რა უნდა ვიცოდეთ ტეტანუსის შესახებ
.
-
რითია საშიში ტეტანუსი
გაშეშების გამომწვევი ჩხირები გამოყოფენ იდენტურ ტოქსინებს (შხამებს) -ტეტანოსპაზმინსა და ტეტანოჰემოლიზინს, რომლებიც ეგზოტოქსინების რიგს ეკუთვნის. ბოტულინის ტოქსინის შემდეგ იგი ყველაზე ძლიერ შხამად ითვლება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტები ეგზოტოქსინს ვერ შლის, მაგრამ მას ვერც ნაწლავების ლორწოვანი გარსი შეიწოვს. ამის გამო ტოქსინის პირში მოხვედრა საშიში არ არის. ტეტანუსის ჩხირი ბალახის მჭამელი ცხოველების ნაწლავთა მუდმივი ბინადარია. გარემოში ის ფეკალური მასების მეშვეობით მოითესება და მზის სხივების ზემოქმედებით მალევე კარგავს ძალას. ადამიანის ორგანიზმში ის დაზიანებული კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან იჭრება.
ტეტანუსი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მაგრამ უფრო მეტად გვხვდება ცხელ ქვეყნებში, სადაც ინფიცირება წლის ნებისმიერ პერიოდშია შესაძლებელი. სუბტროპიკულ და ზომიერი კლიმატის ქვეყნებში (საქართველოში) დაავადება უპირატესად მაისიდან ოქტომბრამდე ხშირდება. შემთხვევათა ნახევარზე მეტი ბავშვებში ქვედა კიდურების ტრავმით არის გამოწვეული (ფეხშიშველა სიარულისას ფეხის გაკაწვრა, ჭრილობის მიწით დაბინძურება და ა.შ.). ამავე მიზეზით დაავადება უპირატესად (80-86%) სოფლის მოსახლეობაში გვხვდება.
-
ნიშნები
დაავადება თითქმის ყოველთვის მწვავედ იწყება. ზოგჯერ სხვა ნიშნებს წინ უძღვის უმადობა, მოუსვენრობა, უსიამოვნო წვის შეგრძნება ჭრილობის არეში და მჩხვლეტი ტკივილი, რომელიც ვრცელდება ნერვული ღეროს გასწვრივ. დაავადებისთვის დამახასიათებელია:
- საღეჭი კუნთების დაჭიმულობა (ტრიზმი) -ავადმყოფს კრიჭა შეკრული აქვს, პირის გაღება შპატელითაც ვერ ხერხდება;
- კისრის კუნთების დაჭიმულობა (რიგიდულობა);
- ყლაპვის გაძნელება (დისფაგია) საყლაპავის კუნთების სპაზმის შედეგად.
- თვითნებური მიმიკა -ერთდროული ღიმილ-ტირილი (ტანჯული ღიმილი, სარდონიკული ღიმილი). ამ დროს შუბლი დანაოჭებულია, პირის ნაპრალი -გაჭიმული, ტუჩის კუთხეები - დაწეული.
ამ სიმპტომების შერწყმა მხოლოდ ტეტანუსს ახასიათებს. მათ კისრის კუნთების მტკივნეული რიგიდულობა მოსდევს, ხოლო შემდეგ ზურგის სწორი კუნთებიც იჭიმება და მაგრდება.
კუნთების დაჭიმულობა დაღმავალი თანმიმდევრობით ვრცელდება:
- კისერი;
- ზურგი;
- ქვედა კიდურები.
სპაზმს არ განიცდის მხოლოდ მტევნისა და ტერფის კუნთები. ავადმყოფი რკალისებურად იხრება (ოპისტოონუსი), საწოლს მხოლოდ კეფითა და ქუსლებით ეყრდნობა. თავდაპირველად კუნთების სპაზმი რამდენიმე წამს გრძელდება და მოდუნებით იცვლება, მერე და მერე კი უფრო ინტენსიური, ძლიერი, ხანგრძლივი და დამღლელი ხდება. ავადმყოფი გონებას ბოლომდე არ კარგავს, განიცდის ძლიერ ტკივილსა და შიშს.
შინაგანი ორგანოების ფუნქციები ირღვევა და მათ სრულ ან ნაწილობრივ აღდგენას რამდენიმე კვირა ან თვე სჭირდება. გამოხატული კლინიკური სურათი 2-4 კვირას გასტანს, მაგრამ სახსრების კონტრაქტურა და ნერვების დამბლა ზოგჯერ გამოჯანმრთელების შემდეგაც კარგა ხანს ნარჩუნდება.
დაავადება მძიმეა. სიკვდილიანობა, განსაკუთრებით -ახალშობილებში, 60%-ს აღწევს. ტეტანუსის ათიდან 8 შემთხვევა სწორედ ახალშობილებზე მოდის. ეს გახლავთ ე.წ. ჭიპისმიერი გაშეშება, რომელიც განპირობებულია დედების ჰიგიენის დაბალი დონით, მშობიარობისას ჰიგიენური პირობების დარღვევით (ასეა განვითარებად ქვეყნებში, სადაც ქალები მშობიარობენ არა სტაციონარულ პირობებში, არამედ სახლში, ბოსელში, მინდორში) და ა.შ.
-
მკურნალობა
ტეტანუსს გაშეშების საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით მკურნალობენ. მისი უქონლობისას ვენაში შეჰყავთ ჩვეულებრივი იმუნოგლობულინი, რომელიც გაშეშების ტოქსინის საწინააღმდეგო ანტისხეულებს შეიცავს. დასალევად ან ინტრავენურად ინიშნება მეტრონიდაზოლი, რომელიც ტეტანუსის შემთხვევაში არჩევით პრეპარატად ითვლება. ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს პენიცილინი (შეჰყავთ კუნთში). ყველა ჭრილობა უნდა დამუშავდეს და გაიხსნას. ავადმყოფი აუცილებლად სარეანიმაციო განყოფილებაში უნდა მოთავსდეს.
-
როგორ დავიცვათ თავი
აქტიური იმუნიზაციის მიზნით 2 თვიდან ყველა ბავშვს უტარდება ვაქცინაცია გაშეშების საწინააღმდეგო ანატოქსინით (AKDშ -ყივანახველა-დიფტერია-ტეტანუსის კომბინირებული ვაქცინა). იმუნიტეტი 10 წლის განმავლობაში ნარჩუნდება.