თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები: დიაგნოსტიკა და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები: დიაგნოსტიკა და მკურნალობა

თირკმელზედა ჯირკვალი ქერქოვანი და ტვინოვანი შრისგან შედგება.

ქერქოვანი შრე გამოიმუშავებს:

  • მინერალკორტიკოიდებს, რომლებიც პასუხს აგებენ წყლისა და მინერალური მარილების ცვლაზე (ალდოსტერონი, კორტიკოსტერონი, დეზოქსიკორტიკოსტერონი);
  • გლუკოკორტიკოსტეროიდებს, რომლებიც არეგულირებენ ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლას (კორტიზოლი, კორტიკოსტერონი);
  • სასქესო ჰორმონებს.

ტვინოვანი შრე გამოიმუშავებს:

  • ადრენალინს;
  • ნორადრენალინს.

თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები ორგანიზმში პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. დაავადების სურათი პათოლოგიური პროცესის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული.

რამ შეიძლება გამოიწვიოს თავად თირკმელზედა ჯირკვლის დაავადება?

მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც თავად თირკმელზედა ჯირკვალში, ისე მის მარეგულირებელ ორგანოებში, ჰიპოფიზსა და ჰიპოთალამუსში, განვითარებული პროცესი.

ქერქოვანი შრის პათოლოგია შესაძლოა გამოწვეული იყოს თავის ტვინის იმ ფუნქციის დარღვევით, რომელიც თირკმელზედა ჯირკვალში ჰორმონების გამომუშავების აქტივობაზე ახდენს გავლენას. ამ მექანიზმის დარღვევისას ჰორმონების სეკრეცია იმატებს ან იკლებს.

თირკმელზედა ჯირკვალში ახალწარმონაქმნის არსებობა შესაძლოა იმ ჰორმონის მუდმივი ჰიპერფუნქციის მიზეზად იქცეს, რომლის გამომუშავების უბანშიცაა განვითარებული სიმსივნე.

თანდაყოლილი პათოლოგია, ანთებითი დაავადებები, ჯირკვალში სისხლის მიმოქცევის დარღვევები გამშვები მექანიზმის როლს ასრულებს სიცოცხლისთვის საშიში ისეთი მდგომარეობისთვის, როგორიცაა თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.

თირკმელზედა ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია:

  • თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა (ნელსონის სინდრომი);
  • თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა (ადისონის დაავადება);
  • თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის სიმსივნეები: ალდოსტერომა, გლუკოკორტიკოიდოსტერომა, ანდოსტერომა, კორტიკოსტერომა, გლუკოანდოსტერომა;
  • კუშინგის სინდრომი - ორგანიზმზე თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონების ჭარბი (ენდოგენური ან ეგზოგენური) ზემოქმედება;
  • კუშინგის დაავადება - ჰიპოფიზის ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ჭარბი გამომუშავება, რომლის დროსაც თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპერსტიმულაცია ხდება;
  • ფეოქრომოციტომა - თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის სიმსივნე;
  • თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია (ადრენოგენიტალური სინდრომი).

კლინიკური სიმპტომები

თირკმელზედა ჯირკვლის დაავადების კლინიკური სურათი ძალზე მრავალფეროვანია და პათოლოგიური პროცესის რაობაზეა დამოკიდებული.

თავის ტვინის მიერ თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების გაძლიერებული სტიმულაციისას ვითარდება კუშინგის სინდრომი, რომელიც ვლინდება სხეულის ზედა ნახევრის სიმსუქნით, კუნთების ატროფიით, არტერიული წნევის მომატებით და სხვა.

თირკმელზედა ჯირკვლის აქტივობის დაქვეითებისას, როდესაც ჰიპოფიზი ვერ ახერხებს მისი მუშაობის სტიმულაციას, ვითარდება ადისონის დაავადება (თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა). ამ შემთხვევაში თავს იჩენს ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენილობა, კანი თავისებურ მოოქროსფრო-მოყავისფრო ფერს იღებს, სუსტდება მადა და სხეულის მასა, ხშირია გულისრევა და ღებინება.

თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებათა სტრუქტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია თირკმელზედა ჯირკვლის როგორც ქერქოვან, ისე ტვინოვან შრეში განვითარებულ სიმსივნეებს.

ქერქოვან შრეში უმთავრესად იმ უჯრედების კიბო ვითარდება, რომლებიც ალდოსტერონის სინთეზს ახდენს. ეს იწვევს ჰიპერალდოსტერონიზმს, რომელიც არტერიული წნევის მომატებით, შეშუპებით, კუნთოვანი სისუსტითა და კრუნჩხვით გამოიხატება.

ტვინოვანი შრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ვერაგი სიმსივნეა ფეოქრომოციტომა. სწორედ ისაა კატექოლამინური კრიზის ყველაზე გავრცელებული მიზეზი. ამ დროს სისხლში დიდი რაოდენობით გადმოიტყორცნება ადრენალინი და სხვა ბიოგენური ამინები.

ფეოქრომოციტომის სიმპტომებია: არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც ძნელად ემორჩილება მკურნალობას, გულის ფრიალი, თავის ტკივილი, რომელსაც გულისრევა და პირღებინება ახლავს თან, ოფლიანობა, სისუსტე, წონის კლება. კრიზის დროს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ერთბაშად და მკვეთრად იჩენს თავს. არტერიული წნევა 220/120 მმ ვწყ. სვ-მდე იწევს, კანი ფითრდება, ოფლის გამოყოფა ძლიერდება, გუგები ფართოვდება, სხეულის ტემპერატურა იმატებს. ასეთი კრიზი ზოგჯერ თავისთავად გაივლის, ზოგჯერ კი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ხდება საჭირო.

დიაგნოსტიკა

ზოგადკლინიკურ კვლევებთან ერთად აუცილებელია სისხლისა და შარდის ანალიზი თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებისა და მათი მეტაბოლიტების განსაზღვრისთვის.

დამატებით ინფორმაციას გვაწვდის ინსტრუმენტული კვლევები - თირკმელზედა ჯირკვლების ექოსკოპია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია. ეს უკანასკნელი საგრძნობლად აადვილებს ოპერაციული მკურნალობის დაგეგმვას.

მკურნალობა

თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია, რომელსაც ჰორმონების სეკრეციისა და გამომუშავების შემცირება სდევს თან, კორექციას ექვემდებარება. კორტიზოლის, ალდოსტერონისა და თირკმელზედა ჯირკვლის მიერ სეკრეტირებული სასქესო ჰორმონების დეფიციტის დროს ინიშნება მათი სინთეზური ანალოგები. როგორც კი დეფიციტური ჰორმონი ორგანიზმში მოხვდება, ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი წყვეტენ თირკმელზედა ჯირკვლის სტიმულაციას. ამ დროს აუცილებელია არტერიული წნევის ხშირი ზომვა - ჰორმონების ჭარბი ან ნორმაზე ნაკლები შემცველობისას ორგანიზმში ირღვევა წყლისა და მარილის ბალანსის რეგულაცია, რის შედეგადაც არტერიული წნევა იცვლება.

თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეებს: ფეოქრომოციტომას, კონის სინდრომს (ალდოსტერომა), კუშინგის სინდრომს - ქირურგიულად მკურნალობენ.