ალერგიის სამკურნალო მედიკამენტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალერგიის სამკურნალო მედიკამენტები

რომელი მათგანის მიღება ჯობს? მოდი, მიმოვიხილოთ ალერგიის დროს რეკომენდებული მედიკამენტები და შეძლებისდაგვარად ვუპასუხოთ ამ კითხვას. ანტიალერგიული ანუ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები ასუსტებენ ორგანიზმის რეაქციას ალერგენების მიმართ ან ბლოკავენ ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამომწვევ ქიმიურ ნივთიერებას - ჰისტამინს. ანტიალერგიული საშუალებები სხვადასხვა სამკურნალწამლო ფორმით გამოდის - ტაბლეტის, კაფსულის, სითხის, ცხვირის სპრეის, თვალის წვეთების, მალამოსა თუ საინექციო ფხვნილის/ხსნარის სახით. საზღვარგარეთ მათი ნაწილი თავისუფლად იყიდება, ნაწილის შეძენა კი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის შესაძლებელი.

კორტიკოსტეროიდები

კორტიკოსტეროიდები ალერგიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის განკუთვნილი საკმაოდ ძლიერი ჰორმონული საშუალებები გახლავთ, რომლებიც ალერგიულ რეაქციას ბლოკავენ. არსებობს ამ ჯგუფის პრეპარატების რამდენიმე ფორმა:

  • კორტიკოსტეროიდების ტაბლეტები - გამოიყენება ნებისმიერი ტიპის ალერგიული რეაქციით გამოწვეული მძიმე სიმპტომების სამკურნალოდ. კორტიკოსტეროიდებია პაციენტთათვის კარგად ნაცნობი პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი, მედროლი, ტრიამცინოლონი. ვინაიდან ამ ჯგუფის პრეპარატებს გვერდითი ეფექტების მთელი წყება ახასიათებს, ალერგიული დაავადებების დროს ტაბლეტირებული კორტიკოსტეროიდები მხოლოდ მოკლე ხნით ინიშნება. კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი მიღება შესაძლოა კატარაქტის, ოსტეოპოროზის, კუნთების სისუსტის, ბავშვებში კი ზრდის შეფერხების მიზეზად იქცეს.
  • კორტიკოსტეროიდების ნაზალური სპრეი - ეს სამკურნალწამლო ფორმა საშუალებას გვაძლევს, ანტიალერგიული ეფექტის მქონე ჰორმონული პრეპარატი უშუალოდ ცხვირში შევისხუროთ. ნაზალური სპრეი გამოიყენება ალერგიული რინიტის დროს. ის ეფექტურად ხსნის ცხვირის გაჭედვას, ცემინებას, გამონადენს. ასეთი პრეპარატებია ფლიქსონაზე, ნაზონექსი, ნაზობეკი და სხვა. პრეპარატის ასეთი ფორმა თითქმის მოკლებულია ორგანიზმზე ზოგად არასასურველ გავლენას, თუმცა არ არის გამორიცხული არასასიამოვნო გემოს ან სუნის შეგრძნება, ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება, ცხვირიდან სისხლდენა.
  • საინჰალაციო (შესასუნთქი) კორტიკოსტეროიდები - ფართოდ გამოიყენება ალერგენებით განპირობებული ბრონქული ასთმის სამკურნალოდ და შეტევების პროფილაქტიკისთვის. მსგავსად ნაზალური კორტიკოსტეროიდებისა, ორგანიზმზე ზოგადი ზემოქმედება ამ შემთხვევაშიც მინიმალურია, გვერდითი ეფექტები იშვიათია, თუმცა გამორიცხული არ არის პირის ღრუს ინფექცია, ხველა, თავის ტკივილი, ხმის ჩახლეჩა.
  • თვალის წვეთები - გამოიყენება ალერგიული კონიუნქტივიტის, პოლინოზის - თივის ცხელების - დროს აღმოცენებული თვალის სიწითლის, ქავილის, ცრემლდენის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ სტერიოდების შემცველი თვალის წვეთების გახანგრძლივებული გამოყენება ზრდის თვალის ინფექციის, გლაუკომისა და კატარაქტის განვითარების რისკს.
  • კორტიკოსტეროიდების შემცველი კანის მალამოები - ამცირებენ კანის ქავილსა და აქერცვლას ატოპიური დერმატიტის დროს. გვერდითი ეფექტებიდან აღსანიშნავია კანის გაღიზიანება, ფერის შეცვლა, ხანგრძლივი გამოყენებისას - კანის ატროფია.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მძლავრი და თვალში საცემი ალერგიის საწინააღმდეგო ეფექტი კორტიკოსტეროიდებს ახასიათებს, პოპულარობით ლიდერობას მაინც ანტიჰისტამინური საშუალებები ინარჩუნებენ.

რა არის ანტიჰისტამინური საშუალება?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰისტამინი ქიმიური ნივთიერებაა. ის ჯანმრთელ ორგანიზმშიც გამომუშავდება და ეგრეთ წოდებულ ალერგიის უჯრედებში - ფოყიერ უჯრედებსა და ბაზოფილებში - ინახება. ალერგიის დროს ჰისტამინი ამ უჯრედებიდან გამოთავისუფლდება. ჰისტამინის გამოთავისუფლების მიზეზი ორგანიზმზე ამა თუ იმ ალერგენის - ალერგიული რეაქციის გამომწვევი ნივთიერების - ზემოქმედებაა. გამოთავისუფლებული ჰისტამინი ჰისტამინის რეცეპტორებს უკავშირდება. ჰისტამინრეცეპტორები სხეულის სრულიად სხვადასხვა უჯრედში გვხვდება. რეცეპტორთან ჰისტამინის შეკავშირება იწვევს ალერგიის ისეთ სიმპტომებს, როგორებიც არის ცემინება, თვალების ქავილი, ცრემლდენა, კანის ქავილი, ნაჭინჭრის მსგავსი გამონაყარი, ალერგიული რინიტი, ბრონქოსპაზმი და ანაფილაქსიური შოკიც კი. ანტიჰისტამინური პრეპარატები ბლოკავენ ჰისტამინის რეცეპტორებს და, ამის კვალობაზე, თავიდან გვაცილებენ ჰისტამინის ზემოქმედების შედეგად აღმოცენებულ ზემოთ აღწერილ სიმპტომებს. 60-იანი წლებისთვის დადგენილ იქნა, რომ ჰისტამინრეცეპტორები არაერთგვაროვანია და გამოიყო მათი 3 ტიპი - H1, H2 და H3, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება აგებულებით, ლოკალიზაციითა და ფიზიოლოგიური ეფექტებით. ამავე ეპოქიდან დაიწყო სხვადასხვა ანტიჰისტამინური პრეპარატის სინთეზი და კლინიკური ტესტირება. ანტიჰისტამინური პრეპარატების შესახებ საუბრისას, წესისამებრ, გულისხმობენ H1 რეცეპტორების ბლოკერებს, H2 რეცეპტორების ბლოკერები კი უმთავრესად კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს გამოიყენება. ამჟამად არსებული ანტიჰისტამინური საშუალებები მრავალი ეფექტით ერთმანეთს ჰგავს. ესენი გახლავთ ქავილის, შეშუპების, სპაზმის საწინააღმდეგო, სედაციური და ადგლობრივი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტები. სწორედ ეს მსგავსებაა სხვადასხვა პრეპარატის ერთ ჯგუფში გაერთიანების მიზეზი.

როგორ მოქმედებენ ანტიჰისტამინური საშუალებები?

ანტიჰისტამინური პრეპარატები და ჰისტამინი ერთმანეთს კონკურენციას უწევენ რეცეპტორთან ჰისტამინის შეკავშირების დროს. ამასთანავე, აღნიშნულ რეცეპტორთან ჰისტამინის შეკავშირება უფრო ძლიერია. ამის გამო ანტიჰისტამინური საშუალება ბლოკავს მხოლოდ თავისუფალ რეცეპტორებს, ჰისტამინთან შეკავშირებული რეცეპტორების გამოთავისუფლება კი არ შეუძლია. ამ მექანიზმის გათვალისწინებით ნათელია, რომ ანტიჰისტამინურ საშუალებას შეუძლია ალერგიული რეაქციის მხოლოდ პროფილაქტიკა ანდა უკვე არსებული რეაქციის დროის - რეცეპტორებთან ჰისტამინის შემდგომი შეკავშირების შეფერხება.


ანტიჰისტამინური საშულებების სახეები

სადღეისოდ განასხვავებენ ანტიჰისტამინური საშუალებების სამ თაობას. პირველი თაობის პრეპარატებს სედაციურსაც უწოდებენ. ეს სახელწოდება უკავშირდება მათ გვერდით ეფექტს - ისინი ძილს ჰგვრიან. მათგან განსხვავებით, მეორე თაობის პრეპარატები ძილიანობას არ იწვევს. ამჟამად სინთეზირებულია მესამე თაობის საშუალებებიც, რომლებსაც ახასიათებს მაქსიმალური ანტიჰისტამინური ეფექტი, ხოლო სედაციური და მეორე თაობის პრეპარატებისთვის დამახასიათებელი კარდიოტოქსიკური ეფექტი არ გააჩნია პირველი თაობის ანტიჰისტამინური საშუალებები. მათ ახასიათებთ:

  • სედაციური (ძილის მომგვრელი) ზემოქმედება, რაც იმით არის განპირობებული, რომ აღნიშნული პრეპარატები ადვილად გადალახავენ ჰემატოენცეფალურ ბარიერს (აღწევენ ტვინში) და იქ არსებულ H1 რეცეპტორებს უკავშირდებიან. პირველი თაობის ანტიჰისტამინური საშუალებების სედაციური ეფექტი სხვადასხვა პრეპარატისა და სხვადასხვა პაციენტისთვის სხვადასხვაგვარია, ძლიერდება ალკოჰოლის მიღებისას, ფსიქოტროპული საშუალებების ფონზე. სედაციური ეფექტის გამო ამ ჯგუფის პრეპარატების მიღება არ არის რეკომენდებული მანქანის მართვისას, ისეთი სამუშაოს  შესრულებისას, რომელიც ყურადღების კონცენტრირებას მოითხოვს.
  • ატროპინის მსგავსი ზემოქმედება, რაც ვლინდება პირისა და ცხვირ-ხახის სიმშრალით, შარდის შეკავებით, ყაბზობით, ტაქიკარდიით, მხედველობის დარღვევით. ამ თვისებების გამო ზოგჯერ ანტიჰისტამინური საშუალებები ჩვეულებრივი, არაალერგიული სურდოს დროსაც გამოიყენება. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ ამ ჯგუფის საშულებებმა შეიძლება გამოიწვიონ ბრონქების ობსტრუქციის გაძლიერება ბრონქული ასთმის დროს (ნახველის სიბლანტის ზრდის გამო), გლაუკომის გამწვავება, შარდის შეკავება პროსტატის ჰიპერპლაზიის დროს.
  • ტაქიფილაქსია - ანტიჰისტამინური აქტივობის შემცირება ხანგრძლივო მიღებისას.
  • სწრაფი კლინიკური ეფექტი და ხანმოკლე მოქმედება სხვა თაობის პრეპარატებთან შედარებით.

პირველი თაობის ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენებისას მიღებული კლინიკური გამოცდილება საფუძვლად დაედო მეორე თაობის ანტიჰისტამინური საშუალებების სინთეზს. მეორე თაობის ანტიჰისტამინურ საშუალებებს არასედაციურსაც უწოდებენ. მათ თითქმის არ გააჩნიათ სედაციური და ანტიქოლინერგული მოქმედება, ისინი შერჩევითად მოქმედებენ H1 რეცეპტორებზე, თუმცა ამ თაობის ანტიჰისტამინებს სხვადასხვა ხარისხით გამოხატული კარდიოტოქსიკური ეფექტი ახასიათებთ. ზოგადი თავისებურებებიდან უნდა გამოვყოთ:

  • სწრაფი კლინიკური ეფექტი და ხანგრძლივი მოქმედება;
  • მინიმალური სედაციური ეფექტი, თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ ზოგიერთ მეტისმეტად მგრძნობიარე პაციენტს მაინც შეიძლება გამოაჩნდეს მსუბუქი ძილიანობა. ამ შემთხვევაში პრეპარატის მოხსნა იშვიათად ხდება საჭირო;
  • ტაქიფილაქსია;
  • ეკგ-ცვლილებები და გულის რიტმის დარღვევა. ამ გვერდითი ეფექტების აღმოცენების ალბათობა იზრდება, როცა პაციენტი ანტიჰისტამინურ საშუალებასთან ერთად იღებს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატს, მაკროლიდს (ერითრომიცინს, კლარითრომიცინს), ანტიდეპრესანტს,  გრეიპფრუტის წვენს.

მესამე თაობის ანტიჰისტამინური საშუალებები (მეტაბოლიტები) წინა თაობის ანტიჰისტამინური საშუალებების მეტაბოლიტებს წარმოადგენენ. ეკგ-ზე ისინი გავლენას არ ახდენენ. ამჟამად ხელმისაწვდომია ამ თაობის ორი პრეპარატი - ცეტირიზინი და ფექსოფენადინი. ახლა კი პაციენტთათვის კარგად ცნობილი პრეპარატების შესახებ ვისაუბრებთ.

დიმედროლი

დიმედროლი ერთ-ერთი უძველესი პრეპარატია. ახასიათებს სედაციური ეფექტი. მისი გამოყენება შესაძლებელია სრულიად განსხვავებული ალერგიული დაავადებების დროს, თუმცა სედაციური ეფექტი ზღუდავს მის მიღებას, განსაკუთრებით - დღის საათებში. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 10-20 წლის განმავლობაში მრავალი ახალი, უსაფრთხო და ეფექტური პრეპარატი შეიქმნა, ამერიკის შეერთებულ შტატებში დიმედროლს დღესაც ყველაზე ხშირად იყენებენ ალერგიული რინიტის, ურტიკარიის, ქავილის, ანაფილაქსიის დროს, ასევე - გაციებისა და უძილობის შემთხვევაში. გვერდითი ეფექტები (ძილიანობა, აზროვნების გაუარესება, პირის სიმშრალე, შარდვის შეკავება, ყაბზობა) მნიშვნელოვნად ზღუდავს პრეპარატის გამოყენებას. გარდა ამისა, დიმედროლს ხანმოკლე მოქმედება აქვს, რის გამოც აუცილებელია მისი მიღება 4-6 საათში ერთხელ. დიმედროლი და სხვა პირველი თაობის ანტიჰისტამინები სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებისთვის. უმჯობესია, მათი მიღების საკითხი ექიმმა გადაწყვიტოს. იმავე გვერდითი ეფექტის აღმოცენება მოსალოდნელია ბავშვებშიც, თუმცა არ არის გამორიცხული პარადოქსული ეფექტი - აღგზნება, გაღიზიანება, უძილობა.

იწვევენ თუ არა ანტიჰისტამინური პრეპარატები წონის მატებას?

ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არსებობს - ანტიჰისტამინურმა საშუალებებმა მართლაც შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. 2010 წელს ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში დაიბეჭდა სტატია, რომელშიც საუბარია ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებასა და სიმსუქნეს შორის კავშირზე. გამოიკვლიეს 900-მდე პაციენტი, რომლებიც ანტიჰისტამინურ (მათ შორის - თანამედროვე) საშუალებებს იღებდნენ. მათ შორის ჭარბი წონა და სიმსუქნე უფრო ხშირი აღმოჩნდა, ვიდრე იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ასეთი პრეპარატები არ სჭირდებოდათ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სწორედ ანტიჰისტამინური პრეპარატებია ჭარბი წონისა და სიმსუქნის მიზეზი. მკვლევრებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ანტიჰისტამინური პრეპარატები სტრუქტურით უახლოვდება ფსიქიატრიაში გამოყენებულ ზოგიერთ პრეპარატს, რომლებიც წონის მატებას იწვევს. ცნობილია, რომ ანტიჰისტამინური საშუალებები მადას აძლიერებს, რასაც საბოლოოდ, ბუნებრივია, წონის მატებამდე მივყავართ. წონის მატება შეინიშნება თანამედროვე ანტიჰისტამინების მიღების დროსაც, მაგრამ არა ლევოცეტირიზინის (პოლეზინი) პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში. ცნობილია, რომ ძველ ანტიჰისტამინურ პრეპარატს ციპროჰეპტადინს (პერიოტლს) იყენებდნენ როგორც მადის მომგვრელ და წონის მოსამატებელ საშუალებას გამხდარი ბავშვებისთვის, აგრეთვე - სიმსივნით დაავადებული პაციენტებისთვის ქიმიოთერაპიის შემდეგ. არ არის გამორიცხული, რომ ანტიჰისტამინური საშუალებების მიღებისას აღმოცენებული ძილიანობა ფიზიკური აქტივობის დაქვეითებისა და, შესაბამისად, წონის მატების მიზეზი იყოს.

ანტიჰისტამინური პრეპარატები და ორსულობა

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების სამმართველოს მონაცემების თანახმად, ორსულობის დროს არც ერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი არ არის სრულიად უსაფრთხო. ორსულობის პერიოდში მედიკამენტის დანიშვნამდე ექიმი ყოველთვის აფასებს რისკს, რომელიც ახლავს თან კონკრეტული მედიკამენტის მიღებასა თუ მიუღებლობას. წამალს უფრო მეტი სარგებლობა უნდა მოჰქონდეს, ვიდრე ზიანი. დიმედროლი ხშირად გამოიყენება ორსულობის დროს. ის B კატეგორიის პრეპარატია. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევის დროს ნაყოფისთვის საფრთხე არ გამოვლენილა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ადამიანის ნაყოფზე B კატეგორიის მედიკამენტების ზემოქმედება სათანადოდ არ არის გამოკვლეული, შესაბამისად, არ არსებობს მათი უსაფრთხობის გარანტია. ამის გათვალისწინებით, ანტიჰისტამინური პრეპარატი ორსულობისას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა გამოვიყენოთ. დიმედროლის დიდმა დოზამ ან ზედოზირებამ (დოზის გადაჭარბებამ) შეიძლება საშვილოსნოს ნაადრევი შეკუმშვა გამოიწვიოს. სიფრთხილეა საჭირო ორსულობის ბოლო კვირებში პრეპარატის მიღებისას, რადგან ახალშობილებში მოსალოდნელია აღგზნება, გაღიზიანება, გულყრა. დიმედროლი და სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები დედის რძეში მაშინაც კი გადადის, როცა ძალზე მცირე დოზით ვიღებთ. ეს ოდენობა სავსებით საკმარისია ბავშვებში არასასურველი ეფექტების გამოსავლენად. მეორე თაობის ანტიჰისტამინები ცეტირიზინი (ზირტეკი, ზოდაკი, პარლაზინი და ა.შ.) და ლორატადინი (ეროლინი, კლარიტინი, ლომილანი) უფრო ეფექტურნი არიან, ნაკლებ გვერდით მოვლენას იწვევენ და გაცილებით უვნებელნიც არიან ორსულებისა და ბავშვებისთვის.


რომელი ანტიჰისტამინური მოქმედებს სწრაფად?

ერთ-ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ალერგიული რინიტის დროს ცეტირიზინი (ზირტეკი, ზოდაკი, პარლაზინი და ა. შ.) ერთ საათში იწყებს მოქმედებას.

რომელი ანტიჰისტამინური მოქმედებს ყველაზე მე-ტხანს?

ალერგიული რინიტის შემთხვევაში ლიდერი ამ მხრივაც ცეტირიზინი (ზირტეკი, ზოდაკი, პარლაზინი) აღმოჩნდა - მისი ეფექტი 24 საათის განმავლობაში გასტანს, მაშინ, როცა სხვა ხანგრძლივი ანტიჰისტამინურების ეფექტი 21 საათის შემდეგ მცირდება. ავტორიტეტულ ამერიკელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ცეტირიზინი (ზირტეკი, ზოდაკი, პარლაზინი) და ფექსოფენადინი (ტელფასტი, ფექსოფენი, ალერფასტი, ალეგრა, ფექსოფენი, ზეფექსალი) უდავო ლიდერები არიან ანტიჰისტამინურ საშუალებებს შორის, თუმცა ეს ცალკეული ექსპერტების აზრია და არა გამოკვლევების საფუძველზე მიღებული დასკვნა.

რომელი ანტიჰისტამინი იწვევს ყველაზე ნაკლებად ძილიანობას?

არსებული მონაცემებით, დღეს ასეთია ფექსოფენადინი (ტელფასტი, ფექსოფენი, ალერფასტი, ალეგრა, ფექსოფენი, ზეფექსალი). ლორატადინის (ეროლინი, კლარიტინი, ლომილანი) სედაციური ეფექტი მინიმალურია. ცეტირიზინი (ზირტეკი, ზოდაკი, პარლაზინი) სედაციას ასიდან 5-10 შემთხვევაში იწვევს.

ალერგიული დაავადებების სამკურნალო სხვა საშუალებები

გარდა განხილული საშუალებებისა, ალერგიული დაავადებების დროს იყენებენ:

  • მონტელუკასტს (სინგულარი, ლუქსატი, ვანსეარი, აკრეტანი, ზესპირა). ის ბლოკავს ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამომწვევ ქიმიურ ნივთიერებებს - ლეიკოტრიენებს. პრეპარატი ხსნის ალერგიის სიმპტომებს - ცხვირის გაჭედვას, სურდოს, ცემინებას. გვერდითი ეფექტებიდან აღსანიშნავია: მოზრდილებში - ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ბავშვებში - თავის ტკივილი, ყურის ინფექცია, ყელის ტკივილი. გასათვალისწინებელია, რომ ამ ჯგუფის პრეპარატები ზოგიერთ ადამიანში იწვევენ გაღიზიანებადობას, უძილობას, ჰალუცინაციებს, აგრესიას, დეპრესიას, სუიციდურ აზრებს;
  • კრომოლინ ნატრიუმს (ინტალი, ალერგოქრომი და სხვა) - აფერხებს ჰისტამინისა და ალერგიული რეაქციის გამომწვევი სხვა ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას;
  • ადრენალინს. მისი ინექცია ტარდება მძიმე ალერგიული რეაქციის - ანაფილაქსიური შოკის დროს.

რატომ უნდა მივმართოთ ექიმს

ანტიალერგიული მკურნალობისას ექიმის კონსულტაცია აუცილებელია, რათა:

  • თავიდან ავიცილოთ გართულებები ალერგიის მკურნალობისას;
  • შევარჩიოთ შესაფერისი მედიკამენტი;
  • განვიხილოთ ანტიალერგიული მედიკამენტებისა და სხვა საშუალებების ერთდროული გამოყენების საკითხი.

გარდა ამისა, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, თუ პაციენტი:

  • ორსული ან მეძუძური დედაა.
  • აქვს დიაბეტი, გალუკომა ან მაღალი წნევა.
  • ბავშვია. ბავშვებისთვის მედიკამენტის დოზა ასაკისა და წონის მიხედვით შეირჩევა.
  • ხანში შესულია. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია გვერდითი ეფექტები.