გამოკვლევები ვირუსულ ინფექციებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გამოკვლევები ვირუსულ ინფექციებზე

რას გულისხმობს "ვირუსებზე გამოკვლევა"? რის განსაზღვრა ხდება ამ დროს სისხლში? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის ექიმ იმუნოლოგს, ქალბატონ თინათინ შარაშენიძეს.

- ქალბატონო თინათინ, რას გულისხმობს "ვირუსებზე გამოკვლევა" და რამდენად ხშირად მოგმართავენ ამ გამოკვლევისთვის?

- ბოლო დროს საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მკვეთრად გახშირდა ინფექციური დაავადებები. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა, კლინიკური მონაცემებით, აშკარად შეიმჩნევა ვირუსული ინფექციების მატების ტენდენცია. ყველაზე ხშირად გვხვდება ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი, ქლამიდია, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ტოქსოპლაზმა. მიიჩნევა, რომ ეს ვირუსები უნაყოფობას იწვევენ. ისინი ნეგატიურად მოქმედებენ როგორც ქალის, ასევე მამაკაცის სასქესო ფუნქციებზე.

თუ ადრე უშვილობის მიზეზად მხოლოდ ქალი მიაჩნდათ, ამჟამად მიიჩნევენ, რომ მამაკაცსაც არანაკლებ ხშირად მიუძღვის ბრალი. სწორედ უნაყოფობის გამო ჩატარებული მრავალი გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ წყვილთა უნაყოფობის მიზეზი უმთავრესად ვირუსებია.

ვირუსების აღმოსაჩენად სხვადასხვა გამოკვლევას მივმართავთ. ყველაზე გავრცელებულია სისხლში ანტისხეულების ტიტრის დადგენა. ანტისხეული ის ცილოვანი კომპონენტია, რომელსაც ჩვენი ლიმფოციტები ვირუსების საწინააღმდეგოდ გამოიმუშავებენ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ შესაძლოა, ვირუსი მრავლად შეიჭრას ორგანიზმში, მაგრამ იმუნიტეტის დაქვეითების გამო ანტისხეულები მცირე რაოდენობით წარმოიქმნას. ამგვარად, ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა არცთუ სავსებით საიმედო მეთოდია.

- განმარტეთ, რა არის ანტისხეულები, იმუნოგლობულინები, რა მნიშვნელობა აქვს სისხლში მათი ტიტრის განსაზღვრას.

- ანტისხეულები ის ნივთიერებებია, რომლებსაც გამოიმუშავებს ორგანიზმი მასში უცხო ნივთიერებების - ანტიგენების მოხვედრის საპასუხოდ.

არსებობს 3 ტიპის იმუნოგლობულინი (იგივე ცილები, ანტისხეულები) -IgM, IgA და IgG, რომლებიც ინფექციური პროცესის სხვადასხვა ეტაპს ასახავენ. სწორედ ისინი მიუთითებენ, რომელ სტადიაზეა მოცემულ მომენტში დაავადება. ასე, მაგალითად:

  • IgM ანტისხეულები წარმოადგენენ პირველადი/მწვავე ინფექციის მარკერებს. მათი განსაზღვრა სისხლში შეიძლება დაავადების დაწყების უკვე მე-5 დღიდან მე-20 დღემდე;
  • IgG ანტისხეულები, რომელთა მატება დაავადების დაახლოებით მე-10 დღიდან იწყება და რჩება სისხლში არა მარტო აღდგენითი პერიოდის განმავლობაში, არამედ სიცოცხლის ბოლომდეც, - გადატანილი ინფექციის მარკერებად არის მიჩნეული.
  • IgA და IgG ანტისხეულები განიხილება გახანგრძლივებული, ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური პროცესის მაჩვენებლებად. მათი გამომუშავება იწყება დაავადების ფორმირებიდან დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ;
  • IgA და IgG ანტისხეულების ტიტრის ერთდროული მომატება კი რეინფექციად განიხილება. მნიშვნელოვანია, ექიმმა სწორად შეარჩიოს, რომელი ანტისხეულის განსაზღვრაა საჭირო პაციენტისათვის ამა თუ იმ ეტაპზე.

- ანალიზისათვის სისხლის ჩაბარებისას რა წესების დაცვაა აუცილებელი? კვების რაციონს, სისხლის აღების დროს (ორგანიზმის ბიოლოგიური რიტმიდან გამომდინარე) და სხვა ფაქტორებს თუ ენიჭება მნიშვნელობა?

- ინფექციის კვლევისას, სხვა ანალიზებისგან განსხვავებით, სისხლის აღების დროსა და სხვა ფაქტორებს მნიშვნელობა არ აქვს.

- იქნებ განუმარტოთ მკითხველს, რას ნიშნავს იმუნოფერმენტული გამოკვლევა. ხშირად მიღებული შედეგების გადასამოწმებლად თავად ლაბორატორიის თანამშრომლები ურჩევენ ხოლმე პაციენტს სხვა მეთოდით, მაგალითად, სეროლოგიურით, ჩაიტარონ განმეორებითი გამოკვლევა. რით განსხვავდება ეს მეთოდები? სხვადასხვა მეთოდით ჩატარებულ კვლევის შედეგებს შორის რატომ არის ხოლმე განსხვავება?


- იმუნოფერმენტული ანალიზის პრინციპი ემყარება იმუნოკომპლექსის - ანტიგენ-ანტისხეულის წარმოქმნას. ანტიგენ-ანტისხეულის წარმოქმნილი კომპლექსი იძენს ფერმენტულ აქტივობას და შლის სათანადო სუბსტრატს ფერადი ეფექტით, რის მიხედვითაც მსჯელობენ გამოსაკვლევი ნივთიერების კონცენტრაციაზე. აღნიშნული მეთოდი კლასიკურ სეროლოგიურ რეაქციებზე გაცილებით მგრძნობიარეა და მგრძნობელობით რადიოიმუნურ ანალიზს უახლოვდება.

სადღეისოდ იმუნოფერმენტული ანალიზი საშუალებას იძლევა, ორგანიზმის სითხეებში (სისხლის შრატი, შარდი და სხვა) აღმოჩენილ იქნეს საკვლევი ნივთიერების თუნდაც მცირე კონცენტრაცია. აღნიშნული მეთოდი ფართოდ გამოიყენება ინფექციური, ენდოკრინული და ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს იმუნოფერმენტული კვლევის რამდენიმე მეთოდი. თითოეულ მეთოდს აქვს თავისი ღირსება და ნაკლი, რაც დაკავშირებულია ანალიზის ჩატარების ხანგრძლივობასთან, მგრძნობელობასთან, სპეციფიკურობასთან და სხვა.

ყველაზე გავრცელებულია ELISA მეთოდი. მგრძნობელობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მაღალსპეციფიკურია ECLIA (ელექტროქემილუმინესცენტური) მეთოდი, რომელიც დანერგილია "ავერსის კლინიკაშიც".

- თქვენი პროფესიული პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად რომელ ვირუსებზე ტარდება გამოკვლევა, რომელი ვირუსების გამოსავლენად უნიშნავენ ექიმები ყველაზე ხშირად პაციენტებს გამოკვლევებს? გარდა ამისა, რომელ მათგანზე იღებთ ყველაზე ხშირად დადებით პასუხს? სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ არსებობს სტატისტიკური მონაცემები იმის თაობაზე, რომელი ვირუსები ცირკულირებს ყველაზე მეტად მოსახლეობაში?

- პრაქტიკულ მედიცინაში ყველაზე ხშირად გხვდება გამოკვლევები TORCH ინფექციებზე. სახელწოდება ასე იშიფრება: T - ტოქსოპლაზმა; O (OTHERS) - ქლამიდია, ებშტენ-ბარის და სხვა ვირუსები; R - წითურა (რუბელა); C - ციტომეგალოვირუსი, H - ჰერპესვირუსი.

ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად გავრცელებულია ციტომეგალოვირუსი და ჰერპესვირუსი. ბოლო დროს მკვეთრად იკლო ქლამიდიოზით დაავადებულთა რიცხვმა.

- რას ნიშნავს ვირუსის მატარებლობა, ვირუსით დაავადება იმუნოლოგიური კუთხით? კარგი იქნება, თუ იმუნური მეხსიერების შესახებაც გვეტყვით რამდენიმე სიტყვას. რის საფუძველზე ხვდება ექიმი ლაბორანტი, რომ ადამიანს, მაგალითად, ესა თუ ის ვირუსული ინფექცია აქვს გადატანილი, ან ინფიცირებულია, მაგრამ არ არის დაავადებული და ასე შემდეგ.

- გადატანილი ინფექციის შესახებ რომ ვიმსჯელოთ, პირველ რიგში, სისხლში უნდა იყოს IgG-ის მომატებული ტიტრი. ნორმალური იმუნური პასუხის დროს G კლასის ანტისხეულებს უნდა ჰქონდეთ მაღალი ავიდობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის ანტიგენისა და ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტისხეულების კავშირი მყარი უნდა იყოს. თუ ეს კავშირი სუსტია, ანუ ავიდობა დაბალია, შესაძლებელია ვირუსის ხელახალი გააქტიურება, რაც რეინფექციის საწყისი შეიძლება გახდეს. ამიტომ IgG-ის დაბალი ავიდობა ითხოვს აღნიშნულ ვირუსზე მკურნალობას. თუ ავიდობა მაღალია, ეს არის ორგანიზმის იმუნური დაცვა ვირუსის საწინააღმდეგოდ. ამ დროს ადამიანი აღნიშნული ვირუსის მატარებელია და მოცემულ მომენტში ინფექცია არ არის გამწვავებული.

თუ M კლასის ანტისხეულები მაღალია, ვირუსის ავიდობა არ კეთდება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის საწყისი ან რეინფექცია და საჭიროებს მკურნალობას.

- შესაძლოა, ვიწრო სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვამახვილებდეთ ყურადღებას სხვა საკითხებზე, არადა ისინი ასევე საყურადღებო და მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, თქვენი პროფესიონალური გადასახედიდან კიდევ რას ეტყოდით მკითხველს?

- ძალიან ხშირად პაციენტები თვითონ მოდიან თხოვნით, რომ ჩაიტარონ გამოკვლევა ინფექციებზე. გვიხდება მათი დაკვალიანება: აუცილებელია, პაციენტმა მიმართოს ექიმს და ექიმის დანიშნულებით ჩაიტაროს ესა თუ ის გამოკვლევა. აქვე მინდა აღვნიშნო პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის (PCR-დიაგნოსტიკა) უპირატესობა. ჩვენს კლინიკაში წარმოებს მოლეკულური დიაგნოსტიკა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით, რომლის საშულებითაც შესაძლებელია სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციის ზუსტი და ადრეული დიაგნოსტიკა. ამ მეთოდის უპირატესობა მისი მაღალი მგრძნობელობა (90-100%), მაღალი სპეციფიკურობა და სისწრაფეა. PCR-დიაგნოსტიკა დნმ-ს ანალიზის პირდაპირი და ყველაზე თანამედროვე მეთოდია.