როგორ ვმართოთ ბრონქული ასთმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვმართოთ ბრონქული ასთმა

- რა იწვევს ასთმას?

- ვარაუდობენ, რომ მემკვიდრეობითი დატვირთვა, შერწყმული ზოგიერთ გარეგან ფაქტორთან, გავლენას ახდენს ბრონქული ასთმის განვითარებაზე. თანამედროვე ცხოვრების წესმა, ცხოვრების პირობებმა და კვების რეჟიმმა, ყველაზე მეტად კი ჰიგიენურმა გარემომ, სავარაუდოდ, გამოიწვია ბრონქული ასთმის გახშირება უკანასკნელ ათწლეულებში. გარემოს დაბინძურებას შეუძლია გააუარესოს ბრონქული ასთმის მიმდინარეობა და მისი ზოგიერთი ფორმის ჩამოყალიბებასაც კი შეუწყოს ხელი. ზრდასრულ ასაკში ბრონქული ასთმის განვითარებაში გარკვეულ როლს ვირუსული ინფექციებიც ასრულებს. სამუშაო გარემოში არსებული გამაღიზიანებლები ეგრეთ წოდებული პროფესიული ასთმის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

- რა ასაკში შეიძლება განვითარდეს ბრონქული ასთმა?

- ყველა ის ფაქტორი, რომელიც სასუნთქი გზების კედლის ანთებას და ბრონქების ჰიპერრეაქტიულობას იწვევს, ასთმის განვითარებას უწყობს ხელს. კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობის პერიოდში თამბაქოს წევა საგრძნობლად ზრდის დაბადების შემდგომ ბავშვებში ასთმის განვითარების რისკს. ამასთანავე, ცნობილია, რომ ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც ეწევიან, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ბრონქული ასთმის განვითარებისკენ. ბოლო ხანს ბრონქული ასთმა ყველა ასაკის პირებში გახშირდა და ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, გრძელდება. ბავშვთა ასაკში ბრონქული ასთმის დიაგნოზის დასმის დროს ყურადღება ექცევა ტიპური შეტევის ეპიზოდების ხასიათსა და რაოდენობას, სათანადო გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობასა და მათი შედეგების ინტერპრეტაციას, მკურნალობის ეფექტურობას. საზოგადოდ, დიაგნოსტიკა 3-4 წლის ასაკში ხდება, თუმცა, ბავშვის მდგომარეობის კვალობაზე, რისკი უფრო ადრეულ ასაკშიც შეიძლება გამოვავლინოთ.

- ახასიათებს თუ არა დაავადებას სეზონური რეციდივები?

- საზოგადოდ, ალერგიული დაავადებები, მათ შორის - ბრონქული ასთმაც, სეზონურად მწვავდება. შედარებით მძიმე შეტევები გაზაფხულზეა მოსალოდნელი. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადებების გახშირება, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს ბრონქული ასთმის მიმდინარეობაზეც, იწვევს მის გამწვავებას. ზამთრობით ბინის ჩახუთული და შედარებით ნესტიანი ჰაერი განსაკუთრებით ართულებს ოთახის მტვრის ტკიპას მიმართ ალერგიული განწყობის მქონე პირთა მდგომარეობას. თუმცა ბრონქული ასთმის გამწვავება, მისი მულტიფაქტორული ბუნებისა და მრავალფეროვან ალერგენთან კონტაქტის გამო, სხვა დროსაც არის მოსალოდნელი.

- ხომ არ ახდენს რომელიმე დაავადება ან პათოლოგიური პროცესი ბრონქული ასთმის ჩამოყალიბების პროვოცირებას?

- ბრონქული ასთმისადმი მიდრეკილ პირებში ამ დაავადების ჩამოყალიბებას პროვოცირებას მრავალი ფაქტორი უწევს. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ ეგრეთ წოდებული ატოპიური მარშის ფენომენი. ამ პათოლოგიურ პროცესში ხდება, ასე ვთქვათ, რამდენიმე დაავადების ტრანსფორმირება ასაკის შესაბამისად. ესენია კვებითი ალერგია, ეგზემა (ატოპიური დერმატიტი) და ბრონქული ასთმა.

- რომელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები უნდა ჩატარდეს ასთმის დიაგნოზის დასასმელად?

- ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკისთვის აუცილებლად უნდა ჩატარდეს როგორც ეგრეთ წოდებული რუტინული ანუ საყოველთაო, ასევე ამ დაავადებისთვის სპეციფიკური გამოკვლევები. ეს აუცილებელია, რათა გამოირიცხოს სასუნთქი სისტემის სხვა არასპეციფიკური თუ სპეციფიკური, ასევე - ფილტვის სხვა ორგანული დაზიანებები. ეს გამოკვლევები უნდა დანიშნოს ექიმმა, თვითნებურად, სხვადასხვა „კეთილისმსურველის“ რჩევის საფუძველზე, გამოკვლევების ჩატარებას არ უნდა შევუდგეთ. ეს უამრავ ძვირფას დროს დაგვაკარგვინებს. ძალზე მნიშვნელოვანია, დროულად და ზუსტად დაისვას დიაგნოზი და პაციენტის სიმპტომებს მორგებული ადეკვატური მკურნალობა დაინიშნოს.

- როგორია ასთმის სიმპტომები?

- ბრონქული ასთმის შეტევისათვის დამახასიათებელია:

  • ხველა;
  • ქოშინი;
  • სუნთქვის გაძნელება, თავდაპირველად - ამოსუნთქვისას, მერე და მერე კი, თუ მდგომარეობა დამძიმდა, შესაძლოა გართულდეს ჩასუნთქვის ფაზაც.

ყურადსაღებია ღამის ძილის დარღვევაც ამ სიმპტომების გამო.


- რით შეიძლება გართულდეს ბრონქული ასთმა?

- პირველ რიგში, სახიფათოა ასთმური სტატუსის ჩამოყალიბება. სახიფათოა იმიტომ, რომ ამ დროს ორგანიზმი აღარ რეაგირებს შემამსუბუქებელ პრეპარატებზე, ბრონქების სპაზმის სწრაფად მომხსნელ ნივთიერებას მდგომარეობის თუნდაც მცირედით გაუმჯობესება აღარ ძალუძს. ამ დროს აუცილებელია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. ასე რომ, სამედიცინო დაწესებულებას დროულად უნდა მიმართოთ! გარდა ასთმური სტატუსისა, მოსალოდნელია ჩამოყალიბდეს თანდართული ფილტვების ანთება, სქელი, წებოვანი ნახველიYწვრილი ბრონქების სანათურს დაეცოს და სხვა.

- როგორია ასთმის მართვისა და მკურნალობის ძირითადი პრინციპები?

- დღეს მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, პაციენტი გაეცნოს ბრონქული ასთმის მართვისა და მკურნალობის პრინციპებს. მთავარია, ექიმთან დროულად მივიდეთ და სიმპტომები დაწვრილებით აღვუწეროთ. ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია. ისიც კი, რაც პაციენტს შესაძლოა უმნიშვნელოდ მიაჩნდეს. ამჟამად მიღებულია დაავადებისადმი საფეხურებრივი მიდგომა, რომელიც მოცემულ პერიოდში პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით ინდივიდუალური მკურნალობის სქემას მოიცავს. მწვავე სტადიაში მკურნალობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია შემანარჩუნებელი თერაპია, თუნდაც თვალსაჩინო სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. სწორედ ეს უკანასკნელია გადამწყვეტი ქრონიკული ანთების დასარეგულირებლად და ბრონქების ჰიპერრეაქტიულობის შესამცირებლად.

- შეუძლია თუ არა პაციენტს, დამოუკიდებლად მართოს ბრონქული ასთმა?

- ბრონქული ასთმის ინდივიდუალური მართვა შესაძლებელია. საამისოდ ყველაფერს სჯობია პიკფლოუმეტრის შეძენა. ეს მარტივი მოწყობილობა ფართო გაყიდვაში ჯერჯერობით არ არის. აღნიშნული აპარატით პაციენტი ნებისმიერ დროს თვითონ შეიმოწმებს მდგომარეობას. აპარატში ჩასუნთქვისას ისარი განსაზღვრულ ზონაზე მიუთითებს. მწვანე ზონა ნიშნავს, რომ მდგომარეობა სტაბილურია, ყვითელი - მდგომარეობა საყურადღებოა, ხოლო წითელი იმის ნიშანია, რომ უნდა ჩაიტაროთ ამ მდგომარეობისთვის თქვენი ექიმის მიერ მითითებული პროცედურა და დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას. ვიდრე ყველა პაციენტი გადავა ბრონქული ასთმის მართვის ამ მიდგომაზე, აუცილებელია ყველას ჰქონდეს ექიმის ინდივიდუალური მითითებანი იმის თაობაზე, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში. მაგალითად, მაშინ, როცა შემამსუბუქებელი პრეპარატი დღეში რამდენიმეჯერ სჭირდება, ყოველდღე სჭირდება, სჭირდება კვირაში რამდენჯერმე და ასე შემდეგ. ამგვარად, მას ეცოდინება, როდის მიმართოს ექიმს, რათა მდგომარეობა არ დაუმძიმდეს.

- მნიშვნელოვანი პრობლემაა ასთმა ორსულობის დროს. რაიმე საფრთხეს ხომ არ უქადის ის დედას ან ნაყოფს?

- ეს საკითხი ყოველმხრივ გააზრებულ და მიზანმიმართულ მოქმედებას მოითხოვს. რა თქმა უნდა, ყოველი ფაქტორი, რომელიც კი ნაყოფის ჟანგბადით მომარაგებას აფერხებს, სავალალო შედეგებს იწვევს. თანამედროვე, მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომა კი ასეთია: ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ დედის ასთმა მაქსიმალურად კონტროლირებული იყოს. მდგომარეობის დროულად შეფასება და მუდმივი მეთვალყურეობა სპეციალური გამოკვლევებით არის შესაძლებელი. უკვე არსებობს უსაფრთხო, უპირატესად ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები. მთავარია, მან, ვისაც ბრონქული ასთმის, ალერგიული რინიტის ან რომელიმე სხვა ალერგიული დაავადების მოვლენები აღენიშნება, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს და უმნიშვნელო გამწვავების შემთხვევაშიც კი მიმართოს ექიმს, რათა დროული ჩარევით ნაყოფს თავიდან ავაცილოთ ჟანგბადოვანი შიმშილი.

- როდის არის აუცილებელი ჰორმონოთერაპიის დაწყება, რა კრიტერიუმია განმსაზღვრელი მკურნალობაში ჰორმონის ჩასართავად?

- ჰორმონოთერაპიის დაწყების საკითხს ექიმი გადაწყვეტს. ამასთან, სპეციალისტი დანიშნავს ადეკვატური გზით მისაღებ პრეპარატებს. ზოგჯერ პაციენტები თვითნებურად იღებენ თითქოსდა იოლად მოსახმარ პრეპარატებს, რადგან მათ ნაცნობს მოუხდა. ასეთი რამ მიუღებელია! ჰორმონოთერაპიაზე გადასვლის აუცილებლობა პაციენტის მდგომარეობით, სიმპტომების სიმძიმითა და წარსულში ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობით განისაზღვრება.

- როგორ ვებრძოლოთ გართულებებს?

- ბრონქული ასთმის გართულებების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური გზაა საფეხურებრივი მკურნალობა. მკურნალობის ტაქტიკა მდგომარეობის მიხედვით შეირჩევა, მდგომარეობის გაუმჯობესების ან გაუარესების შემთხვევაში მკურნალობაში შეაქვთ კორექტივები. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტია დანიშნულების ზედმიწევნით შესრულება. პაციენტმა დროულად უნდა აცნობოს ექიმს ნებისმიერი სიმპტომის გაჩენის შესახებ, განმეორებითი ვიზიტი არ დააგვიანოს, მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში მკურნალობა თვითნებურად არ შეწყვიტოს. თანამედროვე მედიცინას ბრონქული ასთმის მართვა შეუძლია.


- ზემოთ ასთმური სტატუსი ახსენეთ. რა იწვევს მას და შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება?

- ასთმური სტატუსი ყალიბდება მაშინ, როდესაც პაციენტი არაადეკვატურად მკურნალობს. მაგალითად, სვამს მხოლოდ შემამსუბუქებელ პრეპარატებს. დგება მომენტი, როცა ისინი აღარ მოქმედებს ანდა მოქმედებს, მაგრამ ნათელი პერიოდი სულ უფრო ხანმოკლე ხდება. ასეთ დროს პარადოქსული რეაგირებაც კია მოსალოდნელი - პრეპარატის გამოყენებისას სპაზმი კი არ იხსნება, პირიქით, ძლიერდება. ასთმური სტატუსის თავიდან აცილების ერთადერთი გზა დროული რეაგირებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა პაციენტი ყურადღებით ეპყრობა თავის ჯანმრთელობას, დროულად ამჩნევს, რომ უფრო ხშირად სჭირდება შემამსუბუქებელი პრეპარატების გამოყენება, ეს ექიმს უნდა აცნობოს. მდგომარეობა უკონტროლო შეიძლება გახდეს ალერგენთან კონტაქტის, ვირუსული ინფექციის ან რომელიმე სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორის გავლენით. ასეთ დროს საჭიროა მკურნალობის კორეგირება. სხვაგვარად მდგომარეობიდან გამოსვლა შეუძლებელია.

- რას გულისხმობს ამ დროს პირველი დახმარება?

- უწინარეს ყოვლისა, საჭიროა ასთმური სტატუსის სიმძიმის შეფასება. თუ ასთმური სტატუსი პირველი ხარისხისაა, ანუ მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს რომელიმე მედიკამენტის დოზის გაზრდა, რომელიმე მედიკამენტის დამატება. თუ  ასთმური სტატუსი საშუალო სიმძიმისაა, მკურნალობაში შეტანილი კორექტივების მიუხედავად, შეტევების ინტენსივობა და სიხშირე იმატებს, სავარაუდოდ, ხანმოკლე სტაციონარული მკურნალობა გახდება საჭირო, ხოლო თუ მდგომარეობა მძიმეა, მაგალითად, შეინიშნება ძლიერი სიფითრე, მოთენთილობა, ძილად მივარდნა, სისუსტე, აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. დროის დაკარგვა და ფიქრი: „ერთხელ კიდევ ვცდი, იქნებ ამჯერად მაინც მიშველოს ძველმა მკურნალობამ“, - საშიშია! ბინაზე პირველი დახმარების სქემა ექიმთან უნდა იყოს შეთანხმებული. მთავარია, ტაქტიკა პაციენტის მდგომარეობას შეესაბამებოდეს.

- როგორია პროგნოზი ამ დროს?

- ასთმური სტატუსიდან პაციენტის გამოყვანა იმაზეა დამოკიდებული, დროულად მიმართავს თუ არა იგი სამედიცინო პერსონალს. ცხადია, მძიმე შემთხვევაში პროგნოზიც რთულდება. პაციენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ საქმე აქვს ქრონიკულ პროცესთან, რომელსაც მხოლოდ ადეკვატური მკურნალობით გააკონტროლებს. ამავე დროს ყურადღება უნდა მიექცეს შესაძლო გამწვავების საკითხს, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

- საზოგადოდ როგორია ბრონქული ასთმის პროფილაქტიკური ღონისძიებები და პროგნოზი?

- ბრონქული ასთმის მქონე პაციენტი მიდრეკილია სხვადასხვა ალერგიული რეაქციისკენ, ხშირად აღენიშნება თანმხლები ალერგიული თუ არაალერგიული დაავადებებიც, ამიტომ ამ დაავადებების გაკონტროლებასაც უნდა ვეცადოთ. ამჟამად, მედიცინის უახლესი მიღწევების ფონზე, ბრონქული ასთმის პროგნოზი კეთილსაიმედოა, რაღა თქმა უნდა, თუ ექიმმა და პაციენტმა ერთმანეთს გაუგეს და ითანამშრომლეს.

- კვების განსაკუთრებული რეჟიმი ხომ არ არის საჭირო?

- ბრონქული ასთმის მქონე პაციენტი კვებითი ალერგიისკენაც არის მიდრეკილი. ანაფილაქსიურ რეაქციებსაც კი უნდა ველოდეთ. კარგი იქნება, თუ პაციენტი ჩაიტარებს კანის ალერგიულ სინჯებს და ეცოდინება, რომელი საკვების მიმართ აქვს ალერგიული განწყობა. რა თქმა უნდა, ასეთ საკვებს ის შეგნებულად მოერიდება, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ ესა თუ ის პროდუქტი შენიღბულად არის საკვებში. პაციენტმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს ასეთ დროს და როგორც კი ალერგიის სიმპტომები იჩენს თავს ან თავად აღმოაჩენს, რომ სახიფათო პროდუქტი მიიღო, ექიმის რჩევისამებრ მოიქცეს.

- რას ურჩევდით ჩვენს მკითხველებს ბრონქული ასთმის პრევენციისა თუ მართვის თაობაზე და გამწვავებების თავიდან ასაცილებლად?

- უკანასკნელ ხანს უდავოდ გაიზარდა დაავადებისადმი, მისი არსისა და მკურნალობისადმი პაციენტების ინტერესი. ბრონქული ასთმა ერთ-ერთი იმ დაავადებათაგანია, რომელთა პრევენციისა და მართვის საკითხები წლიდან წლამდე იხვეწება, ბრონქული ასთმა იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ შეძლებს მისდიოს მისთვის საინტერესო საქმიანობას, თუნდაც სპორტს. მთავარია, შეირჩეს მის მდგომარეობას მორგებული მკურნალობა და მუდმივად გადაიხედოს მკურნალობის სქემა.