რატომ ვითარდება სინუსიტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ვითარდება სინუსიტები

ის შესაძლოა სურდოს, გრიპის, ქუნთრუშასა თუ სხვა ინფექციური დაავადების შემდეგ გართულების სახით განვითარდეს. მწვავე სინუსიტი შეიძლება გამოიწვიოს როგორც ვირუსულმა, ისე ბაქტერიულმა ინფექციამ. არასათანადო და დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში სინუსიტი მძიმე შედეგებითაც შეიძლება გართულდეს, მაგალითად, მხედველობის ნერვის ანთებით, მენინგიტით, ოსტეომიელიტით (წიაღის არის ძვლის ჩირქოვანი ანთება) და სხვა.

რა განაპირობებს სინუსიტების განვითარებას, როგორ ვლინდება წიაღების ანთება და რა უნდა გავითვალისწინოთ მის საპროფილაქტიკოდ, ამ საინტერესო საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფოს) ოტორინოლარინგოლოგსა და პლასტიკურ ქირურგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს – ქეთევან ჯაფარიძეს:

– ქალბატონო ქეთევან, რა იწვევს სინუსიტებს?

– სინუსიტებს, ანუ ცხვირის დანამატი წიაღების ანთებას, უმთავრესად იწვევს ცხვირიდან სუნთქვის შეფერხება, თუმცა არსებობს ოდონტოგენური ანუ კბილისმიერი სინუსიტიც, გამოწვეული კბილების პათოლოგიით. ასეთი ანთება ძირითადად ვითარდება ზედა ყბის, ანუ ჰაიმორის წიაღში.

ცხვირიდან სუნთქვის დარღვევით გამოწვეული სინუსიტების დროს ანთების მიზეზი მუკოცილიარული ტრანსპორტის დარღვევაა. მკითხველისათვის გასაგები ენით რომ განვმარტოთ – მუკოცილიარული ტრანსპორტი არის ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების თვითგაწმენდის მექანიზმი. ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ ჩაისუნთქავს 15-25 ათას ლიტრ ჰაერს, რომლის გაწმენდა და გათბობა ზედა სასუნთქ გზებში ხდება. ცხვირის ღრუ პირველი ხვდება გარემოდან შემოსულ პათოგენურ მიკრობებს, სწორედ აქ ვითარდება უხშირესად ანთებითი პროცესები – ადგილობრივი იმუნიტეტის ლოკალური "ბრძოლა" პათოგენურ ფლორასთან. ამ ტრანსპორტის უწყვეტად მოძრაობას განაპირობებს ჰაერის ნაკადი. როდესაც ნაკადი რაღაც მიზეზების გამო ფერხდება, ჩერდება ცხვირისა და სინუსების მუკოცილიარული ტრანსპორტი, ირღვევა წიაღების სავალების ნორმალური ფუნქციობა, ხოლო თუ ეს პროცესი გაგრძელდა, წიაღებში არსებული უარყოფითი წნევის გამო იწყება იმ პროცესების კასკადი, რომლებიც ღრუებში ანთებითი ცვლილებების ჩამოყალიბებას განაპირობებს. წიაღებში გამუდმებით გამოიყოფა სეკრეტი, რომელიც სავალების დახშობის გამო ვერ აღწევს გარეთ, გროვდება და ერთგვარ "ბულიონს" ქმნის მიკრობების გამრავლებისთვის.

ცხვირიდან სუნთქვის შეფერხების დროს ხშირად ვითარდება პანსინუსიტი, ანუ რამდენიმე წიაღში ერთდროულად მიმდინარეობს ანთება. ყველაზე ხშირად გვხვდება ეთმოიდიტი (ცხავის ძვლის ლაბირინთის ანთება), შემდეგ ჰაიმორიტი (ზედა ყბის წიაღის ანთება), ფრონტიტი (შუბლის წიაღის ანთება) და ყველაზე იშვიათია სფენოიდიტი (სოლისებრი ძვლის წიაღის ანთება).

– რომელი სიმპტომებისას უნდა ვიეჭვოთ წიაღების ანთება? უხშირესად რას უჩივიან პაციენტები?

– ყველაზე მეტად აწუხებთ ცხვირიდან უხვი გამონადენი და ტკივილი წიაღების პროექციაზე. ხშირად სინუსიტი თავის ტკივილით გამოიხატება და სავალების დახშობის გამო გამონადენიც არ აღენიშნებათ ხოლმე, ასეთ დროს სინუსიტის დასადგენი ყველაზე მარტივი ხერხია თავის სწრაფად დახრა, ამ დროს ტკივილი წიაღების არეში მკვეთრად იმატებს.

– როგორ დგინდება სინუსიტები?

– ზოგადი ანამნეზით, შემდგომ რენტგენოლოგიური და კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევით.

– პაციენტები ხშირად თვითმკურნალობას მიმართავენ, იტარებენ სხვადასხვა პროცედურას, იღებენ ამა თუ იმ მედიკამენტს. რა არის მიუღებელი, თუნდაც დაუშვებელი ასეთ დროს და რატომ?

– საზოგადოდ, პაციენტებს ახასიათებთ მეგობრის რჩევების გათვალისწინება, მათი რეკომენდაციით ამა თუ იმ წამლის მიღება, ან კიდევ ადრე ჩატარებული მკურნალობის განმეორება. ზოგ შემთხვევაში ასეთი სახის თვითმკურნალობა ამართლებს, მაგრამ თუ რთული ანთებაა, არასწორმა მკურნალობამ შეიძლება ისეთი გართულებები გამოიწვიოს, რომელთა მკურნალობაც შემდგომ უფრო ძნელდება. შესაძლოა პაციენტი ბოლომდე ვერ განიკურნოს და სამუდამოდ დაავადდეს ქრონიკული სინუსიტით.

დაუშვებელია ანტიბიოტიკების თვითნებური მიღება, თვითნებური გამორეცხვა, რომლის დროსაც, განკურნების ნაცვლად, შესაძლოა ინფიცირება სხვა წიაღებსა და ყურშიც შევიტანოთ. ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია სპეციალისტის დახმარება.

– მედიკამენტური მკურნალობის გარდა, როგორ მკურნალობენ სინუსიტებს, რას გვეტყვით ინჰალაციებზე, ფიზიოთერაპიულ პროცედურებზე, სხვა არამედიკამენტურ საშუალებებსა თუ მეთოდებზე? რომელია ეფექტური და მიზანშეწონილი?

– გააჩნია ანთების სიმძიმეს, რთულ შემთხვევაში აუცილებელია ანტიბიოტიკოთერაპია. თუ წიაღში ჩირქია და მისი ევაკუაცია ვერ ხერხდება, ინიშნება ცხვირის ლორწოვანის შეშუპების საწინააღმდეგო და ასევე სამკურნალო წვეთები. სავალებს კარგად ხსნის ინჰალაციებიც. ეს პროცედურა ათხიერებს გამონადენს და აადვილებს მის ევაკუაციას. ადრე ხშირად მიმართავდნენ ჰაიმორის წიაღის პუნქციას, ანუ ცხვირის ღრუდან მექანიკურად ხვრეტდნენ წიაღის კედელს, გამოჰქონდათ მისი შიგთავსი და გამორეცხავდნენ. ბოლო დროს ისე დაიხვეწა მედიკამენტები, რომ პუნქციას ძალზე იშვიათად აკეთებენ.

– რას ურჩევთ მკითხველს სინუსიტების საპროფილაქტიკოდ?

– უპირველესად, აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. ზედა სასუნთქი გზებისა და მთელი ორგანიზმისათვის პირველი მტერი თამბაქოა. ის აზიანებს ლორწოვანს, რომელიც უმნიშვნელოვანესია პათოგენური მიკრობებისგან ორგანიზმის დასაცავად. ლორწოვანზე დამაზიანებლად მოქმედებს ქალაქის დაბინძურებული ჰაერი, ასევე გათბობისა თუ კონდიცირების გამო გამომშრალი ჰაერი. ამიტომ თუ მტვრიან ან "დავირუსებულ" გარემოში მოხვდით, კარგი იქნება ძილის წინ ფიზიოლოგიური ხსნარით ცხვირის ღრუს გამორეცხვა (ჯანმრთელთათვის ასეთი პროცედურის სახლში ჩატარება უსაფრთხოა, უკვე არსებული გამონადენის დროს კი სასურველია ექიმთან კონსულტაცია). ბინაში აუცილებელია ჰაერის დატენიანება. ამისთვის გამათბობელთან ან კონდიციონერის ოთახში საკმარისია წყლით სავსე ქილის მოთავსება. შეიძლება ჰაერის სპეციალური დამატენიანებლის შეძენაც.

ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენის დროს დროულად მიმართეთ ექიმს!