რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
გულის გადანერგვა
გულის გადანერგვა

აწყობილი სისტემა საზღვარგარეთ და მოუგვარებელი პრობლემები საქართველოში

ცხოველის გული ადამიანს პირველად ჯეიმს ჰარდიმ გადაუნერგა 1964 წელს, მაგრამ მისმა პაციენტმა ოპერაციის შემდეგ სულ ორ საათს იცოცხლა... პირველი წარმატებული ტრანსპლანტაცია კი 1967 წლის 3 დეკემბერს განახორციელა ქრისტიან ბარნარდმა. ოპერაცია კეიპტაუნის ჰოსპიტალში ჩატარდა. ავტოკატასტროფაში დაღუპული 25 წლის დენიზი დარვალის გული 55 წლის ლუის ვაშკანსკის გადაუნერგეს.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდა, ვაშკანსკიმ სულ 18 დღე იცოცხლა და ორმხრივი პნევმონიით გარდაიცვალა. საბჭოთა კავშირში გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია ქირურგმა ვალერი შუმაკოვმა გააკეთა 1987 წლის 12 მარტს.

თანამედროვე ტრანსპლანტოლოგიაში გულის გადანერგვა რუტინული ოპერაციაა - პაციენტები 10 წელიწადზე მეტხანს ცოცხლობენ. მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის ტონი ჰიუზმანს, რომელმაც გადანერგილი გულით 30 წელიწადს იცოცხლა და კანის კიბოთი გარდაიცვალა. მთავარი პრობლემა პაციენტების იმუნური სისტემის მიერ გადანერგილი ორგანოს მოცილების რეაქციაა. მიუხედავად ამისა, ამერიკასა და ევროპის მოწინავე ქვეყნებში გულის
ტრანსპლანტაცია, ისევე როგორც სხვა ორგანოებისა, წარმატებით ხორციელდება. სისტემა უმაღლეს დონეზეა აწყობილი და დონორების სიმცირე რომ არა, გულის დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი გაცილებით ნაკლები იქნებოდა. რა თავისებურებები აქვს გულის გადანერგვას, რა პრინციპებს ეფუძნება ეს ურთულესი სისტემა საზღვარგარეთ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირურგიული სექციის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კარდიოქირურგი ზაზა კაციტაძე.


- ბატონო ზაზა, ჩემთვის ცნობილია, რომ საზღვარგარეთ მოღვაწეობისას არაერთხელ გქონიათ შეხება გულის ტრანსპლანტაციასთან, თავადაც მიგიღიათ მონაწილეობა ამ ურთულეს ოპერაციებში. რას გვეტყვით ამის და, საზოგადოდ, გულის ტრანსპლანტაციის შესახებ?
- გულის გადანერგვა რამდენიმე საფეხურს მოიცავს. ერთია ოპერაციის ტექნიკურად შემსრულებელი კარდიოქირურგი, მეორე კი ის პერსონალი, რომელიც მუდმივად აკონტროლებს, მართავს პაციენტის მდგომარეობას. ესენი არიან კარდიოლოგი, რეანიმატოლოგი, ანესთეზიოლოგი, შემდგომ კი იმუნოლოგი, რომელთა საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშაც იმყოფება პაციენტი. მუდმივად ტარდება ბიოფსიები, სხვა გამოკვლევები, აკვირდებიან, შეისწავლიან და აფასებენ პაციენტის მდგომარეობის დინამიკას. კონტროლდება ყველა ფიზიოლოგიური პარამეტრი, რათა არ მოხდეს ტრანსპლანტატის (გადანერგილი ორგანოს) მოცილება და მდგომარეობა ეტაპობრივად დასტაბილურდეს. ყოველივე ეს ძალიან კარგად არის მოწესრიგებული ამერიკასა და ევროპის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც გულის ტრანსპლანტაცია ტარდება. ამ ქვეყნებში სადაზღვევო კომპანიებმა და, საზოგადოდ, კარგად აწყობილმა სადაზღვევო სისტემამ ფაქტობრივად ყველა ადამიანის ბიოგრაფია და ჯანმრთელობის მდგომარეობა იცის. როდესაც გამოჩნდება პოტენციური დონორი, იწყება მის ოჯახთან მოლაპარაკება. ეს ყოველივე უფასოა, არავითარ ანაზღაურებაზე საუბარი არ არის. შვეიცარიაში, მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს სიცოცხლეშივე აქვს მართვის მოწმობის მსგავსი საბუთი, დამადასტურებელი იმისა, რომ ის არის პოტენციური დონორი, ანუ თუ უბედური შემთხვევის გამო ან სხვა მიზეზით გარდაიცვალა, თანახმაა, რომ მისი ესა თუ ის ორგანო გამოყენებულ იქნეს სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. ასეთი პირისგან ორგანოს აღება ტრანსპლანტაციისთვის იმთავითვე ნებადართულია, თუმცა, როგორც წესი, მაინც ეკითხებიან ოჯახის წევრებს. ამისთვის არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც ამაზე მუშაობს და ყველა საკითხს აწესრიგებს. ეს ორგანოთა ტრანსპლანტაციის რთული სისტემის დამოუკიდებელი რგოლია, რომელიც თავის საქმეს ექიმებისა და კლინიკებისგან დამოუკიდებლად ასრულებს. კოორდინატორები არავის ემორჩილებიან, მათ თავიანთი ფუნქცია აქვთ. ორგანოს აღების შემდეგ თავადაც არ იციან, სად წავა ეს ორგანო, რომელ პაციენტს მოხმარდება. როგორც ვიცი, შვეიცარია ევროტრანსპლანტის წევრი არ არის, მას საკუთარი ბანკი აქვს.


- კიდევ რომელ ქვეყნებში ტარდება გულის ტრანსპლანტაცია და სად არის ასე კარგად აწყობილი ეს სიტემა?
- ევროპაში - ყველგან. ავსტრიაში, მაგალითად, კანონი ექიმს უფლებას აძლევს, პოტენციური დონორის გარდაცვალების შემთხვევაში არც კი ჰკითხოს ოჯახს, ისე აიღოს ორგანო, თუმცა, როგორც წესი, ოჯახის წევრებს ნებართვას მაინც სთხოვენ. უარს, ჩვეულებრივ, არავინ ამბობს. გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც პაციენტს სიცოცხლეშივე აქვს ნაანდერძევი, გარდაცვალების შემდეგ ხელი არ ახლონ. ავსტრიაში პირიქითაა. ასეთ შემთხვევაში კოორდინატორი შედის მონაცემთა ბაზაში, ამოწმებს, აქვს თუ არა გარდაცვლილს დატოვებული ასეთი ანდერძი. თუ არა - იწყება გარდაცვლილის ახლობლებთან მოლაპარაკება. კოორდინატორთა სამსახური, სხვა რგოლების მსგავსად, მაღალი დონის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. მოგეხსენებათ, ორგანოების აღებას, დამუშავებას, კონსერვირებას, ტრანსპორტირებისთვის მომზადებას თავისი სპეციფიკა აქვს. თუ ადამიანი არითმიით ან გულის სხვა პათოლოგიით იყო დაავადებული, მის გულს ტრანსპლანტაციისთვის არ იღებენ. სამაგიეროდ, იყენებენ სხვა, ჯანმრთელ ორგანოებს - თირკმელს, ღვიძლს... კოორდინატორის მიერ აღებულ ორგანოს შესაბამისი სამსახური სათანადო კლინიკაში გზავნის, სადაც ის სჭირდებათ. როგორც უკვე მოგახსენეთ, კოორდინატორმა არ იცის, სად, რომელ კლინიკაში გადაიგზავნა ორგანო. ყოველივე ამას ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი რგოლები ახორციელებენ, რათა პროცედურა მაქსიმალურად იყოს დაზღვეული გართულებისგან. არც კლინიკის ექიმმა და არც რეციპიენტმა (ვისაც უნერგავენ ორგანოს) არ იციან, ვინ არის დონორი. არც აქვთ ამის გაგების უფლება. პირდაპირი კავშირი არ აქვთ არც რეციპიენტის ოჯახის წევრებსა და დონორის ახლობლებს. რეციპიენტის ახლობლები და თავად პაციენტებიც ხშირად წერენ სამადლობელ წერილებს, გამოხატავენ მადლიერებას დონორისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ იმ ჰუმანური ნაბიჯისათვის, რომლის წყალობითაც ისინი სიკვდილს გადაურჩნენ, მაგრამ ამ დოკუმენტებს ადრესატს შესაბამისი სამსახური ანონიმურობის დაცვით აწვდის. არც დონორის ახლობლებმა იციან, ვის გადაენერგა მათი ახლობლის ორგანო. როგორც ხედავთ, ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული მთელი ეს სისტემა ძალზე დახვეწილია. გარდა ცალკეული ფსიქოლოგიური ასპექტებისა, გათვალისწინებულია უსაფრთხოების სხვა ელემენტებიც.


- როდესაც ორგანოთა გადანერგვაზეა საუბარი, უნებლიეთ ასეთი ეჭვიც იბადება: ხომ არ არსებობს ორგანოთა შავი ბაზარი, განზრახ ხომ არ ხდება პაციენტების მოკვდინება ორგანოთა მოპოვების მიზნით? რას გვეტყვით ამის თაობაზე?
- ამერიკასა და ევროპაში, სადაც ორგანოთა ტრანსპლანტაცია წარმოებს, ყველაფერი ოფიციალურ დონეზეა მოწესრიგებული. შესაბამისად, იქ შავი ბაზრის არსებობა ძნელი წარმოსადგენია. იქ პაციენტებიც და მათი პატრონებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ექიმი ყველაფერს აკეთებს ავადმყოფის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად. უნდობლობა იქ არ არსებობს. ეჭვიც კი, რომ ექიმმა შესაძლოა ვიღაც განზრახ მოკლას ამა თუ იმ ორგანოს ამოღების მიზნით, გამორიცხულია. ჯერ ერთი, ევროპის ქვეყნებში ტრანსპლანტაციისათვის განკუთვნილი ყველა ორგანო საფუძვლიანად არის შესწავლილი, აღწერილი, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული. ასე მარტივი არ არის შავ ბაზარზე ორგანოს ყიდვა, მით უმეტეს, გაყიდვა. ასეთი რამ ცივილიზებულ ქვეყნებში არ ხდება. ეს დანაშაულებრივი მანკიერებანი შესაძლოა რაღაც მექანიზმებით განვითარებად ქვეყნებში - აფრიკაში, შუა აზიაში, ინდოჩინეთში არსებობდეს. ევროპის მოწინავე ქვეყნებთან მათ კავშირი არ აქვთ. ევროტრანსპლანტის წევრ ქვეყნებს არც სჭირდებათ ეს. მათ მუდმივი კონტაქტი აქვთ და შესაბამის ვითარებაში აწვდიან კიდეც ერთმანეთს ორგანოებს. ეს მექანიზმიც საოცრად კარგად არის მოწესრიგებული. როდესაც ჩნდება პოტენციური დონორი და ანალიზდება აღებული ორგანოს ყველა მონაცემი, ცხადია, ნებისმიერი ქვეყანა ჯერ თავის მოქალაქეებზე ზრუნავს, ცდილობს, უპირველეს ყოვლისა, ისინი დააკმაყოფილოს. თუ მოხდა ისე, რომ ორგანო იმ ქვეყნის მოქალაქე არც ერთ პაციენტს არ გამოადგა, ამ შემთხვევაში ის იგზავნება ევროტრანსპლანტის წევრ სხვა ქვეყანაში, სადაც არის მასზე მოთხოვნილება ანუ სადაც არსებობს შესაბამისი პაციენტი, ვისაც ორგანო გადაენერგება. შვეიცარიას კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, საკუთარი ბანკი აქვს.



კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ცნობილია, რომ ლეონარდო და ვინჩიმ თავის დროზე გვამების გაკვეთის ნებართვა მიიღო და ადამიანის ცალკეულ
საქართველოში, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში შესაძლოა, გულის იმპლანტაციის პროცედურა
2009 წელს, როდესაც ჩვენს ჟურნალში კარდიოქირურგ ზაზა კაციტაძის პორტრეტი დაიბეჭდა, მაშინ
კორონაროპლასტიკა სადღეისოდ სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ
დიუკის უნივერსიტეტის სპეციალსტებმა, მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ განვითარებული
20, 21, 22 და 24 ნოემბერს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იტალიის ბამბინო ჯეზუს
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის