ალერგიის დიაგნოსტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალერგიის დიაგნოსტიკა

ბუნებრივია, აინტერესებთ ალერგიის გამომწვევი შესაძლო მიზეზები და მათი დიაგნოსტიკური საშუალებები. რა რესურსები აქვს ამ თვალსაზრისით თანამედროვე ალერგოლოგიას და როგორია კვლევებით მიღებული შედეგები?

ამ კითხვებით ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრს ვესტუმრეთ. ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი 1999 წელს პროფესორმა მაია გოთუამ დააარსა. ქალბატონი მაიას ხელმძღვანელობით 17 წლის მანძილზე ალერგოლოგთა ახალი თაობა აღიზარდა. ისინი ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში მოღვაწეობენ და მკურნალობენ როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილ პაციენტებს. ცენტრის ახალი საერთაშორისო სიახლეა ვენის სამედიცინო უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულება მოლეკულური ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

გვესაუბრება ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი, თსსუ-ს დოქტორანტი, ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის ახალგაზრდების სამუშაო ჯგუფის წევრი, ნინო ლომიძე.

- სადღეისოდ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს ზუსტ დიაგნოზზე, გვეხმარება პაციენტზე მორგებული მკურნალობის სათანადო გეგმის შემუშავებაში, პრევენციული ღონისძიებების დასახვასა და ალერგიული დაავადების მქონე პირთათვის სწორი რეკომენდაციების მიცემაში.

არსებული ალერგიული დაავადებების სადიაგნოზო მეთოდები პირობითად შეიძლება დავყოთ ინ ვივო და ინ ვიტრო ტესტებად. ინ ვივო ტესტების დროს დიაგნოსტიკური ალერგენების ხსნარები უშუალოდ პაციენტის კანზე, წინამხრის ან ზურგის არეში თავსდება. ინ ვივო ტესტების მაგალითებია კანის პრიკ-ტესტები, ფეჩ-ტესტები.

ინ ვიტრო კვლევა პაციენტის სხეულის გარეთ, უმთავრესად მისი ვენური სისხლის გამოყენებით ტარდება. აღნიშნულის გარდა, ალერგიული დაავადებების დროს ხშირად საჭირო ხდება გარეგანი სუნთქვის ფუნქციის შესწავლა სპეციალური ხელსაწყოთი - სპირომეტრით, ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ოქსიდის შემცველობის განსაზღვრა და სხვა.

- რას ემყარება ალერგიის დიაგნოსტიკური, ე. წ. „კანის ტესტები“, როდის არის რეკომენდებული და როდის არა ეს კვლევები?

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანის ტესტები ინ ვივო ტესტებია. ამ დროს ალერგენი უშუალოდ ზემოქმედებს პაციენტის კანზე. ტესტირება შეიძლება როგორც საინჰალაციო (ალერგენები, რომლებიც ორგანიზმში ხვდება შესუნთქვით - მცენარეთა მტვერი, ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი, სოკოს სპორები), ისე კვებითი ალერგენების მიმართ. კანის ტესტის მაგალითია მედიკამენტური სინჯი. კანის ტესტი საკმაოდ მაღალი მგრძნობელობისაა. ის სწრაფია, დაახლოებით ნახევარ საათშია შესაძლებელი შედეგის შეფასება და „დამნაშავე ალერგენის“ დადგენა.

კანის ტესტთაგან ინფორმაციული კვლევაა ე. წ. ფეჩ-ტესტები. ამ დროს პაციენტს ზურგზე აკრავენ კონტაქტური დერმატიტის შესაძლო გამომწვევების შემცველ „კამერებს“. ტესტის შედეგების შეფასება ხდება 48-72 საათის შემდეგ კანზე არსებული ცვლილებების მიხედვით. ფეჩ-ტესტებით მნიშვნელოვან მონაცემებს ვიღებთ კოსმეტიკური საშუალებების, ბიჟუტერიაში გამოყენებული სხვადასხვა მეტალისა და ქიმიური ნივთიერების მიმართ ალერგიის დროს.

ზოგიერთ შემთხვევაში კანის ტესტები არ ტარდება. მაგალითად, როცა პაციენტი იღებს ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებებს, კანის რეაქტიულობის დათრგუნვის გამო ტესტის შედეგი არ იქნება ზუსტი. ამიტომ ტესტის ჩატარება რეკომენდებულია ანტიალერგიული პრეპარატების შეწყვეტიდან 3-7 დღის შემდეგ.

ზედმეტად მგრძნობიარე კანი კანის ტესტით სარწმუნო შედეგებს ვერ მოგვცემს, ასეთ დროს ობიექტური მონაცემების მიღება ჰიპერრეაქტიულობის მოხსნით ან ინ ვიტრო ტესტებითაა შესაძლებელი.

კანის ალერგოლოგიური ტესტირება არც იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუკი პაციენტს, სავარაუდო „დამნაშავე“ ალერგენზე ცოტა ხნის წინ ანაფილაქსიური შოკი ან რაიმე ძლიერად გამოხატული ალერგიული რეაქცია ჰქონდა. ასეთ დროს კანის ალერგოლოგიური ტესტირება 6 კვირის შემდეგ ან ინ ვიტრო კვლევითაა დასაშვები.

- ალერგიული პაციენტებისათვის კარგადაა ცნობილი ლაბორატორიული კვლევა, რომლითაც სისხლში იმუნოგლობულინი განისაზღვრება. საინტერესოა, რა მნიშვნელობა აქვს ამ გამოკვლევას და ანალიზის შედეგი რამდენად პროგნოზირებს ალერგიის არსებობასა თუ მისი სიმძიმის ხარისხს?

- სისხლში IgE-ს შემცველობის მომატება ხშირია ალერგიული დაავადებების დროს. სწორედ ამიტომ უტარდებათ აღნიშნული კვლევა ალერგიულ პაციენტებს. ის გარკვეულწილად დაავადების სიმძიმესთანაა ასოცირებული, თუმცა ნებისმიერი ლაბორატორიული მაჩვენებელი, მათ შორის საერთო და სპეციფიკური IgE-ს ციფრები, პაციენტის კლინიკურ სურათთან კომპლექსურად განიხილება.

- პაციენტებს ხშირად აინტერესებთ, ალერგიის გამომწვევ მიზეზებს რომელი კვლევით დაადგენენ და რამდენად შედეგიანად.

- გარემოში უამრავი პოტენციური ალერგენია, ჯანმრთელი ადამიანისათვის ისინი უვნებელია. ალერგიული პირის ორგანიზმში კი მათ საწინააღმდეგოდ ანტისხეულები გამომუშავდება. ადამიანის ვენურ სისხლში სპეციალური აპარატით შესაძლებელია განისაზღვროს ალერგენების (ოთახის მტვრისა და მცენარეული მტვრის, ცხოველთა ბეწვის, სოკოების, ფუტკრის შხამის, საკვების) საწინააღმდეგო ანტისხეულები - ეგრეთ წოდებული სპეციფიკური IgE. აპარატი, რომელიც განსაზღვრავს სპეციფიკურ IgE-ს - Iმმუნოჩაპ სისტემა, მსოფლიოში აღიარებულია ალერგოლოგიური კვლევების ოქროს სტანდარტად. ასევე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი პაციენტებისთვის, აპარატის ფუნქციონირების საიმედოობა დაცულია გარე ხარისხის კონტროლით, რომელშიც ჩართულია მსოფლიოს 50 ქვეყნის 800-ზე მეტი ლაბორატორია და მათ შორისაა ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი.

სადღეისოდ, სპეციფიკური იმუნოგლობულინის განსაზღვრის გარდა, ტარდება ე. წ. IშAჩ კვლევა. აღნიშნული კვლევა საშუალებას გვაძლევს განისაზღვროს სპეციფიკური იმუნოგლობულინი არა კონკრეტული ალერგენის, არამედ მისი ცალკეული მოლეკულური კომპონენტების მიმართ. მაგალითად, ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ზოგჯერ პაციენტისათვის რძე ალერგენია. რძე შეიცავს სხვადასხვა ცილოვან კომპონენტს. IშAჩ კვლევა ადგენს, რძის კონკრეტულად რომელი კომპონენტია პაციენტის ალერგიის მიზეზი. ეს მონაცემი კი მნიშვნელოვანია პროგნოზის განსასაზღვრად: კვლევის საშუალებით შესაძლებელია მოსალოდნელი სისტემური რეაქციის რისკის შეფასება, პაციენტის კვების რაციონიდან რძისა და რძის პროდუქტების სრულად გამორიცხვის აუცილებლობის გარკვევა და ასაკის მატებასთან ერთად რძის მიმართ ალერგიის სავარაუდო ხანგრძლივობის დადგენა. ზოგჯერ ალერგიის მიზეზი არის ცილა, რომელსაც შეიცავს არა მარტო რძე, არამედ საქონლის ხორციც. ასეთ შემთხვევაში პაციენტს ორივე პროდუქტის შეზღუდვის რეკომენდაცია ეძლევა. IშAჩ კვლევა მოლეკულურ დონეზე ადგენს 112 კომპონენტის მიმართ ალერგიას.

- მკითხველები ხშირად გვეკითხებიან ე.წ. „ფადიატოპის“ კვლევის შესახებ. თუ შეიძლება, განვუმარტოთ მათ ამ ტერმინის მნიშვნელობა.

- ფადიატოპი არის ატოპიური ანუ ალერგიული დაავადების არაატოპიურისგან განმასხვავებელი ტესტი. ტესტი მაშინ ტარდება, როცა, სამედიცინო ისტორიის მიხედვით, საეჭვოა პაციენტის ალერგიულობა. ფადიატოპი ავლენს IgE ანტისხეულების არსებობას გარემოს გავრცელებული საინჰალაციო ალერგენების მიმართ. თუ ტესტმა მათი საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობა გამოავლინა (ტესტის დადებითი შედეგი), საჭიროა შემდგომი კვლევა და კონკრეტული ალერგენის დადგენა.

- რა შემთხვევაში ტარდება ცხვირის ციტოლოგიური ნაცხის მიკროსკოპია და როგორია მისი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა?

- ამ კვლევისას მიკროსკოპულად შეისწავლება ცხვირის სეკრეტში სხვადასხვა უჯრედის - ეოზინოფილების, ნეიტროფილების, პოხიერი უჯრედების რაოდენობა და სხვა მონაცემები, მათი საშუალებით კი დადგინდება, ცხვირის ღრუს პრობლემა ალერგიულია თუ ინფექციური.

- ალერგიული დაავადებების დიაგნოსტირებისას მხოლოდ ლაბორატორიულ კვლევათა შედეგებზე დაყრდნობა რამდენად გამართლებულია?

- ჩვენი საუბრიდან ნათელია, რომ ამ ეტაპზე ალერგიული დაავადებების კვლევა ემყარება უახლეს მოლეკულურ მეთოდებს, რაც ზუსტი მონაცემების მიღების საშუალებას გვაძლევს. ამის მიუხედავად, შეუძლებელია რომელიმე გამოკვლევის განხილვა იზოლირებულად, პაციენტის კლინიკური მონაცემების გარეშე. მართალია, კვლევათა შედეგები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს, მაგრამ დიაგნოსტიკური თვალსაზრისით უმთავრესია ექიმის მიერ პაციენტის დეტალური გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია და მისი გასინჯვით გამოვლენილი დაავადების კლინიკური ნიშნები.

- რამდენად ხელმისაწვდომია ზემოთ აღწერილი კვლევები ჩვენს ქვეყანაში?

- შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის საქართველოში ყველა რესურსია ალერგიულ დაავადებათა კვლევების უახლესი ტექნოლოგიებით ჩასატარებლად.