რა უნდა ვიცოდეთ მწვავე ალერგიული დაავადებების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ მწვავე ალერგიული დაავადებების შესახებ

- ალერგია თანამედროვე მედიცინის გლობალური პრობლემაა. მრავალრიცხოვანი ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე დადგენილია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 1/3-ზე მეტს აწუხებს ატოპიის ანუ ალერგიისადმი გენეტიკური განწყობის რომელიმე კლინიკური გამოვლინება.

თანამედროვე ყოფაში ქიმიური ნივთიერებების უხვი გამოყენება, არახელსაყრელი ეკოლოგიური ფაქტორები, სტრესული გარემო, კვების თავისებურებანი, თამბაქოს კვამლის უშუალო ზემოქმედება და მრავალი სხვა ეგზოგენური თუ ენდოგენური ფაქტორი მოსახლეობის ალერგიზაციას უწყობს ხელს.

დღესდღეობით ალერგია პოლივალენტური ხასიათისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცალკეული ორგანიზმისთვის საშიშია არა ერთი, არამედ რამდენიმე ალერგენი. ალერგიული დაავადება, როგორც უკვე იცით, არის ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა გარესამყაროს ზოგიერთი ფაქტორის მიმართ, რომლებსაც ის პოტენციურად სახიფათოდ აღიქვამს (თუნდაც რეალურად სახიფათო არ იყოს).

გარდა ჰიპერრეაქციებისა, არსებობს ნორმალური რეაქციებიც. ნორმალური რეაქცია ნორმალური იმუნური პასუხია. იმუნური სისტემა ჩვენს ორგანიზმს უცხო ნივთიერებებისგან იცავს. იმუნური პასუხის მექანიზმი ძალიან რთულია: გამომუშავდება ანტისხეულები, რომელთა ამოცანა ორგანიზმში შეჭრილი ნივთიერებების - ანტიგენების - განეიტრალებაა. თეორიულად ნებისმიერმა იმუნურმა სისტემამ შეიძლება გადააჭარბოს თავის უფლებამოსილებას და სრულიად უვნებელ ნივთიერებებზე იწყოს რეაგირება. სწორედ ეს იწვევს დამანგრეველი ჰიპერრეაქციების ჩართვას. ამ რეაქციებს ჰიპერმგრძნობელობის ან ალერგიული რეაქციები ეწოდება, ხოლო ალერგიული რეაქციის განვითარებაზე პასუხისმგებელ ანტიგენებს - ალერგენები. იმუნიტეტს კარგი "მეხსიერება" აქვს. მას შესწევს უნარი, პირველივე კონტაქტის დროს დაიმახსოვროს უცხო ნივთიერება და მომავალში ამოიცნოს იგი. პირველი შეხვედრისას იმუნიტეტი გამოიმუშავებს სპეციფიკურ ანტისხეულებს, რითაც ანტიგენების გასანეიტრალებლად ემზადება. თუ იგივე ანტიგენი კვლავ მოხვდა ორგანიზმში, იმუნური სისტემა ამოიცნობს მას და უკვე არსებული სპეციფიკური ანტისხეულებით უტევს. ამის გამო ალერგიის მქონე ადამიანს დაავადება ალერგენთან ყოველი კონტაქტის დროს უმწვავდება.

ალერგიული რეაქცია მრავალფეროვანია. მისი ფორმები ერთმანეთისგან გამოვლინებითა და სიმძიმით განსხვავდება, სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება და ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილს მოიცავს.

ალერგიული რეაქცია რომ განვითარდეს, ორი პირობაა საჭირო: გენეტიკური მიდრეკილება და ერთი ან მეტი ალერგენის ზემოქმედება. მწვავე ალერგიის სიმპტომებია:

  • ცხვირცემინება. ცემინებით ორგანიზმი თავს აღწევს გამაღიზიანებელ სუბსტანციებს: მტვერს, ქვიშას და სხვა, - რომლებიც ორგანიზმიდან სეკრეტორულ სითხესთან ერთად გამოიდევნება. ალერგიის დროს ეს რეაქცია გადაჭარბებულია. ცემინების შეტევები გრძელდება დღეების მანძილზე აშკარა მიზეზის გარეშე.
  • სურდო. ალერგიის დროს ცხვირიდან ჩამონადენი, ჩვეულებრივ, გამჭვირვალეა, წყლისმაგვარი, მაშინ, როცა გაციებისას ის მოყვითალო და სქელია. ვითარდება ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, ლორწოვანი სქელდება, რაც ხელს უშლის ცხვირის არხში ჰაერის მოძრაობას. ეს აფერხებს ლორწოს ნორმალურ დენას ან ახდენს მის სრულ ბლოკირებას. ცხვირის მოწმენდის მცდელობა მხოლოდ ართულებს მდგომარეობას.
  • კანისა და თვალების ქავილი. შესაძლოა, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. ქუთუთოები, ჩვეულებრივ, შეშუპებული და გაწითლებულია.
  • გამონაყარი (ჭინჭრის ციება) - უამრავი წვრილი წერტილი კანზე, როგორც ტანის, ასევე სახის ნებისმიერ უბანზე. ჩვეულებრივ, გრძელდება რამდენიმე დღე.

ალერგია შინაურ ცხოველებზე

ალერგენების კონტეინერი ცხოველების ბეწვია. მათზე გროვდება ნერწყვი, შარდი, შრატი (სისხლის ნაწილი), გარქოვანებული ჩამოფცქვნილი კანი, ეპითელიუმი, ექსკრემენტები. ალერგენები ადამიანზე მტვრის შესუნთქვისას ზემოქმედებს. ყველაზე ხშირად გვხვდება ალერგია კატებზე, ცხენებსა და წვრილ მღრღნელებზე.

ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა ბრონქული ასთმა, სურდო, კონიუნქტივიტი; იშვიათია ეგზემა. ადამიანების უმრავლესობას სენსიბილიზაცია საკუთარი შინაური ცხოველის მიმართ უვითარდება; შედარებით იშვიათია სენსიბილიზაცია სხვა ცხოველებთან კონტაქტის დროს.

მკურნალობის საწყის ეტაპად უნდა იქცეს ცხოველის როგორც ალერგენის წყაროს მოშორება, მასთან კონტაქტის შეწყვეტა.

ალერგია სახლის მტვერზე

სახლის მტვერი შედგება სოკოს სპორებისგან, ადამიანისა და შინაური ცხოველის ეპიდერმისისგან, შინაური მწერების ნაწილებისგან, კვერცხებისა და ექსკრემენტებისგან, ბაქტერიებისგან, მცენარის მტვრისგან. სახლის მტვერში ათობით მიკროტკიპაა, რომლებიც ალერგენული აქტივობით გამოირჩევა.

ალერგია მწერის ნაკბენზე

ყველაზე ხშირად ალერგიას იწვევს ფუტკრისა და კრაზანას ნაკბენი. კბენის შემდეგ გაჩენილი პაპულა ჯანმრთელი ადამიანის კანიდან მალე ქრება, სენსიბილიზებულ პირებში კი ადგილობრივი ალერგიული რეაქცია სერიოზულია: წარმოიქმნება მტკივნეული წითელი ბუშტუკი, რომელიც შესაძლოა ორ დღეში გაიზარდოს; ზოგჯერ ვითარდება გენერალიზებული რეაქცია: ჭინჭრის ციება, შეშუპება, ღებინება, ფაღარათი, სურდო, ასთმის შეტევა, ანაფილაქსიური შოკი. თუ ალერგია გაქვთ ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენის მიმართ, გამოიჩინეთ სიფრთხილე: ნუ ივლით ბალახში ფეხშიშველი, დიდხანს ნუ დარჩებით ხეების ახლოს, ერიდეთ მკვეთრ მოძრაობას, როცა ახლომახლო ფუტკარი ან კრაზანაა.

კვებითი ალერგია

კვებითი ალერგიის სურათი მრავალფეროვანია: მუცლის ტკივილი, ღებინება, ფაღარათი, სურდო, ბრონქოსპაზმი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება. ეს სიმპტომები ალერგენის მოქმედებისთანავე ჩნდება. ხშირად გვხვდება ალერგია ძროხის რძეზე, დედის რძეზე, კვერცხის ცილაზე, თევზზე, მოლუსკებზე, ხილსა და ბოსტნეულზე. ხილისა და ბოსტნეულის ალერგენები ხშირად თერმოლაბილურია და კულინარიული დამუშავების შემდეგ იშლება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ბავშვები უფრო და უფრო უკეთ იტანენ განსაზღვრულ საკვებს, თუმცა ცნობილია, რომ, მაგალითად, ალერგია თევზსა და არაქისზე გრძელდება უფრო მეტხანს, ვიდრე ალერგია ძროხის რძეზე ან კვერცხზე. რატომ, გაურკვეველია.


წამლისმიერი ალერგია

საბედნიეროდ, წამლისმიერი ალერგია იშვიათია. იგი წარმოადგენს ორგანიზმის იმუნური რეაქციის შედეგს წამლებზე ან მათ მეტაბოლიტებზე (პროდუქტებზე, რომლებიც ორგანიზმში წამლების გარდაქმნის შემდეგ გამოიყოფა). მაგრამ არ უნდა ავურიოთ წამლისმიერი ალერგია სხვა რეაქციებში: გვერდით მოვლენებში, დოზის გადაჭარბებაში, წამლის აუტანლობასა და ფსევდოალერგიაში.

წამლისმიერ ალერგიებს ყველაზე ხშირად იწვევენ: პენიცილინი და მისი წარმოებულები (მათ შეუძლიათ, ანაფილაქსიური შოკიც კი გამოიწვიონ, თუმცა უმეტესად მხოლოდ გამონაყარი ჩნდება);

დიფტერიისა და ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი (განმეორებითი შეყვანის შემდეგ მოსალოდნელია სახიფათო რეაქციები. წინათ მათ ცხენის სისხლისგან ამზადებდნენ, ამჟამად კი ამზადებენ ადამიანის შრატისგან, რომელიც უკეთ გადაიტანება);

ინსულინი (წინათ მას ღორის ან ვეშაპის კუჭქვეშა ჯირკვლისგან იღებდნენ და ალერგიული რეაქციები ხშირად გვხვდებოდა. ამჟამად ადამიანის ინსულინს იყენებენ).

ატოპიური დერმატიტი

ეს ტერმინი კანისმიერ ალერგიულ გამოვლინებებს გულისხმობს. ეს გამოვლინებები მრავალფეროვანია. აქვე შეგახსენებთ, რომ ატოპია შესაძლოა გამოვლინდეს არა მხოლოდ ატოპიური დერმატიტის, არამედ ბრონქული ასთმისა და ალერგიული რინოკონიუნქტივიტის სახითაც. ამ გამოვლინებებს, პაციენტის ასაკის კვალობაზე, რიგი თავისებურება ახასიათებთ.

დაავადების პირველი სიმპტომები, წესისამებრ, ბავშვთა ეგზემის სახით სამი თვის ასაკში იჩენს თავს. შესაძლოა, ბავშვს კანი გაუწითლდეს ან გამოაყაროს, კანი გამოუშრეს და აექერცლოს. თავდაპირველად ეს ცვლილებები შუბლსა და ლოყებზე ლოკალიზდება, შემდეგ კი თავის თმიან ნაწილსა და ნიკაპზე ვრცელდება.

სამი თვიდან ორ წლამდე ეგზემას შეუძლია დაარღვიოს ძილი და გამოიწვიოს აგზნებადობა, თუმცა ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ იცვლება. ეგზემის მკურნალობა ხანგრძლივია, ხოლო ეფექტურობა - ცვალებადი, ამიტომ ნუ შეადარებთ თქვენს მდგომარეობას სხვისას და ნუ შეიცვლით ექიმს რამდენიმე დღეში ერთხელ!

ბრონქული ასთმა სიმპტომების კომპლექსია. მისი უმთავრესი კომპონენტებია მოხრჩობის შეტევა (სუნთქვის, განსაკუთრებით ამოსუნთქვის გაძნელება), გულმკერდის არეში მსტვენი ხიხინი, მოხრჩობის შეგრძნება ღამით და ფიზიკური დატვირთვის დროს, შეტევითი ხველა. ასთმის შეტევის დროს ხდება ბრონქების სანათურის შევიწროება ბრონქების გლუვი კუნთების სპაზმის, ბრონქების ლორწოვანი გარსის შეშუპების, ბრონქების ჯირკვლების მიერ ჭარბი ლორწოს გამოყოფის გამო. მწვავე ჭინჭრის ციება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება და უმეტესად ალერგიული ბუნება აქვს. მას ხშირად იწვევენ კვებითი ალერგენები, დანამატები და წამლები (ხშირად - ფსევდოალერგიის სახით).

ჭინჭრის ციების განსაკუთრებული ფორმაა კვინკეს შეშუპება. ამ პროცესს ახასიათებს ტუჩების, ქუთუთოების, ლორწოვანის, ზოგჯერ სხეულის სხვა ნაწილების შეშუპებაც. ქავილი არ იგრძნობა, სამაგიეროდ, თავს იჩენს მტკივნეული წვა. კვინკეს შეშუპება სიცოცხლისთვის სახიფათოა: თუ პროცესმა პირისა და ხახის ლორწოვანი ჩაითრია, შეშუპებული ენა და ხახის უკანა კედელი გადაკეტავენ სასუნთქ გზებს და შესაძლოა, მოხრჩობა გამოიწვიონ.

კვინკეს შეშუპება, იგივე ანგიონევროზული შეშუპება, ხშირად თან სდევს ჭინჭრის ციებას, ხშირად კი დამოუკიდებლად ვითარდება. ეს დაავადება დაკავშირებულია სისხლძარღვის კედლის გამავლობის დარღვევასა და შეშუპებასთან. ამ დროს იმატებს არტერიული წნევა, სხეულის ტემპერატურა, ვითარდება შემცივნება, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ზიანდება კანი და კანქვეშა ქსოვილები, ადამიანი შეიგრძნობს სახის დაჭიმვას, ტუჩების, ქუთუთოების, ყურების, ენის გადიდებას. შეშუპება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გასტანს, მერე კი უკვალოდ ქრება.

ჭინჭრის ციებას იწვევს:

  • კვებითი ალერგენები - კვერცხი, თევზი, კაკალი, ხილი;
  • წამლები - პენიცილინი, ჰორმონული საშუალებები, სულფანილამიდები;
  • ჰაერის ალერგენები - მტვერი, ბეწვი;
  • მწერის - ფუტკრის, კრაზანის - ნაკბენი;
  • ინფექცია - ინფექციური მონონუკლეოზი, B ჰეპატიტი.

ანაფილაქსიური შოკი გენერალიზებული ალერგიული რეაქციაა, რომელსაც თან სდევს არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოთა სისხლმომარაგების დარღვევა. ალერგენთან კონტაქტის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი ერთბაშად ვითარდება, ახასიათებს ზოგადი სისუსტე, მოუსვენრობა, შიში, გონების დაკარგვა, თან სდევს თავბრუხვევა, გულისრევა, ღებინება, შემცივნება, ენის, ტუჩების დაბუჟება, სუნთქვის გაძნელება, უნებლიე დეფეკაცია და შარდვა.

მძიმე ანაფილაქსიური შოკი იწვევს სისხლძარღვოვან უკმარისობას (კოლაფსს) და კომას (გონის დაკარგვას), გულის რიტმის დარღვევას, კრუნჩხვას. ანაფილაქსიური შოკის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ალერგენთან კონტაქტის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში, უმეტესად - პირველსავე წუთებში. რაც უფრო ადრე წარმოიშობა ისინი, მით უფრო რთულად მიმდინარეობს ანაფილაქსიური შოკი. ყველაზე ხშირად ანაფილაქსიურ შოკს იწვევს წამლები, მწერის ნაკბენი და საკვები. ანაფილაქსიური შოკის პროგნოზი დამოკიდებულია მის სიმძიმეზე, დროულ დახმარებასა და მკურნალობის ადეკვატურობაზე.

- რას გვეტყვით მწვავე ალერგიული დაავადებების მკურნალობაზე?

- ალერგიის მკურნალობის ძირითადი პრინციპია ალერგენთან კონტაქტის გამორიცხვა (რა თქმა უნდა, მკაფიო დიაგნოზის დასმის შემდეგ). ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპია ამჟამად ერთადერთი მეთოდია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ორგანიზმის დამოკიდებულება ალერგენის მიმართ და ხელი შეუშალოს ალერგიის შემდგომ განვითარებას. ის დიდი ხანია გამოიყენება მთელ მსოფლიოში, მაგრამ დღემდე ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა.

რაც შეეხება მედიკამენტური მკურნალობას: არსებობს ანტიჰისტამინური პრეპარატების ორი თაობა; პირველი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატების მთავარი ნაკლი მათი სედაციური ეფექტია - ძილიანობას იწვევენ; მეორე თაობის ანტიჰისტამინებს სედაციური ეფექტი არ ახასიათებს, ამიტომ დღეს მათ ალერგიის მკურნალობის ოპტიმალურ საშუალებად მიიჩნევენ.

ალერგიის სამკურნალოდ იყენებენ აგრეთვე კორტიკოსტეროიდებს, ბრონქოდილატატორებს, ბალნეოთარეპიას, კინეზოთერაპიას.

- რას გვირჩევთ პროფილაქტიკისთვის ალერგიული დაავადებების დროს?

- ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა, თავი არიდოთ ალერგენთან კონტაქტს ან, უკიდურეს შემთხვევაში, მინიმუმამდე დაიყვანოთ ის. თუ მცენარის მტვერზე გაქვთ ალერგია, უნდა ერიდოთ ბუნების წიაღში სეირნობას, სუფთა ჰაერზე სპორტით დატვირთვას, ქუჩაში ყოფნას დღის იმ მონაკვეთში, როცა ჰაერის ტემპერატურა მაქსიმალურია. უკვე მრავალი ქალაქის ჟურნალ-გაზეთებში ქვეყნდება სხვადასხვა მცენარის ყვავილობის პროგნოზი, ამიტომ შეგიძლიათ, წინასწარ შეიტყოთ, რომელია თქვენთვის ყველაზე სახიფათო დღე და ამ დროს ქუჩაში გამოსვლას მოერიდოთ.

კვებითი ალერგიის მქონე ადამიანები უნდა ერიდონ იმ პროდუქტებს, რომლებიც ალერგიულ რეაქციას იწვევენ. სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის არ ვიცით ამა თუ იმ კერძის შემადგენლობა. ბევრს აქვს ალერგია სოიაზე, რომლისგანაც მრავალი პროდუქტი მზადდება; არაქისი და არაქისის კარაქიც ბევრი მზა პროდუქტის შემადგენლობაში შედის. თუ რომელიმე ფარმაცევტული სუბსტანციის მიმართ გაქვთ ალერგია, თქვენი ექიმი თქვენთვის უსაფრთხო წამალს შეგირჩევთ.

ალერგიული დაავადებების უმრავლესობისთვის საუკეთესო პროფილაქტიკა გარემოს კონტროლი და პირადი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვაა. ეს ეხება საწოლ ოთახსაც. შემოუშვით სახლში სუფთა ჰაერი და მზე, რეგულარულად გადაწმინდეთ მტვერი, პერიოდულად გარეცხეთ გადასაფარებლები, ფარდები და რბილი სათამაშოები, შეზღუდეთ კონტაქტი ცხოველებთან, შეამცირეთ შენობაში ტენიანობა, კარგად გაანიავეთ საწოლი, შეძლებისდაგვარად ხშირად ცვალეთ თეთრეული.

ალერგიის განვითარების რისკის შესამცირებლად რაც შეიძლება მეტხანს აწოვეთ ბავშვს ძუძუ. საკვების შერჩევისას მიმართეთ ექიმს. არ მისცეთ ბავშვს ძროხის რძე და მისგან მომზადებული პროდუქტები. დაბანეთ საბავშვო საპნით. ხუთ თვემდე არიდეთ ცხოველურ ცილას. ალერგიული სინჯების ჩატარებამდე ნუ მისცემთ პომიდორს, ფორთოხალს, მარწყვს, შოკოლადს, კვერცხს და სხვა პოტენციურად ალერგიულ საკვებს. ბავშვის ოთახი ხშირად გაანიავეთ და დაალაგეთ სველი წესით. მოარიდეთ ბავშვი რბილ სათამაშოებს.