როგორ ვმართოთ ალერგია ორსულებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვმართოთ ალერგია ორსულებში

სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ ვეწვიეთ ექიმ ალერგოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს მანანა ჩიქოვანს.

-ქალბატონო მანანა, ხშირად გაგვიგონია, რომ ესა თუ ის დაავადება ორსულობის დროს მძიმდება, ამიტომ ქრონიკული დაავადებების მქონე ქალები დაორსულებასა და მშობიარობას უფ-რთხიან. რა ხდება ალერგიული დაავადებების შემთხვევაში?

- ალერგიისა და ორსულობის თანაარსებობა, რასაკვირველია, საუკეთესო შემთხვევა არ გახლავთ, მაგრამ დადგენილია, რომ ორსულის ორგანიზმში ძლიერდება ჰორმონ კორტიზოლის გამომუშავება, რომელსაც ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს, ამიტომ ორსულებს ალერგია იშვიათად აწუხებთ ან მსუბუქი ფორმით უვლინდებათ. ისეთი სერიოზული დაავადებებიც კი, როგორიც არის ბრონქული ასთმა და ჭინჭრის ციება, ორსულობის დროს შესაძლოა საერთოდ არ გამოვლინდეს. მშობიარობის შემდეგ კორტიზოლის რაოდენობა თანდათან თავდაპირველ დონეს უბრუნდება და ალერგიაც ჩვეულ სახეს იღებს.

თუ პირველი ორსულობისას ალერგიამ საერთოდ არ იჩინა თავი, შესაძლოა, მომდევნო ორსულობებმაც ასევე ჩაიაროს. სამწუხაროდ, არც ის არის გამორიცხული, ალერგია ორსულობის დროს უფრო ძლიერად გამოვლინდეს. ეს გამოწვეულია ქალის იმუნურ სისტემაში მიმდინარე ფიზიოლოგიური ძვრებით და, ამის კვალობაზე, უკვე ცნობილ ან ორგანიზმისთვის უცნობ ახალ ალერგენებზე უფრო აქტიური რეაქციით.

ალერგიული დაავადებებიდან ორსულებში განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება. ორსულობის მეთორმეტე კვირიდან ცხვირის გაჭედვას და სურდოს თითქმის ყოველი მეორე ორსული უჩივის. თუ დადგინდა პირდაპირი კავშირი ალერგენთან (მცენარეების ყვავილობა, სახლში კატის მოყვანა, დიეტაში ცვლილება), ეს იმაზე მიუთითებს, რომ ორსულს ალერგიული რინიტის გამწვავება აქვს. გარდა ამისა, არსებობს კანის ალერგიული მდგომარეობა (ჭინჭრის ციების განსაკუთრებული სახეობა), რომელიც, ჩვეულებრივ, სწორედ პირველი ორსულობის დროს იჩენს თავს. ამრიგად, ორსულობისას ალერგიის მიმდინარეობა შეიძლება სხვადასხვანაირად წარიმართოს: შემსუბუქდეს, გამწვავდეს ან უცვლელი დარჩეს.

- როგორ უნდა მოიქცეს ალერგიული ქალი, რომელსაც შვილის გაჩენა სურს?

- სასურველია, დაორსულებამდე კონსულტაცია ალერგოლოგთან გაიაროს. კომპლექსური ალერგოლოგიური და იმუნოლოგიური გამოკვლევებით და ალერგოლოგიური სინჯებით დადგინდება ალერგიული რეაქციების არსებობა ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ. ეს ქალს საშუალებას მისცემს, ორსულობის დროს მათგან თავი დაიცვას.

ერთ-ერთი გამოკვლევისას მეცნიერებმა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი აღმოაჩინეს: ქალებს, რომლებიც გოგონებზე იყვნენ ორსულად, ატოპიური ბრონქული ასთმა ორჯერ უფრო ხშირად უმწვავდებოდათ, ვიდრე ანალოგიური სიმძიმის ასთმის მქონე მომავალი ბიჭუნების დედებს. ეს იმიტომ, რომ დედის ორგანიზმში ჰორმონული ფონი იმისდა მიხედვით იცვლება, ვინ უზის მუცელში - ბიჭუნა თუ გოგონა.

- შესაძლოა თუ არა, ალერგია დედისგან ბავშვს გადაეცეს?

- თუ დედა ალერგიულია, სავსებით შესაძლებელია (თუმცა არა აუცილებელი), ალერგია ბავშვსაც გამოაჩნდეს. ძალიან იშვიათია, რომ ქალს, რომელიც ადრე ალერგიას არ უჩიოდა, ის სწორედ ორსულობის დროს გამოუვლინდეს. ბავშვის იმუნური სისტემა ალერგენებს დედის ორგანიზმში იმთავითვე ხვდება, მაგრამ ზემგრძნობელობის ჩამოყალიბება (ანუ ნაყოფის ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნა, რომლებიც ალერგენის მომდევნო შეჭრისას ალერგიული რეაქციის პროვოცირებას ახდენს) ხდება მაშინ, როდესაც ნაყოფის იმუნური სისტემა სიმწიფის განსაზღვრულ საფეხურს აღწევს - დაახლოებით მუცლადყოფნის 22-ე კვირას. ამ ეტაპზე ყალიბდება განსაზღვრული ალერგენისადმი მომატებული მგრძნობელობა, დაბადების შემდეგ კი, ალერგენთან ხელახალი შეხვედრისას, ალერგიული რეაქცია იწყება.

- რას გვეტყვით ბრონქული ასთმის შესახებ, როგორ მიმდინარეობს იგი ორსულობისას, მძიმდება თუ არა?

- ბრონქული ასთმა ორსულების 2-3%-ს აღენიშნება, თუმცა უნდა ითქვას, რომ თუ ქალს ადრე ასთმა არ ჰქონია, ორსულობის დროს მისი გამოვლენის ალბათობა მცირეა. იმ ქალებს შორის, რომელთაც ბრონქული ასთმა დაორსულებამდეც ჰქონდათ, სურათი ასეთია: დაახლოებით 25% იმავე მდგომარეობას ინარჩუნებს, რაც ორსულობამდე ჰქონდა, 15% უკეთესობისკენ მიდის, ხოლო 60%-ს მდგომარეობა უმძიმდება.

თუ ასთმა ორსულობამდეც გქონდათ, მის გამწვავებას ორსულობის მე-24-36-ე კვირას უნდა ელოდოთ. ასთმიანი ორსულის იმუნურ სისტემაში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებები ნეგატიურად მოქმედებს როგორც დაავადების, ისე ორსულობის მიმდინარეობაზე. ორსულობის დასაწყისში გამოვლენილი ასთმა შესაძლოა ორსულობის პირველსავე ნახევარში ადრეული ტოქსიკოზის მსგავსად ალაგდეს. ამ დროს პროგნოზი დედისა და ნაყოფისთვის კეთილსაიმედოა.

ორსულობის ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის ყველა ქალი უკეთესობას გრძნობს, მშობიარობის შემდეგ კი სურათი ასეთია: 25% უკეთ ხდება (ავადმყოფები მსუბუქი ფორმით), 50%-ს მდგომარეობა არ ეცვლება, 25%-ს კი უმძიმდება.

გახსოვდეთ, დღეს ბრონქული ასთმა ორსულობის უკუჩვენებას არ წარმოადგენს. მთავარია, დაავადების გამწვავება დროულად გამოვლინდეს და ადეკვატურად გაკონტროლდეს. თუ ორსულობისას დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარება, - ვითარდება ხშირი შეტევები, რომლებიც ასთმურ სტატუსში გადადის, - ქალს სტაციონარში ათავსებენ და სვამენ ორსულობის ვადამდე (37-38-ე კვირამდე) შეწყვეტის საკითხს.

- რა საშიშროებას უქადის ბრონქული ასთმა დედა-შვილს?

- ბრონქული ასთმის შეტევის დროს ქალის ორგანიზმი ჟანგბადს საკმარისი ოდენობით ვერ იღებს. ამ დროს ჟანგბადის ნაკლებობა ანუ ჰიპოქსია შესაძლოა ნაყოფსაც განუვითარდეს. თუ ბრონქული ასთმის შეტევები ხშირი ან ხანგრძლივია, ჰიპოქსია შესაძლოა ნაყოფის ტვინის დაზიანების მიზეზად იქცეს

. გარდა ამისა, ადეკვატური კონტროლის არარსებობა ხშირად იწვევს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხებას, თვით ორსულებში კი გაუკონტროლებელმა ასთმამ შესაძლოა ორსულობის მძიმე გართულება - პრეეკლამფსია გამოიწვიოს.


- დღეს ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტების ფართო არჩევანია, მაგრამ მრავალი მათგანი ნაყოფზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს. რომელი წამლის მიღებაა ნებადართული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის?

- ორსულობისას ნებისმიერი მედიკამენტის მიღებისას სიფრთხილე გვმართებს. არც ალერგიის საწინააღმდეგო წამლებია გამონაკლისი. სრული უსაფრთხოების გარანტიას ვერც ერთი ანტიალერგიული პრეპარატი ვერ მოგცემთ.

I თაობის H2 ბლოკატორები

ორსულებისთვის დიმედროლის გამოყენება ნებადართულია, მაგრამ თუ 50 მგ-ზე მეტი დოზით მიიღეთ, მშობიარობის მოახლოებისას ის შესაძლოა საშვილოსნოს ნაადრევი შეკუმშვების მიზეზად იქცეს.

ფენკაროლი - შეიძლება მიღება ორსულობის მე-12 კვირიდან. შედარებით უსაფრთხოა დიაზოლინი. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი ნაყოფზე აშკარა უარყოფითი ზემოქმედება არ შეინიშნება. თუმცა დიაზოლინის მიღებაც სასურველია უკიდურეს შემთხვევაში, მცირე ხნით, მცირე დოზებით და აუცილებლად ექიმთან შეთანხმებით.

სუპრასტინი - ორსულებს უნიშნავენ მწვავე ალერგიული რეაქციების დროს.

პიპოლფენი - ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.

ალერტეკი - ორსულობის დროს გამოყენება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით შეიძლება, რადგან დადგენილია, რომ ნაყოფზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს.

ტავეგილის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ალერგიული რეაქცია ორსულის სიცოცხლეს საფრთხეს უქადის, სხვა პრეპარატის გამოყენება კი შეუძლებელია.

ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევების მონაცემებით, ტავეგილი ახალშობილებში გულის მანკებსა და თათების დეფექტებს იწვევდა.

II თაობის H2 ჰისტამინბლოკერები

კლარიტინის მიღება ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც თერაპიიის ეფექტი აღემატება პოტენციურ რისკს, ანუ მაშინ, როდესაც დედის ალერგიული მდგომარეობა ნაყოფს უფრო მეტ საფრთხეს უქადის, ვიდრე პრეპარატის მიღება. რისკს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი აფასებს. რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს, წამლის აქტიური ნივთიერება გადადის რძეში, ამიტომ წამლის მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ტერფენადინის მიღების შემდეგ ახალშობილებში წონის დაქვეითება შეინიშნება. ასტემიზოლი ნაყოფზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს.

III თაობის H2 ჰისტამინბლოკერები

მესამე რიგის პრეპარატები წინამორბედებზე უსაფრთხოა. ფექსოფენადინის (ტელფასტი, ფექსადინი) დანიშვნა ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თერაპიის ეფექტი აღემატება პოტენციურ საფრთხეს. ძუძუთი კვება პრეპარატის მიღებისას უნდა შეწყდეს.

- რას გვეტყვით ინტალისა და ჰორმონული პრეპარატების შესახებ, შეიძლება თუ არა ორსულებისთვის მათი მიღება?

- ინტალის მიღება ალერგიული ბრონქული ასთმის პროფილაქტიკის მიზნით ნებადართულია ორსულობის მესამე თვიდან. რაც შეეხება ჰორმონულ პრეპარატებს, მათ მძიმე ფორმის ბრონქული ასთმის დროს იყენებენ. საქმე ის არის, რომ ორსულობის დროს გლუკოკორტიკოიდები უფრო ნაკლებად საშიშია, ვიდრე ჰიპოქსემიის შედეგები.

პრედნიზოლონით მკურნალობა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს.

ბრონქული ასთმის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის განსაკუთრებით ეფექტურია საინჰალაციო გლუკოკორტიკოიდები, რომლებიც სასუნთქ გზებზე ადგილობრივად მოქმედებს (ბეკლომეტაზონი, ბეკოტიდი).

- როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

- მუცლადმყოფი ბავშვის ალერგიული დაავადებების პროფილაქტიკა მეტად მნიშვნელოვანია. პროფილაქტიკური ზომები გულისხმობს ორსულის რაციონში ძლიერ ალერგიული პროდუქტების შეზღუდვას, ხოლო მძიმე შემთხვევებში გამორიცხვას - კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ხომ მთავარი კარიბჭეა ალერგენებისთვის.

ჯანმრთელი ორსულებისთვის ასეთი მძიმე შეზღუდვა, რასაკვირველია, აუცილებელი არ არის. საკმარისია, არ მიირთვან ალერგიული პროდუქტები ყოველდღიურად და ერთდროულად - ხანგამოშვებით მათი რაციონში ჩართვა შეიძლება.

სარისკო პროდუქტებზე უარი უნდა თქვან იმ ქალბატონებმაც, რომლებსაც ერთხელ მაინც ჰქონიათ ამ პროდუქტებზე ამა თუ იმ ტიპის ალერგია.

თუ ქალს აქვს ალერგიული დაავადება: ბრონქული ასთმა, ალერგიული დერმატიტი, ალერგიული რინიტი და სხვა, - მოუწევს, რაციონიდან პროდუქტების მთელი ჯგუფები ამოიღოს. საკვები პროდუქტები ალერგიულობის ხარისხის მიხედვით ამგვარად ნაწილდება:

  • მაღალი ხარისხი - ძროხის რძე, თევზი, ზღვის პროდუქტები, ხიზილალა, კვერცხი, ციტრუსები, კაკალი, თაფლი, სოკო, ქათმის ხორცი, მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, ანანასი, ნესვი, ხურმა, შავი მოცხარი, შოკოლადი, ყავა, კაკაო, მდოგვი, პომიდორი;
  • საშუალო ხარისხი - ღორის ხორცი, წითელი მოცხარი, კარტოფილი, ინდაურის ხორცი, კურდღელი, ფორთოხალი, გარგარი, მწვანე წიწაკა, სიმინდი, შტოში, კომბოსტო;
  • დაბალი ხარისხი - ყაბაყი, პატისონი, თალგამი, გოგრა, ვაშლი, თეთრი მოცხარი, ხურტკმელი, ქლიავი, ცხენის ხორცი, ცხვრის ხორცი, თეთრი ბალი, კიტრი.

- დასასრულ, რას ურჩევთ მომავალ დედებს?

- ორსულისა და მელოგინისთვის არამც და არამც არ შეიძლება სიგარეტის მოწევა. მწეველთა შვილებს ალერგიული დერმატიტისა და ბრონქული ასთმის განვითარების უფრო მაღალი ალბათობა აქვთ.

საშიშია პასიური მოწევაც. რაც შეიძლება მეტი ხანი გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

ბუმბულის ბალიშები და საბნები სინთეტიკურით შეცვალეთ. ბინა ხშირად გაანიავეთ და ყოველდღე დაალაგეთ სველი წესით, კვირაში ერთხელ კი მტვერსასრუტით დაასუფთავეთ ხალიჩები და რბილი ავეჯი, გაბერტყეთ და გაამზეურეთ ბალიშები.

ორსულობის დროს მაინც არიდეთ თავი მტვრის ისეთ ბუდეებს, როგორიც არის ხალიჩები, სურათები, შტორები. მედიკამენტები მიიღეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები. დედის რძე ბავშვისთვის პირველ თვეებში განსაკუთრებით სასარგებლო საკვებია. მასთან ერთად ბავშვს ალერგენების გამანეიტრალებელი ნივთიერებებიც მიეწოდება. ძუძუთი კვების ოთხ თვემდე შეწყვეტა მომავალში ალერგიული რეაქციების სიხშირეს რამდენჯერმე ზრდის.