როგორ ამოვიცნოთ ანემია გარეგნული ნიშნებით
სისხლში ჰემოგლობინის ან სისხლის წითელი სხეულაკების დაბალი მაჩვენებელი. კლინიკურად ანემია შეიძლება გამოვლინდეს: ზოგადი სისუსტით, ადვილად დაღლილობით, ძილიანობით, თავბრუსხვევით, თავის ტკივილით, გულისცემის გახშირებით, არტერიული წნევის დაქვეითებით, მძიმე შემთხვევაში გულის წასვლით.
სისხლში ჰემოგლობინის დაქვეითება წარმოადგენს ორგანოებსა და ქსოვილებში რკინის უკმარისობის ირიბ ნიშანს. შესაბამისად ვლინდება შემდგეგი სიმპტომები: ფრჩხილის ფირფიტების ცვლილება (ის ხდება მტვრევადი, იფიტება, შრევდება), კანის სიმშრალე, ტუჩის კუთხეების მტკივნეული ნახეთქები, თმის ცვენა ან მისი ზრდის შენელება, გემოს დარღვევა (საკვებად დაუშვებელი ნივთიერებების - ცარცი, კბილის ფხვნილი, ნახშირი, მიწა, თიხა, ქვიშა და უმი პროდუქტების - ბურღულეული, ცომი, ფარში მიღების სურვილი). ყნოსვის დაკარგვა (აცეტონის, ფრჩხილის ლაქის, ნაფტალინის, მანქანის გამონაბოლქვის ყნოსვის სურვილი). შესაძლებელია უმიზეზო სუბფებრილიტეტი, 37-37,5 С ფარგლებში.
ჰემოგლობინის ნაკლებობისას გარეგნულად ადამიანს შეიძლება ახასიათებდეს კანის საფარველისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე. В12 ვიტამინის ნაკლებობისას ადგილი აქვს ენის ლორწოვანი გარსის ტიპურ ცვლილებას, ე.წ. გლოსიტს - პრიალა, მკვეთრად წითელი, მტკივნეული ენა, კიდურების დაბუჟებას.
ზოგიერთი ფორმის ანემიებისას, როდესაც ადგილი აქვს ერითროციტების მომატებულ დაშლას, კანის საფარველმა შეიძლება მიიღოს მოყვითალო ელფერი.
ზემოთ აღნიშნული ცვლილებისას, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ლალი ჩხიკვაძე