როგორ ამოვიცნოთ ანემია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ამოვიცნოთ ანემია

ადამიანი, რომელსაც ანემია აქვს, თავს შეუძლოდ გრძნობს. არსებობს ანემიის სხვადასხვა ფორმა. მათი უმეტესობა სისხლის კარგვით არის გამოწვეული. ამის კვალობაზე, ანემია შეიძლება იყოს ხანმოკლეც და ხანგრძლივიც, მსუბუქიც და მძიმეც. მიზეზი უამრავია, მათ შორის - საკმაოდ მძიმე დაავადებებიც. ამიტომაც არის რეკომენდებული ანემიის თაობაზე ეჭვის დროს ექიმთან მისვლა.

როგორ ვლინდება ანემია

ანემიის სიმპტომები, რასაკვირველია, მიზეზზეა დამოკიდებული, თუმცა არსებობს საერთო ნიშნებიც. ესენია:

  • სისუსტე;
  • კანისა და ლორწოვანების სიფითრე;
  • სწრაფი ან არარეგულარული რიტმი;
  • ქოშინი;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • თავბრუხვევა;
  • მეხსიერების პრობლემები;
  • თავის ტკივილი.

თავდაპირველად ეს სიმპტომები ან სრულებით არ არის გამოხატული, ან უმნიშვნელოა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემაწუხებელი ხდება

როდის მივმართოთ ექიმს

თუ აუხსნელ სისუსტეს უჩივით, მიმართეთ ექიმს - არ არის გამორიცხული, ის ანემიის ბრალი იყოს, მით უმეტეს, რკინადეფიციტური ანემია ფართოდაა გავრცელებული. ოღონდ ნუ გეგონებათ, რომ სისუსტის ერთადერთი მიზეზი ანემიაა და ნუ გაგიტაცებთ თვითდიაგნოსტიკა.

ანემიის მიზეზები

ანემია ვითარდება, როდესაც:

  • ორგანიზმში ვერ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობის წითელი უჯრედი;
  • სისხლდენის გამო ორგანიზმი კარგავს უფრო მეტ ჰემოგლობინს, ვიდრე ასინთეზებს;
  • ორგანიზმში მიმდინარეობს სისხლის წითელი უჯრედების, ერითროციტების, დაშლა.

რა ფუნქცია აკისრია წითელ უჯრედებს

სისხლის უჯრედები სამი ტიპისაა:

  • ლეიკოციტები - თეთრი უჯრედები. ისინი ებრძვიან ინფექციის გამომწვევ აგენტებს.
  • თრომბოციტები- სისხლის ფირფიტები. მონაწილეობენ სისხლის შედედებაში.
  • ერითროციტები- წითელი უჯრედები. აწვდიან ორგანიზმს ჟანგბადს.

სისხლის წითელი უჯრედები შეიცავს ჰემოგლობინს. ეს არის წითელი, რკინით მდიდარი ცილა, რომელიც ფერს აძლევს სისხლს. სწორედ ჰემოგლობინის მეშვეობით გადააქვს სისხლს ჟანგბადი ფილტვებიდან მთელ სხეულში და ათავისუფლებს ორგანიზმს ნახშირორჟანგისგან, რომელიც ამოსუნთქვისას გამოიყოფა ფილტვების მეშვეობით. სისხლის უჯრედების უმრავლესობა, ერითროციტების ჩათვლით, რეგულარულად წარმოიქმნება ძვლის ტვინში. ეს არის წითელი, ღრუბლისებრი ნივთიერება, რომელიც ლულოვან ძვლებშია მოთავსებული. ჰემოგლობინისა და ერითროციტების პროდუქციისთვის ორგანიზმს სჭირდება რკინა, ვიტამინი ბ12, ფოლატები და ზოგი სხვა საკვები ნივთიერება.

ანემიის ტიპები და მიზეზები

  • რკინადეფიციტური ანემია. ანემიის ეს ტიპი, როგორც სახელწოდებაც გვიჩვენებს, დაკავშირებულია ორგანიზმში რკინის დეფიციტთან, სამარაგო რკინის შემცირებასთან. ჩვენს ძვლის ტვინს რკინა ჰემოგლობინის წარმოსაქმნელად სჭირდება. როდესაც რკინის მარაგი არ არის სათანადო, ორგანიზმი ვერ წარმოქმნის ერითროციტებისთვის საკმარის ჰემოგლობინს. ამ ტიპის ანემია უმეტესად სისხლის კარგვით არის გამოწვეული, მაგალითად, გახანგრძლივებული და ჭარბი მენსტრუაციის, კუჭისა და თორმეტჯოგა ნაწლავის წყლულის, სიმსივნის, საჭმლის მომნელებელი სისტემის პოლიპის, ასპირინისა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების გამო.
  • ვიტამინდეფიციტური ანემიები. წითელი უჯრედების წარმოსაქმნელად ორგანიზმს რკინასთან ერთად სჭირდება ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი ბ12-იც. თუ საკვებში საკმარისი რაოდენობით არ არის ეს კომპონენტები, ვითარდება ანემია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ერიოთროციტების წარმოქმნის დარღვევა. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი საკმარისი რაოდენობის ბ12-ს იღებს, მაგრამ ანემია ვითარდება შეწოვის დარღვევის გამო.
  • ანემია ქრონიკული დაავადებების დროს. ზოგიერთი ქრონიკული დაავადების, მაგალითად სიმსივნის, შიდსის, რევმატოიდული ართრიტის, კრონის დაავადების დროს ზიანდება წითელი უჯრედების წარმოქმნის მექანიზმი. ანემიის მიზეზი შეიძლება იყოს თირკმელების ქრონიკული უკმარისობაც.
  • აპლაზიური ანემია- ანემიის ეს ტიპი იშვიათია. საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და სიცოცხლისთვის საშიშიც არის. აპლაზიური ანემიის დროს დაქვეითებულია ძვლის ტვინის მიერ წითელი უჯრედების (ზოგჯერ - სხვა უჯრედებისაც) წარმოქმნის უნარი. აპლაზიური ანემიის მიზეზი შეიძლება იყოს ინფექცია, რომელიმე მედიკამენტი, აუტოიმუნური დაავადება.
  • ძვლის ტვინის დაავადებებთან დაკავშირებული ანემია. ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, ლეიკემია ან მიელოდისპლაზია, შესაძლოა ანემიის მიზეზად იქცეს - ამ დროს ძვლის ტვინის დაზიანების გამო ირღვევა ერითროციტების წარმოქმნა. ამ სიმსივნური და სიმსივნის მსგავსი დაავადებების თანმხლები ანემია შესაძლოა იყოს უმნიშვნელოც, ზომიერიც და ისეთი მკვეთრიც, რომ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. ანემიის მიზეზად შეიძლება იქცეს სისხლისა და ძვლის ტვინის სიმსივნეებიც - მრავლობითი მიელომა, მიელოპროლიფერაციული დაავადებები და ლიმფომა.
  • ჰემოლიზური ანემიები. ანემიის ეს ტიპი ვითარდება, როცა სისხლის წითელი უჯრედები ისე სწრაფად იშლებიან, რომ ძვლის ტვინი ახლების წარმოქმნას ვერ ასწრებს. არსებობს არაერთი დაავადება, როდესაც სისხლის უჯრედების დაშლა ანუ ჰემოლიზი გაძლიერებულია. ჰემოლიზური ანემია თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც.
  • ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია. ანემიის ეს თანდაყოლილი ტიპი, ანომალიური ჰემოგლობინი ერითროციტს უჩვეულო ნამგლისებრ ფორმას აძლევს. ნამგლისებრი ფორმის ერითროციტები ადრე იშლება, რაც ანემიას იწვევს.
  • სხვა ანემიები. არსებობს ანემიის სხვა, იშვიათი ფორმებიც, მაგალითად, თალასემია და დეფექტურ ჰემოგლობინთან დაკავშირებული ანემიები.

არსებობს ფაქტორები, რომლებიც ზრდის ანემიის რისკს. მათ შორის აღსანიშნავია:


ანემიის რისკფაქტორები

  • ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტი - ვეგეტარიანული რაციონი, რომელიც ღარიბია იოლად ასათვისებელი რკინით, ვიტამინ ბ12-ითა და ფოლიუმის მჟავათი;
  • ნაწლავის დაავადებები - ცელიაკია, კრონის დაავადება, რომლებიც იწვევს ფაღარათს და არღვევს შეწოვას წვრილ ნაწლავში; ანალოგიური პრობლემა წარმოიშობა წვრილი ნაწლავის ნაწილის ქირურგიული ამოკვეთის- რეზექციის - დროს;
  • გინეკოლოგიური დაავადებები, რომლებიც გახანგრძლივებულ და ჭარბ მენსტრუაციას იწვევს;
  • ორსულობა. ორსულებს რკინადეფიციტური ანემიის რისკი უფრო მაღალი აქვთ. ეს ბუნებრივიცაა - რკინის მარაგი იხარჯება მოცირკულირე სისხლის მოცულობის მომატებისა და ნაყოფის სისხლის ფორმირებისთვის;
  • ქრონიკული დაავადებები - სიმსივნე, თირკმელების უკმარისობა, ღვიძლის დაავადებები და სხვა, რომელთა დროსაც წითელი უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა იკლებს; ნელი, მაგრამ ქრონიკული სისხლის კარგვა, დაკავშირებული ქრონიკულ მდგომარეობებთან (ბუასილი, წყლული);
  • გენეტიკა - თუ თანდაყოლილი ანემია აქვთ სისხლით ნათესავებს: მშობლებს, და-ძმას;
  • სხვა ფაქტორები- ზოგიერთი ინფექცია, სისხლისა და აუტოიმუნური დაავადებები, ალკოჰოლიზმი, ტოქსიკური ნივთიერებები, ზოგიერთი მედიკამენტი.

ანემიის გართულებები

თუ ანემიას დროულად და სათანადოდ არ ვუმკურნალეთ, შესაძლოა, საქმე სერიოზულ გართულებამდე მივიდეს:

  • ძლიერი საერთო სისუსტე. მძიმე ანემიის დროს საერთო სისუსტე იმდენად ძლიერია, რომ ხელი ეშლება ყოველდღიურ საქმიანობას, მკვეთრად უარესდება ცხოვრების ხარისხი.
  • გულისმხრივი ჩივილები. ანემიამ შესაძლოა არითმია - ხშირი და არარეგულარული გულისცემა - გამოიწვიოს. ეს ბუნებრივიცაა: გულს ხომ გაძლიერებული მუშაობა უწევს, რომ ქსოვილები ჰემოგლობინისა და ერითროციტების დეფიციტის დროსაც კი უზრუნველყოს ჟანგბადით. გულის გაძლიერებული მუშაობა შესაძლოა გულის უკმარისობის მიზეზად იქცეს.
  • სიკვდილი. ზოგიერთი თანდაყოლილი ანემია, მაგალითად, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, სიცოცხლისთვის სახიფათოა. დიდი რაოდენობით სისხლის სწრაფი კარგვა მწვავე, სასიკვდილო ანემიას იწვევს.

ანემიის დიაგნოსტიკა

ანემიის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა:

  • ფიზიკალური გამოკვლევა ანუ პაციენტის გასინჯვა. ამ დროს ექიმი გულდასმით იკვლევს ორგანიზმს, ყურადღებას აქცევს ლორწოვანების ფერს, ისმენს გულს, სინჯავს მუცელს. გასინჯვისას შეიძლება აღმოაჩინონ როგორც უშუალოდ ანემიით განპირობებული ცვლილებები, ისე ანემიის გამომწვევი დაავადებების სიმპტომები. არის შემთხვევები, როდესაც არავითარი ცვლილება არ ვლინდება.
  • სრულყოფილი სისხლის საერთო ანალიზი. უნდა განისაზღვროს არა მარტო ერითროციტებისა და ჰემოგლობინის შემცველობა, არამედ ზოგიერთი სხვა მაჩვენებელიც.
  • ერითროციტების ზომისა და ფორმის განსაზღვრა. ერითროციტების შეფერილობა, ფორმის თავისებურებები არცთუ იშვიათად ეხმარება ექიმს დიაგნოზის დასმაში. მაგალითად, რკინადეფიციტური ანემიის დროს სისხლის წითელი უჯრედები ანუ ერითროციტები უფრო მცირე ზომისაა და სუსტადაა შეფერილი, ვიდრე ნორმისას. ვიტამინდეფიციტური ანემიების დროს ერითროციტების ზომა უფრო დიდია, რაოდენობა კი მცირე.

დამატებითი კვლევები

თავად ანემიის დიაგნოზის დასმა არ არის ძნელი; გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს მიზეზის დადგენა. ამისთვის ხშირად საჭიროა დამატებითი კვლევაც. მაგალითად, რკინადეფიციტური ანემია შეიძლება განპირობებული იყოს წყლულიდან, კოლინჯის პოლიპიდან, მსხვილი ნაწლავის კიბოდან ქრონიკული სისხლდენით, ანდა დაკავშირებული იყოს სიმსივნესთან, თირკმელების ქრონიკულ უკმარისობასთან. ზოგჯერ ანემიის დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია ძვლის ტვინის გამოკვლევა.

როგორ ვუმკურნალოთ ანემიას

ანემიის მკურნალობის მეთოდები მის მიზეზზეა დამოკიდებული.

რკინადეფიციტურ ანემიას მკურნალობენ რკინის პრეპარატებით. როცა ამ ტიპის ანემიის მიზეზი სისხლის ქრონიკული კარგვაა, აუცილებელია გამომწვევი ფაქტორის მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში საეჭვოა, მკურნალობამ შედეგი გამოიღოს.

ვიტამინდეფიციტური ანემიები- ფოლიუმის მჟავასა  და ვიტამინ ბ12-ის დეფიციტით განპირობებული ანემიის დროს ინიშნება შესაბამისი ვიტამინები.

ანემია ქრონიკული დაავადებების დროს - ამ ტიპის ანემიის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ექიმები, უპირველეს ყოვლისა, მკურნალობენ ძირითად დაავადებას. როცა ანემია მძიმეა, ხოლო სიმპტომები - შემაწუხებელი, შესაძლოა დაინიშნოს სისხლის ტრანსფუზია (გადასხმა) ან ერითროპოეტინის ინექცია. ეს არის ჰორმონი, რომელსაც, ჩვეულებრივ, წარმოქმნის თირკმელი და ერითროციტების წარმოქმნას - ერითროპოეზს ასტიმულირებს.

აპლაზიური ანემია- ამ შემთხვევაში საჭიროა ერითროციტების ან სისხლის გადასხმა. თუ ძვლის ტვინის მიერ სისხლის უჯრედების წარმოქმნა მკვეთრადაა დაქვეითებული, შესაძლოა ჩატარდეს ძვლის ტვინის გადანერგვა.

ძვლის ტვინის დაავადებებთან დაკავშირებული ანემიები. ამ დროს შესაძლოა არჩეულ იქნეს მკურნალობის სხვადასხვა გზა, მედიკამენტურით დაწყებული, ქიმიოთერაპიითა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციით დამთავრებული.

ჰემოლიზური ანემიები. ამ დროს მნიშვნელოვანია, შეწყდეს ჰემოლიზის გამომწვევი მედიკამენტების მიღება, ჩატარდეს ინფექციების მკურნალობა, აუტოიმუნური ჰემოლიზის შემთხვევაში - დაინიშნოს იმუნურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები. ანემიის სიმძიმის გათვალისწინებით, შესაძლოა ჩატარდეს სისხლის გადასხმა ან პლაზმაფერეზი - პლაზმის მოცილება. არის შემთხვევები, როცა აუცილებელი ხდება ელენთის ამოკვეთა.

ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია. ამ ტიპის ანემიის მკურნალობა ითვალისწინებს ჟანგბადის გამოყენებას, ტკივილის შემცირებას, ანემიასთან დაკავშირებული ტკივილის შესამცირებლად სითხეების გადასხმას. შესაძლოა, საჭირო გახდეს სისხლის ტრანსფუზია, ფოლიუმის მჟავას, ანტიბიოტიკების მიღება. ზოგჯერ ეფექტურია ძვლის ტვინის გადანერგვა. შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ჰიდროქსიურეა - სიმსივნის სამკურნალო პრეპარატი.

თალასემია. ამ ტიპის ანემიას მკურნალობენ სისხლის გადასხმით, ფოლიუმის მჟავათი, ელენთის ამოკვეთით, ძვლის ტვინის გადანერგვით ან სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებით.

როგორ ავიცილოთ თავიდან ანემია

სამწუხაროდ, ანემიის ზოგიერთი სახეობის თავიდან აცილება შეუძლებელია, თუმცა რკინადეფიციტური და ვიტამინდეფიციტური ანემიების პროფილაქტიკა ჩვენს ხელთაა. ამისთვის აუცილებელია ვიტამინებით, რკინით, ფოლიუმის მჟავათი მდიდარი საკვების მიღება.

  • რკინით მდიდარია ხორცი, პარკოსნები, მუქი მწვანე ბოსტნეული, ჩირი; არსებობს რკინით გამდიდრებული პურიც;
  • ფოლატები- ეს ნუტრიენტები და მათი სინთეზური ფორმა, ფოლიუმის მჟავა, არის ციტრუსებში, ბანანში, მუქ მწვანე ბოსტნეულში, რკინით გამდიდრებულ პურეულში;
  • ვიტამინი ბ12 არის ხორცსა და რძის ნაწარმში, ამატებენ სოიის რძეს.
  • ც ვიტამინით მდიდარია ციტრუსები, ნესვი, კენკრა. ეს ხელს უწყობს რკინის შეწოვას.

თუ ახლო ნათესავებს აქვთ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია ან თალასემია, რეკომენდებულია გენეტიკური კონსულტაცია.