და მისი ცხიმი, ნიგოზი, მზესუმზირას, სიმინდის, სოიის, არაქისისა და შირბახტის ზეთები. ბევრი ტოკოფეროლია აგრეთვე ღვიძლში, ორაგულში, კვერცხის გულში, სტაფილოში, ისპანახსა და შვრიაში. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ E ვიტამინის ნორმალური ათვისებისთვის აუცილებელია სელენი და თუთია. ნამცხვრები და ტკბილეული აფერხებს ტოკოფეროლის შეწოვას. ვითარდება თუ არა ტოკოფეროლის ჰიპერვიტამინოზი? E ვიტამინი საკმაოდ არატოქსიკურია. მისი დიდი დოზების ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს გულისრევა, დიარეა (ფაღარათი), მეტეორიზმი, მოიმატოს არტერიულმა წნევამ.
F ვიტამინი (პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები) - ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელსაც საკვებიდან ვიღებთ. F ვიტამინის ძირითადი წყაროა ზეითუნის, სელის, კანაფისა და ყაყაჩოს ზეთები, თევზის ქონი, ზოგიერთი მცენარის თესლი, ხმელი ხილი, მიწის თხილი, სოია, ნუში, ავოკადო. F ვიტამინის დაცვისა და მისი მოქმედების გასაძლიერებლად ის ანტიოქსიდანტებთან, B6 ვიტამინსა და თუთიასთან ერთად უნდა მიიღოთ. თავად F ვიტამინი აძლიერებს A, B, D, E ვიტამინების მოქმედებას. ნახშირწყლების ჭარბი მიღება ხელს უშლის F ვიტამინის ათვისებას.
K ვიტამინი ცხიმში ხსნადია. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან K ვიტამინის წყაროა კვერცხი და ღორის ღვიძლი, ასევე - რძის ნაწარმი. ამ ვიტამინით გაცილებით მდიდარია მცენარეული პროდუქტები, კერძოდ - ისპანახი, სალათის ფურცლები, მწვანე ჩაი, ღორის ქადა (მცენარეა), ჭინჭარი, მწვანეფოთლოვანი და ბრიუსელის კომბოსტო. K ვიტამინს შეიცავს აგრეთვე ზეითუნის ზეთი, ზოგიერთი ხილი (ბანანი, ავოკადო, კივი), ქატო, მარცვლოვნები. ალკოჰოლი, ანტიბიოტიკები, ბარბიტურატები, გაზიანი სასმელები და E ვიტამინის დიდი დოზები ხელს უშლის K ვიტამინის ათვისებას, ამცირებს მის დონეს ორგანიზმში.
P ვიტამინი (ბიოფლავონოიდები, რუტინი) წყალში ხსნადი ვიტამინია. ის მაქსიმალური რაოდენობით არის ციტრუსებში, თანაც უმეტესად ლებნებს შორის სივრცესა და თეთრ კანში. რუტინს დიდი რაოდენობით შეიცავს ხილი და კენკრა - შავი მოცხარი, მაყვალი, ჟოლო, ასკილი, ყურძენი, ცირცელი, ბალი და გარგარი, აგრეთვე - პომიდორი, კომბოსტო, ოხრახუში და წიწიბურა. სასმელებიდან P ვიტამინის წყაროა ლუდი, ღვინო, ჩაი, ყავა, ასევე ცირცელისა და მოცვის გამონაწვლილი (ექსტრაქტი).
N ვიტამინი გვხვდება როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში. ადამიანისთვის მისი უნიკალური წყაროა გული, თირკმელები და ღვიძლი. N ვიტამინს შეიცავს ისპანახი, სოკო, საფუარი და ზოგიერთი ბოსტნეული.
U ვიტამინი ვიტამინისმაგვარ ნივთიერებებს მიეკუთვნება, რადგან მისი შეუცვლელობა და აუცილებლობა ადამიანის ორგანიზმისთვის საბოლოოდ ჯერ კიდევ არ დაუდგენიათ. U ვიტამინი შეუცვლელია მხოლოდ თევზებისა და ზოგიერთი სახეობის ძუძუმწოვრისთვის. ადამიანის ორგანიზმში მისი მონაწილეობით მიმდინარე რეაქციებში ამ ვიტამინს ნაკლებობისას სხვა ნივთიერებები ჩაენაცვლება. U ვიტამინი პირველად კომბოსტოს წვენში აღმოაჩინეს გასული საუკუნის 40-50-იან წლებში. ადამიანის ორგანიზმში ის არ წარმოიქმნება. აითვისება უმთავრესად მცენარეული პროდუქტებიდან. მისი წყაროა თეთრთავა კომბოსტო, ჭარხალი, სატაცური, ოხრახუში, ნიახური, წიწაკა, პომიდორი, ბოლოკი, ხახვი, სტაფილო, ისპანახი, ბანანი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან - ახალი რძე, უმი კვერცხის გული, ღვიძლი.
Q ვიტამინი (კოფერმენტი Q, უბიქინონი) - ის გვხვდება მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სხვადასხვა პროდუქტში. მისი დეფიციტი, ჩვეულებრივ, იშვიათია. იხილეთ ვრცლად