ალერგია და ორსულობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალერგია და ორსულობა

- ქალბატონო თამარ, შეიძლება თუ არ ალერგიული ქალისთვის დაორსულება?

- ალერგია ორსულობის უკუჩვენება არ არის. ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში იმატებს ჰორმონ კორტიზოლის დონე, რომელსაც ანტიალერგიული მოქმედება აქვს, ამიტომ ორსული უმეტესად დაზღვეულია ძლიერი ალერგიული რეაქციისგან, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, რაც იმუნური სისტემის ფიზიოლოგიური ძვრებით არის გამოწვეული.

- რომელი ალერგიული დაავადებები გვხვდება ორსულებთან?

- უმეტესად - ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია) და კვინკეს ტიპის შეშუპება. ალერგიული რინიტის გამწვავებაა სავარაუდო, თუ დადასტურდა კონტაქტი რომელიმე ალერგენთან - მცენარის ან საყოფაცხოვრებო მტვერთან, ცხოველთან (კატასთან, ძაღლთან, ცხენთან) და სხვა. პირველი ორსულობის დროს ხშირია ჭინჭრის ციება. ამ დროს კანზე შეინიშნება მოვარდისფრო გამონაყარი, რომელიც ხელის დაჭერისას ქრება, მაგრამ თითის აღებისთანავე ხელახლა ჩნდება. იშვიათად გამონაყარი ერთიანდება და ერთვის შეშუპება თვალბუდის, ტუჩების ან სახსრების არეში. ამ მოვლენებს უმეტესად იწვევს საკვები ან მედიკამენტები - ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ვიტამინები. ქალები, რომლებსაც ადრეც ჰქონიათ ჭინჭრის ციება ან განუვითარდათ ის ორსულობის დროს, მთელი ორსულობის განმავლობაში უნდა იმყოფებოდნენ ალერგოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. გარდა ამისა, ყოველგვარი მედიკამენტის მიღებამდე ჩაიტარონ ალერგიული სინჯი.

- რას გვეტყვით საკვებზე?

- ორსულის რაციონში უნდა შეიზღუდოს ძლიერ ალერგიული პროდუქტები, ხოლო მძიმე შემთხვევებში საერთოდ გამოირიცხოს. ჯანმრთელი ორსულებისთვის ასეთი შეზღუდვა, რასაკვირველია, აუცილებელი არ არის; საკმარისია, ერიდონ ალერგიული პროდუქტების ყოველდღიურ ან ერთდროულ მიღებას, დროგამოშვებით კი მათი ჭამა შეიძლება. ალერგიულ საკვებზე უარი უნდა თქვან ქალებმა, რომლებსაც ერთხელ მაინც ჰქონიათ ამ პროდუქტებზე ამა თუ იმ ტიპის ალერგია. თუ ქალს აქვს ალერგიული დაავადება: ბრონქული ასთმა, ალერგიული დერმატიტი, ალერგიული რინიტი და სხვა, - რაციონიდან პროდუქტების მთელი ჯგუფების ამოღება მოუწევს. ალერგიულობის ხარისხის მიხედვით საკვები ასე გადანაწილდება:

  • მაღალი ხარისხი - ძროხის რძე, თევზი, ზღვის პროდუქტები, ხიზილალა, კვერცხი, ციტრუსები, თხილი, კაკალი, თაფლი, სოკო, ქათმის ხორცი, მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, ანანასი, ნესვი, ხურმა, შავი მოცხარი, შოკოლადი, ყავა, კაკაო, მდოგვი, პომიდორი;
  • საშუალო ხარისხი - ღორის ხორცი, წითელი მოცხარი, კარტოფილი, ინდაურის ხორცი, კურდღელი, ფორთოხალი, გარგარი, მწვანე წიწაკა, სიმინდი, შტოში, კომბოსტო;
  • დაბალი ხარისხი - ყაბაყი, პატისონი, თალგამი, გოგრა, ვაშლი, თეთრი მოცხარი, ხურტკმელი, ქლიავი, ცხენის ხორცი, ცხვრის ხორცი, თეთრი ბალი, კიტრი.

- რას გვეტყვით ისეთი გავრცელებული დაავადების შესახებ, როგორიცაა ბრონქული ასთმა?

- კვლევები მოწმობს, რომ ორსულთა 25%-თან ბრონქული ასთმა ისევე მიმდინარეობს, როგორც დაორსულებამდე, 15%-თან მდგომარეობა უმჯობესდება, ხოლო 60%-თან უარესდება. ასთმის გამწვავება მოსალოდნელია უმთავრესად ორსულობის 24-36 კვირას. ალერგოლოგის მეთვალყურეობა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია. ბრონქული ასთმა დღეს ორსულობის უკუჩვენებად არ მიიჩნევა. მთავარია გამწვავების დროული გამოვლენა და ადეკვატური კონტროლი. თუ დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარება: ორსულს აქვს ხშირი შეტევები, რომლებიც გადადის ასთმურ სტატუსში, - ქალს ათავსებენ სტაციონარში და დაისმის ორსულობის ვადამდე (37-38 კვირამდე) შეწყვეტის საკითხი.

- რითია საშიში ბრონქული ასთმა დედისა და ნაყოფისთვის?

- გაუკონტროლებელი ბრონქული ასთმის შეტევის დროს ქალის ორგანიზმი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის ჟაგბადს, ამიტომ ჟანგბადის ნაკლებობა, ჰიპოქსია, შესაძლოა განუვითარდეს ნაყოფსაც. თუ შეტევები ხშირი ან ხანგრძლივია, ჰიპოქსიამ შესაძლოა ნაყოფის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს.

- დღეს ბაზარზე ალერგიის საწინააღმდეგო უამრავი მედიკამენტია, მაგრამ ალბათ ყველა არ არის უვნებელი ნაყოფისთვის...

- ორსულობისას ნებისმიერი მედიკამენტის მიღებისას სიფრთხილე გვმართებს. არც ალერგიის საწინააღმდეგო წამლებია გამონაკლისი. ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების სამმართველოს მონაცემების თანახმად, ორსულობის დროს არც ერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი არ არის სრულიად უსაფრთხო, ამიტომ წამლის დანიშვნამდე ექიმი ყოველთვის აფასებს რისკს, რომელიც ახლავს ამა თუ იმ მედიკამენტის მიღებას - მას სარგებლობა მეტი უნდა მოჰქონდეს, ვიდრე ზიანი.


- რას გვეტყვით I თაობის H2 ბლოკატორების, მაგალითად, დიმედროლის შესახებ?

- ორსულებისთვის დიმედროლი ნებადართულია, მაგრამ არ არის მიზანშეწონილი 50 მგ-ზე მეტის მიღება. დიმედროლი B კატეგორიის პრეპარატია. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევის დროს ნაყოფისთვის საფრთხე არ გამოვლენილა, მაგრამ ადამიანის ნაყოფზე ზემოქმედება სათანადოდ არ არის შესწავლილი, შესაბამისად, არ არსებობს მისი უსაფრთხოების გარანტია. მაგალითად, დიმედროლის დიდმა დოზამ შესაძლოა საშვილოსნოს ნაადრევი შეკუმშვა გამოიწვიოს. სიფრთხილეა საჭირო ორსულობის ბოლო კვირებში ამ პრეპარატის მიღებისას, რადგან ახალშობილებში მოსალოდნელია აღგზნება, გაღიზიანება, გულყრა. დიმედროლი (და სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები) დედის რძეში მაშინაც კი გადადის, როცა ძალზე მცირე დოზით ვიღებთ. ეს ოდენობა სავსებით საკმარისია ბავშვზე არასასურველი ზემოქმედებისთვის. ფენკაროლის მიღება შეიძლება ორსულობის მხოლოდ მე-12 კვირიდან. შედარებით უსაფრთხოა დიაზოლინი - ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი ნაყოფზე აშკარა უარყოფითი ზემოქმედება არ შეინიშნება. თუმცა მისი მიღებაც სასურველია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მცირე ხნით, მცირე დოზით და აუცილებლად ექიმთან შეთანხმებით. სუპრასტინი ორსულებს ენიშნებათ მწვავე ალერგიული რეაქციების დროს. პიპოლფენი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული, ალერტეკის გამოყენება კი შეიძლება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით, რადგან ნაყოფზე მისი უარყოფითი ზემოქმედება დადასტურებულია. ტავეგილის გამოყენებაც მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ალერგიული რეაქცია საფრთხეს უქადის ორსულის სიცოცხლეს, ხოლო სხვა პრეპარატის გამოყენება შეუძლებელია. ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს პრეპარატი იწვევდა ნაყოფის გულის მანკებსა და თათების დეფექტებს.

- რა შეიძლება ითქვას II თაობის H2 ჰისტამინბლოკერებზე?

- კლარიტინის მიღება ორსულობის დროს შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც თერაპიის ეფექტი აღემატება პოტენციურ რისკს, ესე იგი როდესაც დედის ალერგიული მდგომარეობა ნაყოფს უფრო მეტ საფრთხს უქადის, ვიდრე პრეპარატი. რისკს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში აფასებს ექიმი. მეძუძურ დედებთან კლარიტინის მიღებისას უნდა დაისვას ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხი, რადგან ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერებები გადადის დედის რძეში. ტერფენადინის მიღების შემდეგ შეინიშნება ახალშობილებში წონის დაქვეითება. ასტემიზოლი ტოქსიკურად მოქმედებს ნაყოფზე.

- III თაობის H2 ჰისტამინბლოკერებზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა...

- მესამე თაობის პრეპარატები წინამორბედებზე უსაფრთხოა, თუმცა ფექსოფენადინის (ტელფასტი, ფექსადინი) დანიშვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ თერაპიის მოსალოდნელი ეფექტი აღემატება რისკს. ძუძუთი კვება ამ პრეპარატის მიღებისას დროებით უნდა შეწყდეს.

- რას გვეტყვით ინტალისა და ჰორმონული პრეპარატების შესახებ?

- ინტალის მიღება ნებადართულია ორსულობის მესამე თვიდან ალერგიული ბრონქული ასთმის პროფილაქტიკის მიზნით. ჰორმონულ პრეპარატებს იყენებენ ბრონქული ასთმის მძიმე ფორმის დროს. საქმე ის არის, რომ ორსულობისას გლუკოკორტიკოიდები ნაკლებსაშიშია, ვიდრე ჰიპოქსემიის შედეგები. პრედნიზოლონით მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობით. ბრონქული ასთმის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის განსაკუთრებით ეფექტურია საინჰალაციო გლუკოკორტიკოიდები (ბეკლომეტაზონი, ბეკოტიდი), რომლებიც ადგილობრივად მოქმედებს სასუნთქ გზებზე. ბოლო ხანს ბრონქული ასთმისა და ალერგოზების სამკურნალოდ წარმატებით იყენებენ მონტელუკასტს (ვანსეარი, ლუკაკლაინი, სინგულარი, მოგულარი და ა.შ.), რომელიც B კატეგორიის მედიკამენტია და ახანგრძლივებს რემისიას.

- დაბოლოს, რას ურჩევთ ქალებს?

- ორსული და მელოგინე უნდა ერიდონ თამბაქოს როგორც აქტიურ, ისე პასიურ წევას. მწეველი დედების შვილებს აქვთ ალერგიული დერმატიტისა და ბრონქული ასთმის განვითარების დიდი ალბათობა;

  • მეტი დრო გაატარონ სუფთა ჰაერზე;
  • ბუმბულის ქვეშაგების ნაცვლად გამოიყენონ სინთეტიკური;
  • ყოველთვიურად იცვალონ და გამოხარშონ თეთრეული;
  • მედიკამენტები მიიღონ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით;
  • შეასრულონ სუნთქვითი ვარჯიშები.

ბინა, სადაც ორსული ცხოვრობს, ხშირად უნდა განიავდეს და ყოველდღე დალაგდეს სველი წესით, კვირაში ერთხელ კი მტვერსასრუტით დასუფთავდეს ხალიჩები და რბილი ავეჯი, გაიბერტყოს და გამზეურდეს ბალიშები, საბნები, ლეიბები. სიცოცხლის პირველ თვეებში დედის რძე ბავშვისთვის ყველაზე სასარგებლო საკვებია. ძუძუთი კვების ნაადრევი (ოთხ თვემდე) შეწყვეტა ალერგიული რეაქციების სიხშირეს რამდენჯერმე ზრდის, რადგან დედის რძესთან ერთად ბავშვს ალერგენების გამანეიტრალებელი ნივთიერებებიც მიეწოდება.