რატომ გვიბუჟდება კიდურები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვიბუჟდება კიდურები

 

პრობლემა ერთი შეხედვით არცთუ ისე სერიოზულია, მაგრამ გარკვეულ დისკომფორტს უდავოდ იწვევს, ბევრს შრომაშიც კი უშლის ხელს. რის ნიშანია ხელების დაბუჟება? როგორ დავაღწიოთ თავი დისკომფორტს? ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებს გორის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ანგიო-ქირურგიული და მიკროქირურგიული სამსახურის კურატორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ვასილ გორგაძე.

- ხელების დაბუჟებას სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები უჩივიან. რა იწვევს ამ სიმპტომს? მხოლოდ სისხლძარღვთა დაავადებებს მიუძღვის ბრალი თუ სხვა მიზეზიც არსებობს?

- კიდურების დაბუჟებას უმთავრესად ნეიროპათიები და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები იწვევს.

ნეიროპათიის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ხერხემლის დაავადება - ოსტეოქონდროზი, დისკოპათია, სკოლიოზი, კიფო-სკოლიოზი, მალების კისტა;
  • სიმსივნე;
  • ქრონიკული სპეციფიკური ანთება (მაგალითად, ტუბერკულოზი);
  • ოსტეოპოროზი;
  • განვითარების მანკი (სპინა ბიფიდა);
  • პერიფერიული ნერვების ანთება - ნევრიტი, ინტოქსიკაცია;
  • შაქრიანი დიაბეტი (დიაბეტური - ნეიროპათია);
  • ტრავმული ნევრიტი.

სისხლძარღვთა დაავადებებიდან დაბუჟება ახასიათებს უმთავრესად სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვე-ვებს როგორც არტერიული, ასევე ვენური პათოლოგიების დროს. პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა თან სდევს თრომბოზს, ემბოლიას, სისხლძარღვთა ტრავმულ დაზიანებას. კიდურების დაბუჟება მოსალოდნელია ქრონიკული არტერიული და ვენური უკმარისობის დროსაც, მაგრამ უფრო გვიან სტადიებში.

- ძირითადად რომელი კლინიკური ნიშნებით ვლინდება დაავადებები, რომლებიც კიდურების დაბუჟებას იწვევს? ვის მიმართოს ადამიანმა კიდურების დაბუჟების შემთხვევაში?

- კიდურების დაბუჟება თვითონვეა ზოგიერთი დაავადების სიმპტომი, მაგრამ დამოუკიდებლად თითქმის არ გვხვდება - თავს იჩენს სხვა სიმპტომებთან ერთად, რომელთა კომპლექსის საფუძველზე დაისმის საბოლოო დიაგნოზი. უწინარეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს, რომელი სისტემის პათოლოგიისთვის არის დამახასიათებელი მოცემული სიმპტომოკომპლექსი და ამის მიხედვით გაიგზავნოს პაციენტი სპეციალისტთან - ანგიოლოგთან ან ნევროპათოლოგთან.

სისხლძარღვთა დაავადებების დროს დაბუჟებასთან ერთად, წესისამებრ, ვლინდება:

  • კიდურების გაცივება;
  • გაფითრება ან ციანოზი;
  • ტკივილი დატვირთვის დროს;
  • შორს წასულ შემთხვევაში - კიდურის ფუნქციის მოშლა და ტროფიკული ცვლილებები.

პერიფერიული ნერვების პათოლოგიით გამოწვეული დაბუჟება კი, პირიქით, ხშირად იჩენს თავს მოსვე-ნებისას - ძილის დროს, ხანგრძლივი ჯდომისას, ხოლო ფიზიკური დატვირთვის შემდეგ მცირდება ან ქრება. ნეიროპათიას არ ახასიათებს კიდურების გაცივება, ფერის შეცვლა, პულსის გაქრობა, კიდურის შეშუპება, ტროფიკული ცვლილებები - ჰიპერპიგმენტაცია, წყლულებისა და ნეკროზების წარმოქმნა.

დიაგნოზის დაზუსტებაში დიდ როლს ასრულებს დაავადების ანამნეზი და მიმდინარეობა.

როდესაც ავადმყოფს აქვს ათეროსკლეროზი, არტერიული სისხლის მიმოქცევის მოშლა ან ქრონიკული ვენური უკმარისობა ტროფიკული წყლულებითა და ნეკროზული ცვლილებებით, ლოგიკური იქნება, კიდურების დაბუჟების მიზეზად მივიჩნიოთ სისხლძარღვთა არსებული პათოლოგია, ხოლო თუ ანამნეზში მოყვანილია ოსტეოქონდროზი, დისკოპათია,  კიფოსკოლიოზი ან შაქრიანი დიაბეტი, დაბუჟების მიზეზად ნეიროპათია უნდა ვივარაუდოთ. შესაბამისად, კვლევაც საბოლოო დიაგნოზის ჩამოყალიბებამდე ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს.

- თქვენ შაქრიანი დიაბეტი ახსენეთ. შეიძლება თუ არა, კიდურების დაბუჟების მიზეზი დიაბეტური ანგიოპათია იყოს?

- დიაბეტური ანგიოპათია შაქრიანი დიაბეტის ფონზე სისხლძარღვებში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებების შედეგია. შაქრიანი დიაბეტისათვის დამახასიათებელია მიკროცირკულაციის გენერალი-ზებული მოშლა. ამ უკანასკნელს განაპირობებს სისხლძარღვების (ძირითადად - მცირე ზომის სისხლ-ძარღვთა) შიგნითა გარსის გადაგვარება, გასქელება და სანათურის მკვეთრი შევიწროება. ამ ცვლილებათა გამო ირღვევა სისხლის მიმოქცევა ყველა ორგანოში და იწყება ამ ორგანოებისა და ანატომიური სტრუქტუ-რების დისტროფიული ცვლილებები. ყველაზე ხშირად პროცესში ერთვება ბადურას სისხლძარღვები (დიაბეტური ანგიორეტინოპათია), თირკმლის სისხლძარღვები (დიაბეტური ანგიონეფროპათია).

ასეთივე პათოლოგიური პროცესები მიმდინარეობს ნერვულ სისტემაში, ამიტომ დიაბეტურ ანგიო-პათიასთან ერთად ვითარდება დიაბეტური ნეიროპათიაც, რომელიც ვლინდება შესაბამისი კლინიკური სურათით - მგრძნობელობის დაქვეითებით ხელისა და ფეხის თითებში და კიდურების დაბუჟებით.

- როგორ მკურნალობენ დიაბეტურ ანგიოპათიას? რას ურჩევთ ასეთ შემთხვევაში პაციენტებს?

- მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია შაქრიანი დიაბეტის კომპენსაცია. კერძოდ, აუცილებელია ნახშირწყლოვანი ცვლის მოწესრიგება, სისხლში  გლუკოზის დონის დაწევა 5,5 მმოლ/ლ-მდე. საჭიროა იმ პრეპარატების დანიშვნა, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ მდგომარე-ობას, ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას. ინიშნება ანტიკოაგულანტებიც. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აუცილებელია დიაბეტური პოლინეიროპათიის მკურნალობა (B ჯგუფის ნეიროტროპული ვიტამინები). ჩირქოვანი გართულების აღმოცენებისას საჭიროა ანტიბაქტერიული მკურნალობა. კიდურებზე ტროფიკული მოშლილობის ნებისმიერი გამოვლინებისას, გირჩევთ, მიმართოთ სისხლძარღვთა ქირურგს.


 

- რომელი სადიაგნოზო მეთოდები გამოიყენება დაბუჟების მიზეზის დასადგენად?

- ნეიროპათიის სავერიფიკაციოდ, უწინარეს ყოვლისა, ხდება ხერხემლის გამოკვლევა - წელისა და კისრის მალების რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (ორი უკანასკნელი რენტგენზე გაცილებით ინფორმაციულია). ნერვკუნთოვანი აპარატის ფუნქციობისა და პერიფერიული ნერვების გამტარობის ხარისხის დასადგენად წარმატებით იყენებენ ელექტრონეირო-მიოგრაფიას. შაქრიანი დიაბეტის გამოსავლენად განისაზღვრება სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია.

სისხლძარღვთა პათოლოგიის სადიაგნოსტიკოდ ფართოდ გამოიყენება კვლევის არაინვაზიური მეთოდი - დოპლეროგრაფია (სისხლძარღვთა დუპლექსსკანირება).

ეს გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, შევაფა-სოთ სისხლძარღვების გარეთა და შიგნითა დიამეტრი, განვსაზღვროთ სისხლის ნაკადის მიმართულება, მისი ხაზოვანი და მოცულობითი სიჩქარე, შევიწროებისა და გაგანიერების ხარისხი. ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული გამოკვლევის მეთოდია რენტგენოანგიოგრაფია, ანუ სისხლძარ-ღვების კონტრასტული გამოკვლევა. მიკროცირკულაციის შესაფასებლად ინიშნება კაპილაროსკოპია. ლაბორატორიული ანალიზებიდან მნიშვნელოვანია კოაგულოგრამა - სისხლის შედედების ფუნქციის განსაზღვრა, რომელშიც შედის ისეთი ფაქტორების გამოკვლევა, როგორიცაა სისხლის შედედების დრო, პროთრომბინის დრო, პროთრომბინის ინდექსი, საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება (INR), ფიბრინოლიზური აქტივობა და სხვა.

- მკითხველები ხშირად გვწერენ, რომ მომატებული აქვთ პროთრომბინი და გვეკითხებიან, ამით ხომ არ აიხსნება მათი ავადმყოფობა. შეიძლება თუ არა, პროთრომბინის მომატებამ გამოიწვიოს რაიმე დაავა-დება, თუნდაც ხელების დაბუჟება?

- პროთრომბინი არის ცილა, რომელიც სისხლის შედედებაში მონაწილეობს. ძალიან უხეშად რომ ავხსნათ, პროთრომბინი ხელს უწყობს თრომბინის წარმოქმნას, თრომბინი - ფიბრინოგენისას, ფიბრინოგენი - ფიბრინისას, ხოლო ეს უკანასკნელი სისხლძარღვის სანათურში ქმნის ფიბრინულ ბადეს, სადაც ილექებიან თრომბოციტები და წარმოიქმნება თრომბი. თავისთავად პროთრომბინის მომატებამ შეუძლებელია გამოიწვიოს რაიმე კლინიკური გამოვლინება (წვა, დაბუჟება და სხვა), ვიდრე არ განვითარდება ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა (ანუ არ მოიმატებს შედედების სხვა ფაქტორებიც), არ დაირღვევა შედედების სისტემა და არ ჩამოყალიბდება პათოლოგიური მდგომარეობა - არტერიული ან ვენური თრომბოზი, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია სისხლის მიმოქცევის სხვადასხვა ხარისხის დარღვევით. ამრიგად, პროთრომბინის მაჩვენებლის მომატება პოთოლოგიური მდგომარეობის მიზეზი კი არა, შედეგია. ის მიგვანიშნებს შედედების სისტემის გააქტიურებაზე, ჰიპერკოაგულაციურ მდგომარეობაზე, რომელიც დაავადების ფონზეა განვითარებული ან მისი განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.

- ხომ არ ახასიათებს კიდურების დაბუჟებას სეზონურობა ან კავშირი დღის რომელიმე მონაკვეთთან?

- კიდურების დაბუჟება, როგორც აღვნიშნეთ, უმთავრესად პერიფერიული ნერვებისა და სისხლძარღვთა დაავადებებით არის გამოწვეული. მათ სეზონური გამწვავებები არ ახასიათებთ, თუ არ ჩავთვლით სიცივის ფაქტორს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს, განსაკუთრებით - სისხლძარღვთა პათოლო-გიების დროს. რაც შეეხება დღე-ღამის ამა თუ იმ მონაკვეთთან კავშირს, ნეიროპათიის შემთხვევაში კიდურების დაბუჟება უფრო ღამით არის გამოხატული, ხოლო სისხლძარღვთა დაავადებისას - დღისით, რასაც ფიზიკური დატვირთვა განაპირობებს.

- რას ურჩევთ ასეთ პაციენტებს, როგორ ვუმკურნალოთ კიდურების დაბუჟებას?

- ყველა დაავადება, რომელიც კი კიდურების დაბუჟებას იწვევს, საჭიროებს დროულ და სწორ დიაგნოს-ტიკას (რაც, მერწმუნეთ, ყოველთვის არ არის ადვილი), ხოლო შემდეგ - მკურნალობის რაციონალური ტაქტიკის შერჩევას და მის კვალიფიციურ შესრულებას. ყოველივე ეს გამოცდილი სპეციალისტის ჩაურე-ვლად შეუძლებელია. ასე რომ, ერთადერთი, რაც ავადმყოფს ევალება, სპეციალისტთან დროულად მისვლა და მისი მეთვალყურეობით მკურნალობაა. როდესაც ავადმყოფი მკურნალობს არასპეციალი-სტთან, ექიმბაშთან ან ეწევა თვითმკურნალობას, დიდია ალბათობა, მივიღოთ არასასურველი შედეგი ან განვითარდეს სხვადასხვა გართულება. იმ დაავადებათა უმრავლესობა, რომლებიც კიდურების, კერძოდ, ხელების დაბუჟებებით ვლინდება, ქრონიკულია და ხანგრძლივ, კურსობრივ მკურნალობას საჭიროებს.

ხშირად სწორი მკურნალობა იწვევს დამაკმაყოფილებელ შედეგს, რაც გამოიხატება ხანგრძლივი რემისიით და კლინიკურ გამოვლინებათა შემცირებით ან გაქრობით.