პოლინოზი - გაზაფხულის ალერგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პოლინოზი - გაზაფხულის ალერგია

- პოლინოზი სეზონური ალერგიული დაავადებაა,  რომელიც სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებით მიმდინარეობს. მას თივის ცხელებასაც უწოდებენ, თუმცა არა თივით, არამედ ყვავილის მტვრით არის გამოწვეული  (პოლლენ მტვერს ნიშნავს).

- ვის ემუქრება პოლინოზი?

- რისკი ყველაზე მაღალია დიდი ქალაქების მცხოვრებთათვის. ისინი პოლინოზით თითქმის 10-ჯერ ხშირად ავადმყოფობენ, ვიდრე სოფლად მცხოვრებნი. ბრონქებში გამონაბოლქვისა და მავნე აირების სისტემატური მოხვედრა აქვეითებს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დამცავ ფუნქციას და მტვრის ნაწილაკები მას გაცილებით ადვილად აზიანებს. პოლინოზს ალერგიული დაავადებების სტრუქტურის თითქმის 70% უკავია.

- რომელი მცენარეების მტვერი იწვევს პოლინოზს?

- განასხვავებენ ყვავილის ორი ტიპის მტვერს: ანემოფილურს, რომელიც ქარის მეშვეობით ვრცელდება და ენტომოფილურს, რომელიც მწერებს გადააქვთ. ანემოფილური მტვრის მარცვლები უფრო წვრილია, ენტემოფილურისა კი მსხვილი. ანემოფილური მტვერი უფრო შორ მანძილზე ვრცელდება. ამით აიხსნება შემთხვევები, როცა ადამიანს ჰიპერმგრძნობელობა აქვს იმ მცენარეთა ყვავილის მტვრის მიმართ, რომელიც მათი საცხოვრებლის უშუალო სიახლოვეს არ ხარობს. ენტომოფილურ მტვერს მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს კაშკაშა ფერის სურნელოვანყვავილებიანი მცენარეები. სიმცირის გამო ის ატმოსფეროში მინიმალური რაოდენობით ხვდება, ამიტომ ასეთი მტვრის მქონე მცენარეების მიმართ ალერგია შედარებით იშვიათია. ხეების ყვავილობა აპრილის დასაწყისში იწყება, ხოლო ჰაერში მათი მტვრის კონცენტრაცია პიკს მაისის შუა რიცხვებისთვის აღწევს. მათგან ალერგიულ რეაქციებს იწვევს უმთავრესად თხმელა, თხილი, არყის ხე, მუხა, კოპიტი. მაისის ბოლოდან ივლისის დამლევამდე ყვავის მარცვლეული ბალახები: შვრია, ტიმოთელა, თივაქასრა, რეიგრასი, ჭვავი, ხოლო ოქტობრამდე - სარეველები: ჭინჭარი, ამბროზია, ნაცარქათამა. პაციენტის ჩივილების მიხედვით შესაძლებელია პოლინოზის გამომწვევი ალერგენის დადგენა. პაციენტები უმეტესად ზუსტად მიუთითებენ პერიოდს, როცა ალერგია უმწვავდებათ და უცხრებათ. ამინდი გავლენას ახდენს ჰაერში ყვავილის მტვრის კონცენტრაციაზე. მშრალ, ცხელ, ქარიან დღეებში მტვერი უკეთ ვრცელდება, წვიმის დროს კი მიწაზე ილექება, რაც ამცირებს პოლინოზის გამწვავების რისკს. თავად მცენარეებიც დღის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით გამოყეფენ მტვერს. ჰაერში მისი კონცენტრაცია დღის პირველ ნახევარში აღწევს პიკს, რაც უნდა გაითვალისწინოს ალერგიულმა ადამიანმა და ამ დროს გარეთ გასვლას ერიდოს.

- როგორია პოლინოზის სიმპტომები?

- პოლინოზი კლინიკურად კონიუნქტივიტის, რინიტისა და ასთმური სიმპტომების ერთობლიობით ვლინდება. პაციენტები უმეტესად უჩივიან თვალების, ცხვირის, სახის, ცხვირ-ხახის ქავილს, თვალების სიწითლეს, ქვიშის ჩაცვენის შეგრძნებას, ცრემლდენას, ქუთუთოების შეშუპებას. თვალიდან გამონადენი თავდაპირველად გამჭვირვალეა, შემდეგ შესაძლოა ჩირქოვანი გახდეს, მძიმე შემთხვევებში კი თვალის ლორწოვანზე წყლულებიც ჩნდება. დამახასიათებელია შეტევითი ცხვირცემინება (10-50-მდე), ცხვირიდან უხვი თხიერი გამონადენი (წყლიანი სურდო), რასაც მოჰყვება ცხვირის სრული დახშობა - “გაჭედვა”, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე და გაღიზიანება. პოლინოზი შესაძლოა გართულდეს ანოსმიით (ყნოსვის დაკარგვით), სინუსიტით (ცხვირის დანამატი წიაღების ანთებით), საფუძვლად დაედოს ისეთ ალერგიულ დაავადებებსაც, როგორებიცაა დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ფილტვის ეოზინოფილური ინფილტრაცია.

- როგორ სვამენ პოლინოზის დიაგნოზს?

- პოლინოზის დიაგნოსტიკისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ანამნეზის დაწვრილებით შეკრება. პირველი რიგის დიაგნოსტიკური მეთოდია კანის ალერგიული სინჯები მცენარეული მტვრის ალერგენებზე. კანის სინჯი უნდა გაკეთდეს მშვიდ პერიოდში, ალერგოლოგის მეთვალყურეობით. არსებობს ლაბორატორიული მეთოდიც - სპეციფიური IGE-ს განსაზღვრა სისხლის შრატში. ამ მეთოდს უმეტესად მაშინ იყენებენ, როდესაც კანის ალერგიული სინჯების ჩატარება შეუძლებელია.

- როგორ მკურნალობენ?

- მას შემდეგ, რაც დაავადების მიზეზი დაზუსტდება, სპეციალისტი პაციენტთან შეთანხმებით შეიმუშავებს მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც მოიცავს:

1. ელიმინაციურ ღონისძიებებს - ალერგენთან კონტაქტის შემცირებას ან შეწყვეტას;

2. ფარმაკოთერაპიას, რომლის მიზანია, მინიმუმამდე შევამციროთ სიმპტომები და ხელი შევუშალოთ დაავადების პროგრესირებას. უმეტესად გამოიყენება ბოლო თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები, აგრეთვე - ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდები საინჰალაციო ფორმით. მკურნალობა სასურველია დაიწყოს ყვავილობის დაწყებამდე ორი კვირით ადრე.

3. სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაცია – ეს მეთოდი უფრო რადიკალური და ეფექტურია, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე უკუჩვენება არ არსებობს. სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაციის პრინციპი გულისხმობს გამომწვევი ალერგენის მიმართ სპეციფიკური ტოლერანტობის (განურჩევლობის) გამომუშავებას. ყვავილის მტვრის მიმართ ტოლერანტობა მიიღწევა ორგანიზმში ალერგენის მზარდი დოზების შეყვანით. ჰიპოსენსიბილიზაცია, წესისამებრ, იწყება ზამთარში და მთავრდება ყვავილობის სეზონის დადგომამდე, ან შემცირებული დოზებით მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. სრული თერაპიული ეფექტის მისაღებად სამი კურსი მაინც უნდა ჩატარდეს. ეს მეთოდი ყველაზე სასარგებლოა სწორედ პოლინოზების დროს. სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაცია აუცილებლად ექიმმა ალერგოლოგმა უნდა ჩაატაროს სპეციალიზებულ ალერგოლოგიურ დაწესებულებაში (ალერგოლოგიურ კაბინეტში).

არსებობს ალერგენის ორგანიზმში შეყვანის ორი მეთოდი: ინექცია და სუბლინგვური წვეთები. სამკურნალო ალერგენის ყოველი შეყვანის წინ და შემდეგ ავადმყოფი აუცილებლად უნდა გაისინჯოს და დარჩეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შეყვანიდან 30 წუთის განმავლობაში.

- შესაძლებელია თუ არა პოლინოზის პროფილაქტიკა?

- ალერგიის გამწვავების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია:

  • არ გახვიდეთ შინიდან დღის 11 საათამდე.
  • არ წახვიდეთ ისეთ ადგილას, სადაც ბევრი მცენარე ყვავის.
  • ქუჩაში აუცილებლად გაიკეთეთ მზის სათვალე.
  • შინ დაბრუნებისას გამოირეცხეთ სასუნთქი გზები ონკანის ან ფიზიოლოგიური წყლით.
  • ერიდეთ კოსმეტიკასა და დასაბან საშუალებებს, რომელთა შემადგენლობაში მცენარეული კომპონენტები შედის.

თუ დაავადების მკურნალობა და პროფილაქტიკა დროულად არ დაიწყო, სიმპტომები ყოველ წელიწადს უფრო და უფრო მეტად დამძიმდება. შესაბამისად, გართულდება მკურნალობაც.