შუნტირება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შუნტირება

ნაკლები მოცულობის სისხლის მიწოდებისას ადამიანს ეწყება ტკივილი, ჯერ დატვირთვისას, შემდეგ კი დაავადების პროგრესირებისას - მოსვენების დროსაც.

ტკივილს გულმკერდის არეში - სტენოკარდიას - ახლავს შემაწუხებელი შეგრძნება. ტკივილი შეიძლება გადაეცემოდეს მარცხენა მხარში, ერთ ან ორივე ხელში, კისრისა და ყბის მიდამოში, კბილებზე. ამ დროს ადამიანს უძნელდება სუნთქვა, განიცდის შიშს, შეტევის დამთავრებამდე შეშდება (მოძრაობას წყვეტს). ხშირად ტკივილი შეიძლება ატიპური იყოს, მომატებული წნევისა და გულმკერდში გაურკვეველი დისკომფორტის შეგრძნებით.

ამ დაავადების ერთ-ერთი სახიფათო გამოსავალი გულის კუნთის ნაწილის სიკვდილია, რასაც ექიმები მიოკარდიუმის ინფარქტს უწოდებენ.

კორონარული არტერიების შუნტირების ოპერაცია და მისი მიზანი

შუნტირება - ეს არის ოპერაცია, რომლის დროსაც იღებენ ვენის გარკვეული სიგრძის უბანს და მას აორტას აკერებენ. ვენის მეორე ბოლო კი არტერიის ტოტის იმ ნაწილს უერთდება, რომელიც შევიწროებული ნაწილის ქვემოთაა. ამგვარად იქმნება არტერიის შევიწროებული ადგილის შემოვლითი გზა, რომლის გავლითაც სისხლი გულის კუნთს ნორმალურად მიეწოდება. ბოლო დროს შუნტირებისთვის ვენის გარდა სულ უფრო ხშირად იყენებენ არტერიას (ხელიდან ამოკვეთილს), რომელიც ვენასთან შედარებით უფრო ხანგრძლივად და სრულფასოვნად მუშაობს.

შუნტირების მიზანია გულის კუნთში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. ქირურგი “ხსნის” სტენოკარდიის ძირითად მიზეზს და ქმნის სისხლის მიმოქცევის ახალ კალაპოტს, რომელიც, დაზიანებული სისხლძარღვის არსებობის მიუხედავად, უზრუნველყოფს გულის კუნთის სრულფასოვან სისხლმომარაგებას. ამ ყველაფერის შემდეგ: 1. სტენოკარდიის შეტევები ან საერთოდ ქრება, ან მათი სიხშირე მკვეთრად კლებულობს; 2. მნიშვნელოვნად ქვეითდება მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი; 3. მცირდება სიკვდილიანობა; 4. იმატებს სიცოცხლის ხანგრძლივობა.

ზემოთ ჩამოთვლილის გამო, რა თქმა უნდა, შესამჩნევად უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი - იზრდება უსაფრთხო ფიზიკური დატვირთვების მოცულობა, აღდგება შრომისუნარიანობა, მისაწვდომი ხდება ჯანმრთელი ადამიანის ცხოვრება.

ჰოსპიტალიზაცია

ოპერაციის წინ აუცილებელი გამოკვლევების ნაწილი შეიძლება ამბულატორიულად ჩატარდეს, ნაწილი - მხოლოდ კლინიკის პირობებში. ჩვეულებრივ, პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ოპერადიამდე 2-5 დღით ადრე ხდება. სტაციონარში არა მარტო კვლევები ტარდება, არამედ იწყება მზადება ოპერაციისთვის, ავადმყოფი სწავლობს სპეციალური ღრმა სუნთქვის მეთოდიკას, ამოხველებას - რაც ოპერაციის შემდეგ ეხმარება მას. იგი ეცნობა ქირურგს, კარდიოლოგს, ანესთეზიოლოგს, რომლებიც იზრუნებენ მასზე ოპერაციის დროს და მის შემდეგ.

მღელვარება და შიში

ეს ნორმალური რეაქციებია საოპერაციო ადამიანისთვის. აუცილებელია ექიმებთან გასაუბრება და პაციენტისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება. გადაჭარბებულ მღელვარებას კი ექიმები თავად მიხედავენ მედიკამენტების დახმარებით.

ოპერაციის წინა და ოპერაციის დღე

ამ დღეს ავადმყოფი კიდევ ერთხელ ხვდება ქირურგს ოპერაციის დეტალების გასარკვევად. გარდა ამისა, პაციენტს კიდევ ერთხელ გამოიკვლევს ანესთეზიოლოგი, რომელთანაც ნარკოზის საკითხების გარკვევაც შეიძლება. საღამოს და დილით ექთანი ჩაატარებს მოსამზადებელ პროცედურებს, რომლებიც გამწმენდი ოყნის გაკეთებასაც ითვალისწინებს.

ოპერაციის დღეს ექთანს დროებით შესანახად უნდა ჩააბაროთ სათვალე, მოსახსნელი კბილის პროთეზი, კონტაქტური ლინზები, საათი და სამკაულები. ოპერაციამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე კეთდება წამალი, რომელიც პაციენტს მიაძინებს. შემდეგ ის საოპერაციო განყოფილებაში აჰყავთ, სადაც ყველაფერი მზად არის საოპერაციოდ. კათეტერების შესაერთებლად პაციენტს ხელზე რამდენჯერმე ჩხვლეტენ, მას მეთვალყურეობის სისტემის სენსორებს დაადებენ. შემდეგ ავადმყოფი იძინებს.

ოპერაცია, ჩვეულებრივ, 3-6 საათს გრძელდება. კანონზომიერია, რომ რაც მეტ არტერიას ედება შუნტი, მით მეტი დროა საჭირო. თუმცა ოპერაციის ხანგრძლივობა მაინც დამოკიდებულია კონკრეტულ სირთულეზე, ანუ ავადმყოფის განსაკუთრებულობებზე. ამიტომ ოპერაციის ხანგრძლივობის ზუსტი განჭვრეტა ძალიან რთულია.

ტემპერატურის მომატება

ოპერაციის შემდეგ სხეულის ტემპერატურა ყველა პაციენტს ემატება - ეს სრულიად ნორმალური რეაქციაა. ზოგჯერ ტემპერატურის მატებასთან ერთად შეინიშნება ჭარბი ოფლიანობაც. როგორც წესი, ტემპერატურა ოპერაციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება იყოს მომატებული.

კლინიკიდან გამოწერა

ჩვეულებრივ, შუნტირების ოპერაციის შემდეგ ავადმყოფი კლინიკაში 14-16 დღეს ატარებს. საავადმყოფოში გატარებული დრო ყოველი ადამიანისთვის ინდივიდუალურია. საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება და ძალების აღდგენა ყოველდღიურად შესამჩნევი იქნება. გამოწერის შემდეგ ზოგიერთი პაციენტი აღელვებული და დაბნეულია, მათ საავადმყოფოს დატოვების ეშინიათ, რადგან იქ, გამოცდილი ექიმების მეთვალყურეობის გამო, უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს. აუცილებელია იმის ცოდნა, რომ არც ერთი ექიმი არ გაწერს ავადმყოფს ისე სახლში, თუ არ დარწმუნდება მდგომარეობის სტაბილურობასა და გამოჯანმრთელების პროცესის შინ წარმართვის შესაძლებლობაში. როგორც წესი, პაციენტი სახლში ნათესავებს მიჰყავთ. თუ მას ავტობუსით, მატარებლით ან თვითმფრინავით უწევს შინ დაბრუნება, ამის შესახებ აუცილებლად უნდა უთხრას ექიმს, რომელიც მას სრულფასოვან რეკომენდაციებს მისცემს.

დიეტა

აუცილებელია მარილის, შაქრისა და ცხიმების რაოდენობის შემცირება. თუ რაციონში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ შეიტანთ, დაავადების განახლების რისკი დარჩება - ახალჩანერგილ ვენა-შუნტებში იგივე პრობლემები გაჩნდება, რაც კორონარულ არტერიებში იყო, ანუ ოპერაცია სასურველ ეფექტს არ გამოიღებს. დიეტის მკაცრად დაცვასთან ერთად წონაც უნდა გაკონტროლდეს.

ნაოპერაციევი პაციენტისთვის მოწევაც დაუშვებელია, რომ დაავადება არ განახლდეს.

სქესობრივი ცხოვრება

სქესობრივი ცხოვრების აღდგენა პაციენტს სურვილის მიხედვით შეუძლია, ოღონდ გასათვალისწინებელია, რომ გულმკერდის სრულ შეხორცებას დაახლოებით 3 თვე სჭირდება, ამიტომ ისეთი პოზიციები უნდა შეირჩეს, რომ გულმკერდზე მაქსიმალურად მცირე დატვირთვა იყოს.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

ექიმს უნდა მიმართოთ ოპერაციის შემდგომი ნაწიბურის გაწითლებისას ან ნაწიბურიდან გამონადენის, ტემპერატურის, შემცივნების, დაღლილობის მომატების (გაძლიერების), ქოშინის, შეშუპების, წონის სწრაფად მომატების არსებობისას, პულსის სიხშირის თვითნებური შეცვლისას ან სხვა უჩვეულო ნიშნების შემჩნევისას.

საზოგადოდ, ოპერაციის შემდეგ ექიმთან მიმართვის სიხშირე (თუნდაც არაფერი გაწუხებდეთ) ექიმის რეკომენდაციებზეა დამოკიდებული. გამოწერის დღეს, წესისამებრ, შემდგომი კონსულტაციის თარიღი ინიშნება. გამოწერის შემდეგ უბნის კარდიოლოგსაც (თერაპევტს) უნდა მიმართოთ.

გახსოვდეთ - მხოლოდ ექიმისა და პაციენტის მჭიდრო თანამშრომლობაა შედეგიანი!