თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული ინფექცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული ინფექცია

ციტომეგალია ვირუსული ინფექციაა (CMV-ინფექცია). მას პერი- და პოსტნატალური (ორსულობისა და მშობიარობის) პერიოდის დაავადებებს მიაკუთვნებენ. მიმდინარეობს მძიმედ, ახასიათებს მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინება და მაღალი ლეტალურობა.

სამედიცინო ლიტერატურის მონაცემების მიხედვით, CMV-ინფექცია ყველაზე ხშირი თანდაყოლილი ინფექციაა და წამყვან როლს ასრულებს ბავშვობის ასაკში გონებრივი ჩამორჩენის, უნარშეზღუდულობისა და სმენის დაქვეითების გენეზში.

დაავადების წყაროა CMV-ით ინფიცირებული ავადმყოფი ან ვირუსმატარებელი. ინფექცია გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. გადაეცემა მჭიდრო კონტაქტის გზით - მშობიარობისას, ოჯახის პირობებში და ა.შ. ნაყოფი ინფიცირდება ან მუცლადყოფნის დროს პლაცენტის საშუალებით, ან მშობიარობის II პერიოდში საშვილოსნოს ყელის სეკრეტთან კონტაქტის შედეგად.

ცნობილია, რომ ცოცხლადშობილ ახალშობილთა 0,2-2,4% ციტომეგალოვირუსით არის ინფიცირებული, თუმცა მათ უმეტესობას ინფექციის მანიფესტიური ფორმა არ აღენიშნება, დაავადება ლატენტურად, ფარულად გადააქვს. თანდაყოლილი CMV-ინფექციის მქონე ჩვილების უმრავლესობა (85%) ნორმალურად ვითარდება, თუმცა მათ 10-17%-ს მოგვიანებით უვითარება სმენის დაქვეითება, რომელიც შესაძლოა მთელი ბავშვობის პერიოდში პროგრესირებდეს, ინფიცირებულ ახალშობილთა 10-15%-ს კი დაბადებისთანავე უვლინდება სერიოზული პრობლემები:

  • ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენა;
  • მცირე მასა დაბადებისას;
  • მიკროცეფალია (პატარა თავის ქალა);
  • სიყვითლე;
  • ღვიძლისა და ელენთის გადიდება;
  • ანემია;
  • თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაქვეითება).

მოგვიანებით ყველა მათგანს აღენიშნება ნევროლოგიური დარღვევები. დადგენილია, რომ ვირუსს შეიცავს ნერწყვი, ბრონქების სეკრეტი, სპერმა, რძე, შარდი, განავალი. ინფიცირება შესაძლოა მოხდეს სისხლისა და მისი პრეპარატების გადასხმით.

თუ დედა ინფიცირებულია, ძუძუს წოვისას ახალშობილთა 50% ავადდება CMV-ინფექციით. ამდენად, თუ დედის დოაგნოზი ცნობილია, ბავშვი ხელოვნურად უნდა გამოიკვებოს.

თანდაყოლილი CMV-ინფექციის სარწმუნო დიაგნოზის დასმა ძნელია, ვინაიდან ვირუსის გამოყოფა დაბადებიდან პირველი 3 კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს. ამ ხნის შემდეგ ვირუსის გამოვლენა შესაძლოა პერინატალურ (სამშობიარო გზებში გავლისას ან დედის რძით) ინფიცირებაზე მიანიშნებდეს.

ახალშობილებში დაავადების გამოვლენა და მიმდინარეობა დედის იმუნურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ დედა პირველად ორსულობისას დაინფიცირდა, ნაყოფისთვის გადაცემის ალბათობა დაახლოებით 40%-ია, მათ დაახლოებით 65%-ს კი დაავადება ახალშობილობის პერიოდშივე უვლინდება.

თუ უკვე ინფიცირებული ქალი დაორსულდა, ნაყოფის ინფიცირების ალბათობა გაცილებით ნაკლებია - 0,5-1,5%. ახალშობილთა უმრავლესობას დაბადებისას ინფექციის ნიშნები არ აქვს. ამ შემთხვევაში მანიფესტირებული CMV-ინფექცია მუცლადყოფნის პერიოდში ინფიცირებულ ახალშობილთა დაახლოებით 10%-ში გვხვდება, ხოლო ქალის ორსულობის პერიოდში ინფიცირებისას - თითქმის ყოველთვის. იშვიათია ნაყოფის დასნებოვნება უკვე არსებული ინფექციის ორსულობისას გააქტიურების შემთხვევაშიც.

დაავადების მანიფესტირებულ ფორმას ახასიათებს ზრდის შეფერხება, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, სისხლისა და კანის ცვლილებები, თუმცა ძირითადი ნიშნები მაინც ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ვლინდება: მიკროცეფალია, ტვინის ატროფია, სმენის დაქვეითება.

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ავლენს ტვინში კალციფიკატების (ჩანართების) არსებობას, რაც სმენისა და ნევროლოგიურ დარღვევებს უკავშირდება. დადგენილია, რომ გონებრივი ჩამორჩენილობის სიმძიმის მხრივ თანდაყოლილი CMV-ინფექცია მხოლოდ დაუნის დაავადებას ჩამოუვარდება.

ასიმპტომური ციტომეგალოვირუსული ინფექცია დამახასიათებელია იმ ახალშობილებისთვის, რომელთა დედებსაც უკვე აქვთ იმუნიტეტი ამ ინფექციის მიმართ. ეს ბავშვები დაბადებისას კლინიკურად ჯანმრთელები არიან, თუმცა შესაძლოა, ზრდაში რამდენადმე ჩამორჩებოდნენ. მათთვის ასევე დამახასიათებელია მოგვიანებით, წლების შემდგომ, სმენის ნეიროსენსორული დაქვეითება პროგრესირებისკენ მიდრეკილებით. სმენის ცალმხრივი ან ორმხრივი დაქვეითება ბავშვების დაახლოებით 15%-ს უვითარდება.

პერინატალური ინფიცირების შემთხვევები კლინიკურად ასიმპტომურია. ზოგიერთი ავტორის აზრით, ამ გზით CMV-ის მიღება ბუნებრივ იმუნიზაციად შეიძლება ჩაითვალოს. იშვიათად შესაძლოა თავი იჩინოს ლიმფური ჯირკვლების გადიდებამ, ჰეპატიტმა და პნევმონიტმა. დაავადება შესაძლოა მძიმედ წარიმართოს, განსაკუთრებით - დღენაკლულებსა და მცირე მასის მქონე ახალშობილებში.

როგორ დავიცვათ ახალშობილი, თუ ცნობილია, რომ დედა ინფიცირებულია?

უმჯობესია, ბავშვი დაიბადოს საკეისრო კვეთით და იკვებოს ხელოვნურად. დაავადების ადრეული თუ გვიანდელი შედეგების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ინფიცირების პრევენცია, რისთვისაც ბოლო წლებში აქტიურად მუშავდება CMV საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა.

კანადელ მკვლევართა ჯგუფის დასკვნით, CMV-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე არსებობს. CMV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თავიდან აგვაცილებს ვირუსით პირველად ინფიცირებას და ნაყოფის ჯანსაღ განვითარებას უზრუნველყოფს.