რატომაა განსხვავებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომაა განსხვავებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები

ყველაზე სასურველი დიაგნოსტიკური პროცედურებია. ლაბორატორიულ ანალიტიკას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება როგორც დაავადებათა ადრეული და ზუსტი დიაგნოსტიკის, ასევე სწორი და დროული მკურნალობისათვის. საექიმო გადაწყვეტილებათა 70%-ზე მეტი დაფუძნებულია ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი დიაგნოსტიკური ლაბორატორიის მონაცემები ყოველთვის არ არის სწორი. ეს უკავშირდება უამრავ არაპათოლოგიურ ფაქტორს. გვესაუბრება რუსუდან გვენეტაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სარეზიდენტო პროგრამის, "ლაბორატორიული მედიცინის", დირექტორი, "მედიცინის ინსტიტუტის" პროფესორი, "ზ. საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის" ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხელმძღვანელი.

– ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, აშშ-ში ყოველწლიურად რეგისტრირდება სამედიცინო შეცდომით გამოწვეული 44000-98000 ლეტალური შემთხვევა (მე-8 ადგილი ყველა სხვა მიზეზთა შორის). ავსტრალიაში ყოველწლიურად 18000-მდე ადამიანი იღუპება და 50000 ინვალიდდება იმ ჰოსპიტალების ბრალეულობით, რომელთაც პაციენტებმა დასახმარებლად მიმართეს.

დიდ ბრიტანეთში სამედიცინო შეცდომის შედეგად 33000 კაცი იღუპება წელიწადში. ჩამოთვლილი სტატისტიკური მონაცემები, რასაკვირველია, შეიცავს ლაბორატორიულ ასპექტებსაც. მხოლოდ კარგად ორგანიზებული და ხარისხიანად ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის ყველა სტადია განაპირობებს შედეგს, რომელიც ექიმს შეუძლია გამოიყენოს დიაგნოზის დასასმელად და სამკურნალოდ.

– სად წარმოიქმნება შეცდომები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევის მცდარ შედეგებს იწვევს და რატომ ხდება ისინი?

– ლაბორატორიული კვლევის, ტესტირების პროცესს თუ ეტაპობრივად განვიხილავთ, ის შედგება სამი ეტაპისაგან:

1. პრეანალიტიკური – 57,3%, პრეანალიტიკური ეტაპი ლაბორატორიის გარეთ – 20,2%, პრეანალიტიკური ეტაპი ლაბორატორიაში – 37,1%

2. ანალიტიკური ეტაპი – 20,2%

3. პოსტანალიტიკური ეტაპი ლაბორატორიაში – 13,6%

პრეანალიტიკური ეტაპი მოიცავს ყველა სტადიას კლინიცისტის მიერ ანალიზის დანიშვნიდან ლაბორატორიაში სინჯის ჩაბარებამდე. კერძოდ, ანალიზის დასახელება, ბიოლოგიური მასალის აღების წესი, მისი დამუშავება და მიწოდება ლაბორატორიაში. ამასთან, დროის 20% სწორედ ლაბორატორიის კედლებს გარეთ, მოსამზადებელ ეტაპზე იხარჯება. ამ ეტაპის ორგანიზების სირთულე განპირობებულია იმით, რომ აქ ჭარბობს ხელით შრომა და ისიც, რომ პაციენტის მომსახურე მრავალრიცხოვანი პერსონალი სხვადასხვა დაქვემდებარებისა და განათლების მუშაკები არიან, მათ შორის, არ არიან მედიცინის წარმომადგენლები (პრეანალიტიკურ ეტაპში მონაწილეთა რაოდენობა – სულ ცოტა, 6 პერსონა). თუ სანიტრები, ექთნები, მკურნალი ექიმი, კურიერები – მუშაობენ ლაბორატორიის გარეთ, რეგისტრატორები, ლაბორანტები, ტექნოლოგები და ექიმი ლაბორანტები მუშაობენ ლაბორატორიის შიგნით. გამოცდილება აჩვენებს, რომ ის ლაბორატორიებიც კი, რომლებიც მუშაობენ ე.წ. "კარგი ლაბორატორიული პრაქტიკის" მოთხოვნებით, არ არიან გარანტირებულად დაცული შეცდომებისაგან, რამდენადაც შეცდომის წყაროს, მეტწილად, პრეანალიტიკური ეტაპის ფაქტორები წარმოადგენს.

გარდა იმისა, რომ ლაბორატორიული შეცდომები დროისა და სახსრების ფუჭი ფლანგვაა (საჭირო განმეორებითი ანალიზი), მათი უფრო სერიოზული შედეგია – მცდარი დიაგნოზი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პაციენტების 6%-ს არასწორი თერაპია და ჯანმრთელობის გაუარესება ელის. პაციენტების 19%-ს ენიშნება არასაჭირო დამატებითი გამოკვლევები.

– როგორ დავყოთ შეცდომები?

– პრეანალიტიკური ეტაპის პროცედურული შეცდომები განიხილება 4 ეტაპად:

I. შეცდომები მასალის აღების მოსამზადებელ სტადიაზე (პაციენტის მომზადება, აღების დრო); II. შეცდომები მასალის აღების სტადიაზე (სისხლის აღების მეთოდიკა, საშუალება და ჭურჭელი, კონსერვანტები); III. შეცდომები აღებული მასალის დამუშავებისას (პირობები – ტემპერატურა, შერევა, სინათლის სხივი); IV. შეცდომები მასალის შენახვისა და ტრანსპორტირებისას (ტემპერატურა, დრო ლაბორატორიამდე ბიომასალის ტრანსპორტირებამდე).

შეცდომები მასალის აღების მოსამზადებელ სტადიაზე (პაციენტის მომზადება) ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო ეტაპია, როცა შეიძლება დაირღვეს პაციენტის მომზადების წესი. გასათვალისწინებელია მთელი რიგი ფაქტორები, რომელთა არიდება შესაძლებელია ანდა შეუძლებელი.

განვიხილოთ ეს ფაქტორები: ძალზე მნიშვნელოვანია კვების ფაქტორის ზემოქმედება ლაბორატორიული ტესტის შედეგზე. საკვების მიღების შემდეგ სისხლში ნივთიერებათა ცვლის ცალკეულმა მეტაბოლიტმა შეიძლება მოიმატოს ან დაექვემდებაროს ჰორმონული ეფექტით გამოწვეულ ცვლილებებს. იმისათვის, რომ ანალიტიკის შედეგების ინტერპრეტაცია არ გაძნელდეს, ანალიზის აღება უნდა ვაწარმოოთ მკაცრად განსაზღვრულ დროს – ჩვეულებრივ, დილის 7:00 – 9:00 საათის შუალედში.

აღსანიშნავია, რომ ტესტების უმეტესობის რეფერენტული მაჩვენებლები დადგენილია დროის სწორედ ამ მონაკვეთისათვის. ანალიტიკის წინა პერიოდში ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება იმოქმედოს ჰემოსტაზის პარამეტრებზე, სისხლში სასქესო ჰორმონების კონცენტრაციაზე. ხშირად სათანადოდ არ ფასდება ფსიქოლოგიური სტრესის (შიში სისხლის აღების წინ, ოპერაციის წინ და ა.შ.) ზემოქმედება ლაბორატორიული ტესტის შედეგზე. ამ დროს თავს იჩენს გარდამავალი ლეიკოციტოზი, რკინის დაქვეითება, იმატებს სისხლში კატექოლამინების, ალდოსტერონის და სხვა ჰორმონთა დონე.

გასათვალისწინებელია პაციენტის სქესიც. მთელი რიგი კლინიკურ-ქიმიური და ჰემატოლოგიური მაჩვენებლებისათვის არსებობს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება სქესთა შორის. კერძოდ, ეს ეხება სტეროიდულ და გლიკოპროტეიდულ ჰორმონებს. ანალიზების მთელი სპექტრის კონცენტრაცია დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე და მნიშვნელოვნად იცვლება დაბადებიდან ხანდაზმულობამდე. აუცილებელია ასაკის მითითება.

ორსულის ლაბორატორიული კვლევის შედეგების განხილვისას გასათვალისწინებელია ორსულობის ვადა სისხლის აღების მომენტში. მნიშვნელოვანია მენსტრუალური ციკლის, როგორც ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესის, გათვალისწინება, რომელსაც მთელი რიგი ჰორმონების წარმოქმნის პროცესში თან სდევს მნიშვნელოვანი ცვლილებები სასქესო და თირეოიდული ჰორმონების მხრივ; ასევე ბიოლოგიური რიტმის ანუ ანალიზის ცირკადული რიტმი, დღე-ღამის მანძილზე მისი კონცენტრაციის ცვლილების გათვალისწინება. მედიკამენტების მიღება შეიძლება აისახოს ორგანიზმში მთელი რიგი ანალიზების რაოდენობრივ მაჩვენებელზე. სისხლის აღება საჭიროა წამლებისა და ხსნარების ინფუზიამდე. დაუშვებელია სისხლის იმ სისხლძარღვიდან აღება, რომლითაც გადასხმა ხდება. მედიკამენტების მიღების ფონზე შეიძლება სისხლის ანალიზში აღინიშნოს: ჰემოლიზი, ლიპემია, პარაპროტეინემია და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია სიგარეტი – მწეველებს შეიძლება მომატებული ჰქონდეთ სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის, კატექოლამინებისა და კორტიზოლის კონცენტრაცია. ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე გავლენას ასევე ახდენენ შემდეგი სამკურნალო-დიაგნოსტიკური ღონისძიებები: ოპერაციული ჩარევა, გადასხმა, პუნქცია, ინექციები, ბიოფსია, ზოგადი მასაჟი, ენდოსკოპია, დიალიზი, ფიზიკური დაძაბვა – ერგომეტრია, ფიზიკური სავარჯიშო, ელექტროკარდიოგრაფია, რენტგენოკონტრანსტული პრეპარატები, მაიონიზებელი დასხივება.

გამოკვლევის შედეგებზე ზეგავლენის მქონე სხვა ფაქტორებს შორის მნიშვნელობა აქვს რასას, გეოგრაფიულ მდებარეობას, სიმაღლეს ზღვის დონიდან, გარემოს ტემპერატურას. იმისათვის, რომ კვლევის შედეგების შეფასება იყოს კორექტული, სასურველია კვლევები ჩატარდეს ერთსა და იმავე ლაბორატორიაში ერთსა და იმავე დროს. პრეანალიტიკური ეტაპის მეორე და მნიშვნელოვანი სტადიაა მასალის აღების პროცედურა (სისხლის აღების მეთოდიკა, საშუალება და ჭურჭელი, კონსერვანტები).

სტატისტიკური მონაცემებით დადგენილია, რომ 99%-ში ლაბორატორიის მუშაკი არ იღებს ბიომასალას და არ აწვდის ლაბორატორიას, შესაბამისად, ვერ აკონტროლებს ამ პროცესს. თუ აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში პაციენტის სისხლის ასაღებად არსებობს სპეციალური საშტატო ერთეული – "ფლებოტომისტი", ჩვენთან, უმეტესწილად, სისხლს იღებს პროცედურის მედდა, რომელიც ამავდროულად სხვა უამრავ მოვალეობასაც ასრულებს.

თუ ვენოპუნქციას ლაბორატორიის პერსონალი აკეთებს, შეცდომები შეადგენს 0.039%-ს.

სამკურნალო განყოფილების პერსონალის მიერ ჩატარებული ვენოპუნქციისას შეცდომები 0.60%-ია.

– ზემოქმედებს თუ არა სისხლის აღების ტექნიკა და ადგილი ლაბორატორიული ტესტის შედეგზე?

– რა თქმა უნდა, მოქმედებს. მაგ., ვენიდან სისხლის აღების დროს მომჭერის 2 წუთზე ხანგრძლივად დადებამ შეიძლება ჰემოკონცენტრაცია გამოიწვიოს და სისხლში მოიმატოს ცილებმა, კოაგულაციის ფაქტორებმა, უჯრედულმა ელემენტებმა.

– რომელია სისხლის ასაღებად საუკეთესო ლოკალიზაცია?

– სისხლის ასაღებად საუკეთესო ადგილია იდაყვის ვენა. უნდა აღინიშნოს, რომ ვენური სისხლი საუკეთესო ბიომასალაა ყველა სახის ლაბორატორიული კვლევისათვის. თითიდან სისხლის აღება კი სასურველია შემდეგ შემთხვევებში: დამწვრობისას, ძალიან წვრილი და ძნელად მისაღწევი ვენების დროს, პაციენტის გამოსახული გაცხიმოვნებისას, ვენური თრომბოზების მიმართ დადგენილი მიდრეკილებისას, ახალშობილებთან. სისხლის ასაღებად არტერიის პუნქცია იშვიათად გამოიყენება – უმეტესად არტერიული სისხლის აირების შემადგენლობის კვლევისას.

როგორც წესი, ჰემატოლოგიური ანალიზატორების კალიბრაციისათვის კალიბრატორები და საკონტროლო მასალა გათვალისწინებულია ვენური სისხლის მიხედვით. პრეანალიტიკური ეტაპის ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პირობა ნიმუშის აღების თანამედროვე სახარჯ მასალასა და მოწყობილობებზე გადასვლაა. ამის მაგალითია ვენური სისხლის აღება ვაკუუმ სისტემით. სისხლის სინჯის აღება მიზანშეწონილია ერთჯერადი ვაკუუმშემცველი სისტემებით. ღია წესით აღებულ სინჯებში ყოველ 10 000 ნიმუშზე აღინიშნება ჰემოლიზის 581 შემთხვევა. დახურული მეთოდით ერთჯერადი ვაკუუმშემცველი სისტემებით აღებულ სისხლში კი მხოლოდ 8 შემთხვევა, ანუ 74-ჯერ ნაკლები.

პრეანალიტიკური ეტაპის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა – მედიცინის მუშაკთა უსაფრთხოების დაბალი დონე – დასნებოვნება ინფექციებით: შიდსი, В და С ჰეპატიტები. მაგალითად, აშშ-ში სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელთა დაინფიცირება ნემსის ჩხვლეტით 14-18%-ს შეადგენს და მათ რეაბილიტაციაზე ყოველწლიური 3 000-5 000 აშშ დოლარი იხარჯება. შიდსით, B და ჩ ჰეპატიტებითა და სხვა ინფექციებით დასნებოვნების შემთხვევაში მატერიალური დანახარჯი 1000 000 აშშ დოლარამდე აღწევს.

ზემოაღნიშნულის გარდა, პრეანალიტიკური ეტაპის მასალის აღების სტადიაზე შეცდომების შესაძლო ვარიანტებია: გამოტოვებული ტესტები, სინჯარების არასწორი მარკირება, ანტიკოაგულანტის მცდარი შერჩევა – შედეგად კოლტის წარმოქმნა, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, შედედების სისტემის მაჩვენებლებისა და დათვლილი უჯრედების რიცხვის შეცვლა, ნიმუშის დაბინძურება – ზონდის დაზიანება, პH-ის ცვლილება, ნიმუშის აღება შპრიცით და გადატანა დიდი წნევით – ჰემოლიზი, თრომბოციტების აქტივაცია, ხელის მტევნის მოჭიმვა და გაშლა – მაჩვენებლების კონცენტრაციის აქტივობის ცვლილება, არასწორი თანაფარდობა – სისხლი/ანტიკოაგულანტი (სინჯარის არასრული შევსება) – რაც იწვევს სისხლის უჯრედებისა და ჰემატოკრიტის დაქვეითებულ რაოდენობას და უჯრედების მორფოლოგიის ცვლილებას, ნიმუშის დაგვიანებული ან არასაკმარისი შერევა ანტიკოაგულანტთან – შედეგად სინჯის კოაგულაციისა და სისხლის უჯრედების რაოდენობის შეცვლა. აღებული მასალის დამუშავების სტადიაზე დაშვებული შეცდომები (პირობები – ტემპერატურა, შერევა, სინათლის სხივი) გამოწვეულია ბიომასალის ინკუბაციის რეკომენდებული დროის, ტემპერატურული და სხივური რეჟიმის დარღვევით.

მასალის შენახვისა და ტრანსპორტირების სტადიაზე შეცდომები შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი პირობების დარღვევამ: ნიმუშის შენახვის ხანგრძლივობამ, შენახვის პირობებმა – ერთჯერადმა გაყინვა-გალღობამ, ტრანსპორტირებამ, ტემპერატურამ, დრომ ლაბორატორიიდან ბიომასალის ტრანსპორტირებამდე.

ამრიგად, პრეანალიტიკური ეტაპის არასწორი დაგეგმვა ორ ძირითად პრობლემას წარმოშობს: 1. ლაბორატორიული კვლევის შედეგის დაბალ ხარისხსა და 2. პერსონალისა და პაციენტის ჰემოკონტაქტური ინფექციებით დასნებოვნებას!

ამიტომ ლაბორატორიული ანალიზის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ძირითადი ფუნქცია სწორედ პრეანალიტიკური ეტაპის სწორი ორგანიზება უნდა იყოს.